ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

სასამართლომ ნავალნი გაათავისუფლა


გადაწყვეტილება პროკურატურიდან სასამართლოში შესული აპელაციის საფუძველზე მიიღეს. ნავალნის ქვეყნიდან გასვლა ეკრძალება

რუსული ოპოზიციის ერთ-ერთი ლიდერი, ალექსეი ნავალნი გათავისუფლებულია. რუსული მედიის ცნობით, სასამართლომ პროკურატურის შუამდგომლობა დააკმაყოფილა და გადაწყვეტილება ცნობილი ბლოგერის და ოპოზიციონერის, მოსკოვის მერის კანდიდატის გათავისუფლების შესახებ, აპელაციის საფუძველზე მიიღო. ერთი დღით ადრე, სახელმწიფო ქონების გაფლანგვისთვის რუსეთის სასამართლომ ნავალნის 5 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. იმის მიუხედავად, რომ ნავალნის ქვეყნიდან გაუსვლელობის ხელწერილი დაადებინეს, განაჩენის გამოტანის შემდეგ პატიმრის მეორე დღესვე გათავისუფლება რუსულ სასამართლო სისტემაში ძალზე იშვიათი მოვლენაა.

ნავალნი მის მიმართ განხორციელებულ ქმედებას ლეკვის ან კნუტის ჯერ გაგდებას და შემდეგ სახლში დროებით, ერთი თვით შეშვებას ადარებს. ის სასამართლო განაჩენის მიღმა ხელისუფლების მიერ მისთვის მოსკოვის მერის არჩევნებზე ხელის შეშლის მცდელობას ხედავს და განვითარებული მოვლენების მიუხედავად, მოსკოვში დაბრუნებას და მერის პოსტისთვის საარჩევნო კამპანიის გაგრძელებას გეგმავს.

თეთრმა სახლმა ალექსეი ნავალნის საქმესთან დაკავშირებით განაცხადა, რომ სასამართლოს განაჩენით „ძალზე იმედგაცრუებულია“ და ამ ქმედებას „რუსეთში სამოქალაქო საზოგადოების შევიწროების წინააღმდეგ მიმართულ, ერთ-ერთ ბოლო სიგნალს“ უწოდებს. კეტრინ ეშტონი, ევროკავშირის საგარეო უწყების ხელმძღვანელი, შეშფოთებულია იმით, რომ ნავალნის ბრალდება სასამართლოზე საკმარისი მტკიცებულებებით არ იყო გამყარებული. თავად ნავალნი თავს დამნაშავედ არ ცნობს და აცხადებს, რომ განაჩენი პოლიტიკურად მოტივირებულია და მისი გაჩუმებისთვის და პოლიტიკური კარიერის შეწყვეტის მიზნით არის გამოტანილი.
XS
SM
MD
LG