ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

გაიმარჯვა თუ არა რუსეთმა ვილნიუსში?


შეერთებული შტატების ყოფილი ელჩი საქართველოში კენეტ იალოვიცი ვილნიუსის სამიტის შედეგებს და საქართველოს სამომავლო გამოწვევებს აფასებს

გთხოვთ, დაიცადოთ

No media source currently available

0:00 0:07:16 0:00
ბმული

ბატონო კენეტ, დიდი მადლობა ინტერვიუსთვის. რას ნიშნავს ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების პარაფირება?

პირველ რიგში ძალიან სწრაფად მინდა გითხრათ, რომ საქართველოში საპრეზიდენტო არჩევნების დროს ვიყავი, როგორც საერთაშორისო დამკვირვებელი. ძალიან კმაყოფილი ვარ იმით, რომ თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები ასეთ პროფესიონალურ დონეზე ჩატარდა. ეს საქართველოს დემოკრატიისკენ სვლის ძალიან კარგი დემონსტრირებაა. უკანასკნელი ერთი წლის განმავლობაში ჩატარებული ორი დემოკრატიული არჩევნების შემდეგ ევროკავშირთან ამ ხელშეკრულების პარაფირება ძალიან მნიშვნელოვანი წინ გადადგმული ნაბიჯია. საბოლოო ჯამში, მიღებული ეკონომიკური შეღავათები, ცხადია ძალიან მნიშვნელოვანია, მაგრამ ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხი მაინც ღირებულებებია. საქართველომ მიიღო გადაწყვეტილება გახდეს ევროპის, ევროატლანტიკური თანამეგობრობის ნაწილი, გაიზიაროს მისი ღირებულებები. აი, ამ თემებს უკავშირდება ვილნიუსი. ეს საქართველოსთვის ისტორიული არჩევანი, ისტორიული არჩევანია საქართველოსთვის.

არის თუ არა რაიმე ისეთი, რაც საქართველომ უნდა გაითვალისწინოს უკრაინის მიერ შეთანხმებაზე ხელის მოწერაზე ბოლო მომენტში უარის თქმის შემდეგ?

მე ვისაუბრე იმაზე, რომ საქართველომ საკუთარი არჩევანი გააკეთა. უკრაინას ეს არჩევანი არ გაუკეთებია. უკრაინაში საზოგადოებრივი აზრი თითქმის შუაზეა გაყოფილი - გამოკითხულთა უმრავლესობა ევროპასთან დაახლოების მომხრეა, თუმცა ასევე ძალიან დიდ რაოდენობას რუსეთთან დაახლოება სურს. ის, რაც დღეს კიევის ქუჩებში ხდება იქნება იმის გამოცდა, თუ საით წავა უკრაინა. ევროკავშირში გაწევრიანების საზოგადოებრივი მხარდაჭერა უდავოდ ძალიან ძლიერია, მაგრამ ასევე ბევრი უჭერს მხარს ევრაზიის კავშირში გაწევრიანებასაც. იმედი მაქვს, რომ უკრაინა მალე მიიღებს სათანადო გადაწყვეტილებას ისე, როგორც ეს საქართველომ გააკეთა. საქართველომ უკრაინას ამ მიმართულებით მნიშვნელოვნად გაუსწრო. უკრაინაში მომავალში იმედი არის, მაგრამ არა ამჟამად - ახლა ვითარება ძალიან რთულია.

2008 წელს, ერთი წლით ადრე ვიდრე აღმოსავლეთის პარტნიორობა შეიქმნებოდა ეგრეთ წოდებულ ახალ ევროპელებსა და ძველ ევროპელებს შორის საინტერესო დინამიკა გამოიხატა: აღმოსავლეთ ევროპელებს სურდათ ამ პარტნიორობის შექმნა, დასავლეთ ევროპელები კი - განსაკუთრებით საფრანგეთი და გერმანია - თავს იკავებდნენ, სავარაუდოდ, იმის გამო, რომ პარტნიორობა საბოლოო ჯამში ევროკავშირის წევრობაში გადაიზრდებოდა. თქვენი აზრით, ამ დინამიკას ჰქონდა გავლენა უკრაინის გადაწყვეტილებაზე? შეეძლო თუ არა ევროკავშირს მეტის გაკეთება კიევის დასაინტერესებლად? და ექნება თუ არა ამ ისტორიულ პერსპექტივას გავლენა მომავალში ამ ქვეყნების ევროკავშირში გაწევრიანებაზე?

მე იმასაც გავიხსენებ, რომ ის დინამიკა, რომელიც თქვენ ახსენეთ, მაშინ საქართველოსა და უკრაინის ნატოში გაწევრიანების შესაძლებლობაზეც აისახა. მაშინაც იყო ევროპა დაყოფილი ახალ და ძველ ევროპად და ამან საქართველოს ნატოში გაწევრიანებაში ხელი შეუშალა. ვფიქრობ, უკრაინის მიერ ხელშეკრულებაზე ხელის მოწერის გადაფიქრებამ ბევრ ევროპულ ქვეყანას იმედები გაუცრუა. მე მჯერა, რომ ისინი ყველაფერს გააკეთებენ უკარინის მხარდასაჭერად კიევმა გადაწყვეტილება რომ შეიცვალოს და ხელშეკრულებას ხელი რომ მოაწეროს. არ ვიცი რა ვთქვა ევროპის დაყოფაზე - არ ვარ ევროპის პოლიტიკის ექსპერტი, თუმცა ის ვიცი, რომ უკრაინა ძალიან მნიშვნელოვანი ქვეყანაა. 45 მილიონი ადამიანით ის ძალიან მნიშვნელოვანი ბაზარია, ასევე წარმოადგენს აღმოსავლეთ-დასავლეთ დერეფნის ძალიან მნიშვნელოვან ნაწილს. ევროპაში შეიძლება თავშეკავების ელემენტები არსებობდეს. თავდაპირველად ევროკავშირი ძალიან სწრაფად გაფართოვდა და შეიძლება ჯერ ისევ არის შემორჩენილი ზედმეტად გაფართოების შიში. მაგრამ ამ შემთხვევაში მე ვფიქრობ, რომ ევროკავშირი აღმოსავლეთ პარტნიორობას არ შექმნიდა მისი 6 მონაწილე ქვეყნის ევროპასთან დაახლოება რომ არ სდომოდა. ამასთან, ასეთი სიახლოვე აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებისთვისაც ძალიან მნიშვნელოვანია. მაგალითად, ევროპასთან ეკონომიკური სიახლოვე უკრაინის მთლიან შიდა პროდუქტს 6 პროცენტით გაზრდიდა. საქართველოსთვის ასეთი გათვლები არ მინახავს, მაგრამ ვფიქრობ, რომ შედეგი მსგავსი იქნება.

გეოპოლიტიკურ და გეო-ეკონომიკური გადმოსახედიდან, გახდა თუ არა რუსეთი ვილნიუსის სამიტის უფრო დიდი გამარჯვებული ვიდრე ევროკავშირი?

ეს კარგი შეკითხვაა. მე ვცდილობ საკითხს ამ ჭრილში არ შევხედო. საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ, შეერთებულ შტატებში ყოველთვის ვსაუბრობთ თავისუფალ, მთლიან და ერთიან ევროპაზე. ვიცი, რომ ამერიკის სახელმწიფო მდივანი ჯონ კერიც აქტიურად ცდილობს ამ იდეის განახლებას. ვილნიუსის სამიტს მივიჩნევ, როგორც წინ გადადგმულ მნიშვნელოვან ნაბიჯს. რა თქმა უნდა, ძალიან კარგი იქნებოდა უკრაინასაც რომ მოეწერა ხელი, მაგრამ მიუხედავად ამისა, მაინც დიდი პროგრესი იქნა მიღწეული. საქართველომ და მოლდოვამ მოაწერეს შეთანხმებას ხელი, ასევე გაფორმდა სავიზო რეჟიმის გამარტივების ხელშეკრულება აზერბაიჯანთანაც. მე ღრმად მწამს იმის, რომ სამყარო ერთ დღეში ვერ შეიცვლება და პროცესებს დრო სჭირდება. რუსეთს რაც შეეხება, მოსკოვმა წარმატებას მიაღწია სომხეთთან და უკრაინასთან, მაგრამ ეს არ იყო „რბილი ძალის“ შედეგი, ეს არ იყო იმის გამო, რომ ამ ქვეყნებისთვის ევრაზიის კავშირი მიმზიდველია. ეს სავარაუდოდ, ძალიან დაძაბულ მოლაპარაკებას და ძალით დაყოლიებას უკავშირდებოდა. ევროკავშირი ასე არ იქცევა - ევროკავშირი ქვეყნებს მოდელს, ღირებულებებს სთავაზობს. არ მინდა მოვლენები ნულოვანი ჯამის თამაშის წესებით შევაფასო და ვთქვა, რომ რუსებმა მოიგეს ან წააგეს. ეგ ცივი ომის დროინდელი მიდგომაა.

ელით თუ არა რუსეთისგან საქართველოზე ისეთი ზეწოლის განხორციელებას, როგორიც უკრაინის მიმართ განხორციელდა? საქართველოს პრეზიდენტმა ცოტა ხნის წინ განაცხადა, რომ რუსეთს საქართველოზე ზეწოლის ბერკეტები არ აქვს. ეთანხმებით ამ მოსაზრებას?

ეს კარგი შეკითხვაა, რომელზეც საქართველოს წარმომადგენლები შეშფოთებას გამოხატავენ და ამბობენ, რომ რუსეთისგან იქნება ზეწოლა და საქართველოს და მოლდოვას დასავლეთის აქტიური მხარდაჭერა დასჭირდება. ამას სრულიად ვეთანხმდები. სომხეთსა და უკრაინაზე რუსეთის ზეწოლა იმის სიგნალია, თუ რას შეიძლება ელოდეს საქართველო. ამიტომაც დასავლეთის მხარდაჭერა კრიტიკული იქნება. ამასთან, ვფიქრობ, რომ საქართველოზე რუსეთის ზეწოლა შეზღუდული იქნება.
მავთულხლართების გავლება, რა თქმა უნდა, ძალიან აგრესიული ნაბიჯია, მაგრამ, ჩემი აზრით, ის ვერ აიძულებს საქართველოს მთავრობას მიმართულების შეცვლას. მე თუ მკითხავთ, ეს რუსეთის მხრიდან სისუსტის მაგალითია იმის გამო, რომ ამით იმის დემონსტრირება ხდება, რომ „რბილი ძალა“ არ აქვთ და რეალური ძალის გამოყენება სჭირდებათ. საბოლოო ჯამში, მე ეს ეს თვითდამარცხების ნიშანია მგონია. ასევე, იმის გამო, რომ აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში რუსეთის სამხედრო ოკუპაცია გრძელდება, ვერ ვხედავ ზეწოლის დამატებით მექანიზმებს.
კიდევ ერთი რამ... მიუხედავად იმისა, რომ ბოლო ერთი წლის განმავლობაში საქართველოში კოჰაბიტაცია რთულად მიდიოდა, ორივე პარტიამ ევროპისადმი ერთგულება შეინარჩუნა და არ გამოიკვეთა უთანხმოება ამ შეთანხმების ხელმოწერის დროს. ეს საქართველოსთვის ძალიან მნიშვნელოვანი მიღწევაა. მიუხედავად იმისა, რომ ქვეყნის შიგნით ასეთი პოლარიზებული პოზიციები არსებობს, ორივე მხარე ევროპაში გაწევრიანების მომხრეა. ეს შეხედულება საქართველოს მოსახლეობაზეც აისახება.

თქვენი აზრით, რა გამოწვევების გადალახვა მოუწევს საქართველოს აღმოსავლეთ პარტნიორობის მომავალ სამიტამდე, რომელიც 2015 წელს რიგაში გაიმართება?

ამ სფეროში ექსპერტი არ ვარ, მაგრამ ის ვიცი, რომ საქართველოს პარლამენტს მოუწევს არაერთი კანონისა და რეგულაციის მიღება - მაგალითად, ტარიფების საბაჟო სამსახურის, სტანდარტების, ჯანდაცვის საკითხების გადახედვა.
კიდეც ერთი ფაქტორი იქნება ძალიან მნიშვნელოვანი. საქართველოში პოლარიზებულ პოლიტიკურ სიტუაციაზე ვისაუბრე. ეს მე პირადადაც ვნახე. იმედია, არჩევნები დასრულების შემდეგ, პოლარიზაციაც შემცირდება. ახალი პრეზიდენტი, რომელსაც ჯიპადან კარგად ვიცნობ, კარგად გაართმევს საქმეს თავს. ასევე კარგად იმუშავებს პრემიერ მინისტრიც - თუმცა, ცხადია, მას გამოცდილების მიღება დასჭირდება. ძალიან მნიშვნელოვანი იქნება კარგად მომუშავე დემოკრატიული პარლამენტი და ლოიალური ოპოზიცია. უმრავლესობამ ოპოზიციას პატივი უნდა სცეს. დებატებსა და კამათზე დრო უნდა დაიხარჯოს, მაგრამ არა ოპონენტი პარტიის წინააღმდეგ საშინელი ბრალდებების წაყენებაზე. როცა ამ შეთანხმების ხელმოწერაზე მიდგება საქმე ხალხი ქართული დემოკრატიის ხარისხს შეხედავს. არჩევნების დემოკრატიულად ჩატარება კარგია, მაგრამ როგორ გაგრძელდება ეს ყველაფერი ძალიან მნიშვნელოვანი იქნება.

ზოგიერთ დასავლურ ქვეყანაში საქართველოში უკანასკნელ პერიოდში მომხდარი დაკავებები პოლიტიკურად მოტივირებულად შეფასდა. თუ ეს შეხედულებები გაგრძელდა, ან უფრო მეტიც, დაპატიმრებულ იქნა პრეზიდენტი სააკაშვილი, თქვენი აზრით, ევროკავშირი საქართველოს წაუყენებს იგივე მოთხოვნებს, როგორებით უკრაინას ტიმოშენკოს გათავისუფლებასთან დაკავშირებით წაუყენა?

ევროკავშირის პოლიტიკაზე ვერაფერს გეტყვით, მაგრამ ჩემი აზრით, პრეზიდენტი სააკაშვილი რომ დააპატიმრონ და დაკითხონ, ამას არც ევროპაში და არც ამერიკაში დადებითად არ შეხედავენ. მიუხედავად იმისა, რომ ვიცით, რომ იყო სერიოზული პრობლემები. ყოფილი პრეზიდენტის დაკავების და გასამართლების იდეა დემოკრატიულ სისტემაში კარგი პრეცედენტი არ არის. ისე შეფასდება თუ არა ეს მოვლენა, როგორც ტიმოშენკოს შემთხვევა შეფასდა არ ვიცი, მაგრამ ძალიან ცუდი პრეცედენტი იქნება. იმედი მაქვს ეს არ მოხდება.
XS
SM
MD
LG