ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

კიბერ-შეტევის საფრთხე აშშ-ში


ლეონ პანეტა
ლეონ პანეტა

ლეონ პანეტას განცხადებით, კიბერ შეტევებმა შესაძლოა ამერიკის მთავრობის და ფინანსური სისტემების პარალიზება გამოიწვიოს

შეერთებული შტატების თავდაცვის მდივნის ლეონ პანეტას განცხადებით არსებობს კიბერ-შეტევის საფრთხე, რომელიც ამერიკის მთავრობის და ფინანსური სისტემების პარალიზებას გამოიწვევს.
ეს განცხადება ლეონ პანეტამ ამერიკელი კანონმდებლების წინაშე გამოსვლისას გააკეთა, რომლებსაც თავდაცვის ბიუჯეტის შემდგომი შემცირებისგან თავშეკავებისკენ მოუწოდა.
პენტაგონი უკვე დათანხმდა მომავალი 10 წლის განმავლობაში ბიუჯეტი 450 მილიარდი დოლარით შეემცირებინა. სეკვესტრის მექანიზმის ავტომატური ამოქმედება შეერთებული შტატების თავდაცვის ბიუჯეტს დამატებით 500 მილიარდი დოლარით შეამცირებს.
თავდაცვის მდივანი ლეონ პანეტა და გაერთიანებული შტაბების უფროსი გენერალი მარტინ დემპსი სენატში ამ შემცირებების წინააღმდეგ გამოვიდნენ, რაც მათი აზრით ავღანეთში მიმდინარე სამხედრო ოპერაციებზეც იქონიებს უარყოფით გავლენას.

ლეონ პანეტას განცხადებით, ბიჯეტის შემცირება ამერიკის თავდაცვისუნარიანობას მნიშვნელოვნად დააზარალებს. მისი თქმით:“ გარანიატას გაძლევთ, რომ ეს ყოველივე მძიმე დარტყმას მოგვაყენებს და ეროვნული თავდაცვის სისტემას მოშლის. მე მგონი ყველას გესმით, რომ თავდაცვის ბიუჯეტის სეკვესტრი მიუღებელია და ამ რთული სიტუაციიდან გამოსავალს იპოვით, რათა თავიდან ავირიდოთ კიდევ უფრო დამანგრეველი მოვლენები.“
შეერთებული შტატების თავდაცვის მდივანმა გააფრთხილა ამერიკელი კანონმდებლები ამერიკის საინფორმაციო სისტემებზე მოსალოდნელი კიბერ-შეტევის შესახებ, რომელსაც იმგვარი ზიანის მოტანა შეუძლია, როგორც 1941 წელს პერლ ჰარბორზე იაპონელთა თავდასხმამ მიაყენა შეერთებულ შტატებს.
ლეონ პანეტას განცხადებით, ამერიკის მტრები ყოველდღიურად ასობით კიბერ-თავდასხმას ანხორციელებენ სახელმწიფოს სასიცოცხლო სისტემებზე. მისი თქმით:“ მე ძალზე შეშფოთებული ვარ პოტენციური კიბერ-თავდასხმის გამო, რომელსაც შეუძლია ჩვენი სახელმწიფოს მართვის სისტემების მწყობრიდან გამოყვანა, ფინანსური სისტემის მოშლა და ქვეყნის პარალიზება. ეს შესაძლოა მეორე პერლ ჰარბორი გახდეს.“
ამერიკელი სამხედროები შეშფოთებას არ მალავენ საბიუჯეტო შემცირებების ფონზე ავღანეთში ნატოს ჯარების მომარაგებასთან დაკავშირებით შექმნილი პრობლემების გამო, რადგან პაკისტანის ალტერნატიული გზების გამოყენება, ლეონ პანეტას განცხადებით, შეერთებულ შტატებს ყოველთვიურად დამატებით 100 მილიონი დოლარი უჯდება.
XS
SM
MD
LG