რესპუბლიკელი სენატორები აცხადებენ, რომ ღრმად არიან შეშფოთებული პრეზიდენტ ობამას ადმინისტრაციის იმ პირველადი ანგარიშებით, რომელიც ლიბიის ქალაქ ბენღაზიში ამერიკის საკონსულოზე მომხდარ თავდასხმას შეეხებოდა. როგორც „ამერიკის ხმის“ კორესპონდენტი მაიკლ ბომანი იუწყება, სენატორებმა გაეროში ამერიკის ელჩი სიუზან რაისი თავდასხმის შემდეგ გაკეთებული განცხადების გამო კრიტიკის ქარცეცხლში გაატარეს.
სიუზან რაისი იმედოვნებდა, რომ კაპიტოლიუმის შენობაში მისი ოპონენტების მხრიდან კრიტიკა შედარებით შერბილებული იქნებოდა. თუმცა, მისი იმედები არ გამართლდა.
„მე ეხლა უფრო მეტად ვარ აღშფოთებული ვიდრე აქამდე,“ - განაცხადა სენატორმა ლინდსი გრამმა. მისი თქმით, ელჩთან გამართული შეხვედრის დროს უფრო მეტი კითხვა წარმოიშვა ვიდრე პასუხები მიიღეს. მის კოლეგას დაეთანხმა სენატორი ჯონ მაკეინიც.
„ცხადია, რომ მან ამერიკელ ხალხს მცდარი ინფორმაცია მიაწოდა,“ - განაცხადა მაკეინმა.
ბენღაზიში მომხდარი თავდასხმიდან ხუთი დღის შემდეგ, რაისმა განაცხადა, რომ პირველადი სადაზვერვო ცნობებით ეს იყო სპონტანური დემონსტრაცია, რომელმაც მძიმედ შეიარაღებული პირები მოიზიდა. თუმცა, ამის შემდეგ, ობამას ადმინისტრაციამ თავდასხმა ტერორისტულ აქტად შეაფასა.
„ეს განცხადება მოწყვეტილი იყო რეალობისგან. თუკი, ვინმე ლიბიიდან მომავალ საფრთხეს შეხედავს, ცხადად დარწმუნდება, რომ ეს იყო ალ-ყაიდას მიერ განხორციელებული შეტევა,“ - განაცხადა სენატორმა გრამმა.
ელჩი სიუზან რაისი შეხვედრის შემდეგ სენატორებთან ერთად აღარ გამოჩენილა. თუმცა, მან გაავრცელა განცხადება შეხვედრის შესახებ. მისი თქმით, ის პირველადი ინფორმაციები, რომელიც მან თავდასხმის შემდეგ მიიღო, არ იყო სწორი, რასაც დაეფუძნა მისი განცხადებები მომხდარი თავდასხმის შესახებ.
„როდესაც ბენღაზიში მომხდარ თავდასხმაზე ვსაუბრობდი, მე ვეყრდნობოდი მხოლოდ იმ ინფორმაციას, რომელიც მომაწოდა სადაზვერვო თანამეგობრობამ. მე ნათლად განვაცხადე, რომ ეს ინფორმაცია იყო წინასწარი და ზუსტ პასუხებს მოგვცემდა გამოძიების შედეგები. სადაზვერვო თანამეგობრობაში ყველამ იმუშავა პატიოსნად, რათა მიგვეღო შესაძლო ინფორმაციებზე დაყრდნობილი ზუსტი შეფასებები,“ - განაცხადა სიუზან რაისმა.
თვის დასაწყისში, სენატორებს მაკეინს და გრამმს მათი კოლეგა კელი აიოტიც შეუერთდა და სამივემ ბენღაზიში მომხდარი თავდასხმის შესახებ სპეციალური მოსმენების გამართვა მოითხოვა.
სიუზან რაისთან გამართული შეხვედრის შემდეგ, სენატორმა აიოტმა განაცხადა, რომ მოსმენების დროს ელჩისგან მიღებული ინფორმაცია „აბსოლუტურად მცდარი იყო.“
სიუზან რაისს სახელმწიფო მდივნის პოსტზე ჰილარი კლინტონის შემცვლელად მოიაზრებენ. სამივე სენატორმა განაცხადა, რომ ისინი რაისის კანდიდატურას მხარს არ დაუჭერენ.