ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ამერიკელები კონგრესს კომპრომისზე წასვლას თხოვენ


ფოტოზე (ცენტრში): წარმომადგენელთა პალატის სპიკერი, ჯონ ბოენერი
თუ წლის ბოლომდე ამერიკის კონგრესი ქვეყნის ბიუჯეტზე ვერ შეთანხმდა, სახელმწიფო დანახარჯების ავტომატური შეკვეცა დაიწყება. ამ პროცესს მძიმე ეკონომიკური შედეგები მოჰყვება, რის გამოც მას „ფისკალური უფსკრული“ დაარქვეს.

ბიუჯეტის თემა პრეზიდენტმა აზიური ტურნეს განმავლობაშიც არაერთხელ ახსენა და ტაილენდის დედაქალაქ ბანკოკთან ერთ-ერთ მონასტერში სტუმრობისას, მან ბუდის ბერსაც კი უთხრა, რომ კრიზისის გადასაჭრელად ბევრი ლოცვა სჭირდება.

ვირჯინიის უნივერსიტეტის პოლიტიკური ანალიტიკოსი, ლერი საბატო ამბობს, რომ მადლიერების დღის მერე სამუშაოზე დაბრუნებისთანავე, კონგრესმენებს მოკლე ვადაში ბევრი საქმის გაკეთება მოუწევთ:

„მასობრივი ვალის საკითხი უნდა გადავჭრათ, პრეზიდენტი ბუშის დროს მიღებული საგადასახადო შეღავათები ან უნდა გავაგრძელოთ ან უნდა შევწყვიტოთ, და რაც მთავარია უნდა გადავლახოთ სეკვესტრაციის საფრთხე.“

თუ პრეზიდენტი და კონგრესი ბიუჯეტზე ვერ შეთანხმდნენ, სეკვესტრაცია 1 იანვარს დაიწყება და საბიუჯეტო დანახარჯები ავტომატურად შეიკვეცება ყველა სამთავრობო სტრუქტურაში, თავდაცვის დეპარტამენტის ჩათვლით. გარდა ამისა, 1 იანვარს ვადა გასდის პრეზიდენტი ბუშის მიერ მიღებულ კანონს, რომელიც ამერიკელებს საგადასახადო შეღავათებს უწესებს.

ამერიკელების დიდი ნაწილი შეშფოთებულია კარს მომდგარი კრიზისით. ვაშინგტონში ჩამოსული ტურისტი, ჯონ დევისი ამბობს:

„ძალიან ვნერვიულობ. ვფიქრობ, რომ კონგრესის წევრებმა საქმეს თავი უნდა მოაბან და საკუთარი მოვალეობის შესრულება დაიწყონ.“

პატი კეფერი შვილებთან ერთად სტუმრობდა კაპიტოლიუმს: „იმედი მაქვს, რომ რაღაც გამოსავალს ნახავენ. მინდა, რომ ჩემს შვილებს ნათელი მომავალი ჰქონდეთ და წარმატებულ ქვეყანაში გაიზარდონ.“

პრეზიდენტი ობამა და მისი დემოკრატი მოკავშირეები უკვე დიდი ხანია ითხოვენ მდიდარი ამერიკელებისთვის საგადასახადო განაკვეთის გაზრდას. ეს ქვეყნის დეფიციტს მნიშვნელოვნად შეამცირებს. რესპუბლიკელები გადასახადების მომატების კატეგორიული წინააღმდეგი არიან და პრეზიდენტს გარკვეული სოციალურ და სხვა სამთავრობო პროგრამების შეკვეცას სთხოვენ. დემოკრატებს ამ პროგრამების შეკვეცა არ სურთ.

დევიდ ჰოკინსი პოლიტიკური ანალიტიკოსია. ის ამბობს, რომ სირთულეების მიუხედავად, ნოემბრის არჩევნების შემდეგ კანონმდებლებმა ბიუჯეტთან დაკავშირებით აზრი შეიცვალეს:

„ამჟამად ქვეყანაში ზოგადი ოპტიმიზმი შეიმჩნევა. პრეზიდენტი და კონგრესის დემოკრატები ამბობენ, რომ პრეზიდენტ ობამას მეორე ვადით არჩევა ამერიკელი ხალხის მიერ პრეზიდენტისთვის მანდატის მიცემის ტოლფასი იყო, გაეგრძელებინა არსებული ეკონომიკური და სოციალური პოლიტიკა. ამერიკელები მიესალმებიან იმას, რომ მდიდარმა მოქალაქეებმაც იგივე განავეთით იხადონ გადასახადები, როგორითაც საშუალო ფენა იხდის.“

მოგეხსენებათ, ამჟამად მდიდარ ამერიკელებს საშუალო ფენასთან შედარებით, გაცილებით დაბალი საგადასახადო განაკვეთი აქვთ. პრეზიდენტ ობამას თანასწორი განაკვეთის მისადაგება სურს ყველა ფენის წარმომადგენლისთვის, რასაც რესპუბლიკელები ეწინააღმდეგებიან. ისინი მდიდრების დაბალი განაკვეთით დაბეგრვას ემხრობიან იმ პრინციპით, რომ რაც უფრო მეტი შემოსავალი ექნებათ, მათ მით უფრო მეტი ინვესტიციის გაკეთებას და შესაბამისად მეტი სამუშაო ადგილის შექმნას შეუწყობენ ხელს.

იმის გამო, რომ რესპუბლიკელებს და დემოკრატებს თანაბრად აშფოთებთ „ფისკალური უფსკრული“ და დანახარჯების ავტომატური შეკვეცა, სავარაუდოდ, ისინი სესიის განახლების შემდეგ, კომპრომისზე წასვლაზე უარს არ იტყვიან.
XS
SM
MD
LG