ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ამერიკაში მოგზაურობის მსურველებისთვის შეზღუდვები არ მოიხსნება


ამერიკის შეერთებული შტატები საერთაშორისო ტურისტებისთვის დაწესებულ შეზღუდვებს "ამ ეტაპზე" არ ხსნის. ინფორმაცია "როიტერს" თეთრი სახლის ოფიციალურმა წარმომადგენელმა მიაწოდა. ეს ნიშნავს, რომ 2020 წლიდან დაწესებული შეზღუდვები, რომლებიც მსოფლიოს უმეტეს ნაწილს ამერიკაში შემოსვლის უფლებას არ აძლევდა, კვლავ ძალაში რჩება და უახლოეს მომავალში არ გაუქმდება.

მიზეზად გავრცელების მაღალი დონით გამორჩეული კორონავირუსის დელტა ვარიანტი სახელდება. "დელტა ვარიანტის გამო, შინ [ინფიცირების] შემთხვევები იზრდება, განსაკუთრებით მათში, ვინც აცრილი არ არის და ჩანს, რომ ზრდა მომავალ კვრირებშიც გაგრძელდება" - განაცხადა თეთრი სახლის წარმომადგენელმა.

დღეს შტატებში შესვლა ეკრძალება ამერიკის არამოქალაქეთა უმეტეს ნაწილს, ვინც ბოლო 2 კვირის მანძილზე იმყოფებოდა გაერთიანებულ სამეფოში, შენგენის ზონის 26 ქვეყანაში, ირლანდიაში, ჩინეთში, ინდოეთში, სამხრეთ აფრიკაში, ირანში და ბრაზილიაში.

2020 წლის იანვარში, კოვიდ-19-ის გავრცელების პრევენციის მიზნით, მოგზაურობაზე შეზღუდვა პირველად ჩინეთს დაუწესდა. ვაშინგტონმა შემდეგ სია გაზარდა და მასში სხვა ქვეყნებიც შეიყვანა. ყველაზე ბოლოს სიას ამ წლის მაისში ინდოეთი დაემატა. გასულ კვირას გაირკვა, რომ ამერიკა სახმელეთო საზღვარს კვლავ ჩაკეტილს დატოვებს ორივე მოსაზღვრე სახელმწიფოსთან, კანადასთან და მექსიკასთან.

ვაშინგტონის გადაწყვეტილება ამერიკულ ავიაციაში პანდემიით შექმნილ პრობლემებს კიდევ უფრო გააღრმავებს. ძლიერ დაზარალდება ტურიზმის ინდუსტრიაც, რომელიც ზაფხულში დიდწილად ევროპიდან და მსოფლიოს სხვა ქვეყნებიდან ჩამოსულ ტურისტებს ეყრდნობოდა. ამერიკული ავიაკომპანიების ლობისტები ბოლო თვეების მანძილზე შეზღუდვების მოხსნას თეთრ სახლში ინტენსიურად ლობირებდნენ.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG