ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

დელტა ვარიანტი 83%-ით დომინირებს ამერიკაში


ლოს-ანჯელესის შენობებში ისევ ნიღბების ტარებას ითხოვენ. საგრაფოში 10 მილიონამდე მოსახლეა.
ლოს-ანჯელესის შენობებში ისევ ნიღბების ტარებას ითხოვენ. საგრაფოში 10 მილიონამდე მოსახლეა.

ამერიკაში კორონავირუსის დელტა ვარიანტი ახლადინფიცირებულთა დაახლოებით 83%-ს აქვს, მაშინ, როცა წინა კვირაში დელტას წილი სულ 50%-ს შეადგენდა. განცხადება სამშაბათს შეერთებული შტატების დაავადებათა კონტროლის და პრევენციის ცენტრმა გაავრცელა.

"კოვიდ-19-ის ვარიანტების გამრავლების პრევენციის საუკეთესო გზა დაავადების გავრცელების შეზღუდვაა, და ვაქცინაცია ჩვენს ხელთ არსებული ყველაზე ძლიერი იარაღია" - თქვა როშელ ვალენსკიმ, დაავადებათა კონტროლის და პრევენციის ცენტრის დირექტორმა სამშაბათს, სენატში გამართულ მოსმენაზე.

დელტა ვარიანტი გაცილებით იოლად ვრცელდება, ვიდრე კორონავირუსის ორიგინალური, ან თუნდაც მოგვიანებით ნაპოვნი კოვიდ-19-ის ვარიანტები. ის პირველად ინდოეთში მომხდარი პანდემიის აფეთქების დროს იპოვეს.

ორშაბათს, შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტმა ამერიკელებს მოუწოდა, ბრიტანეთში მოგზაურობისგან თავი შეიკავონ. მიზეზი - გაერთიანებულ სამეფოში კოვიდ-19-ის შემთხვევების სწრაფი ზრდაა, რომელთა შორის დელტა ვარიანტი დომინირებს.

სახელმწიფო დეპარტამენტმა ბრიტანეთში მოგზაურობაზე გაფრთხილების მაჩვენებელი უმაღლეს დონეზე აწია. რამდენიმე საათით ადრე, იგივე ნაბიჯი გადადგა შეერთებული შტატების დაავადებათა კონტროლის და პრევენციის ცენტრმა.

თუკი ბრიტანეთში მოგზაურობა გადაუდებელ საჭიროებას წარმოადგენს, ამერიკელებს მოუწოდებენ იქ სრულად აცრილები გაემგზავრონ. ეს ზუსტად იმ დღეს დაემთხვა, როცა ბრიტანელი ხალხი ე.წ. თავისუფლების დღეს ზეიმობდა, საკარანტინო შეზღუდვების თითქმის სრულად მოხსნას.

კანადამ კი ორშაბათს განაცხადა, რომ 9 აგვისტოდან ამერიკის მოქალაქეების და ლეგალური რეზიდენტებისთვის საზღვარს გახსნის. ოღონდ, კანადაში დაიშვებიან მხოლოდ სრულად აცრილი ამერიკელები, ან ისინი, ვისაც კოვიდ-19-ის ტესტზე ბოლო 72 საათის განმავლობაში უარყოფითი პასუხი ექნება. კანადა სხვა ქვეყნებიდან ჩამოსულ სრულად აცრილ ვიზიტორებს საზღვრებს 7 სექტემბრიდან გაუხსნის.

ორშაბათსვე, შეერთებულმა შტატებმა ძალაში დატოვა საგანგებო მდგომარეობა, რომელიც კოვიდ-19-ის გავრცელებასთან დაკავშირებით, 2020 წლის იანვარში გამოცხადდა. კანონის ძალის მქონე დეკლარაციის განახლება მას შემდეგ ყოველ 90 დღეში ხდება.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG