ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ბორჩევსკაია: თურქეთი სირიის თემას შიდა მიზნებისთივს იყენებს


ირანის პრეზიდენტი ჰასან როჰანი, რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი და თურქეთის პრეზიდენტი რეჯეპ ტაიპ ერდოღანი
ანა ბორჩევსკაია, ვაშინგტონის ახლო აღმოსავლეთის პოლიტიკის კვლევის ინსტიტუტი
ანა ბორჩევსკაია, ვაშინგტონის ახლო აღმოსავლეთის პოლიტიკის კვლევის ინსტიტუტი

ამერიკის შეერთებული შტატების, დიდი ბრიტანეთის და საფრანგეთის მიერ სირიის ქიმიური იარაღის ობიექტებზე მიტანილი საჰაერო იერიში სამი სამიზნის განადგურებით 17 წუთში დამთავრდა. სამხედრო ოპერაციის შედეგად მსხვერპლი არ დასტურდება. იერიში იყო მოკლე, მაგრამ მას გავლენა მსოფლიოს მასშტაბით ჰქონდა ქვეყნებზე თუ პროცესებზე. როგორ ხედავს თურქეთი ამერიკას ამ ოპერაციის შემდეგ, რა როლი აქვს ანკარას ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე პროცესებში და რამდენად მყარია რუსეთ-თურქეთ-ირანის ალიანსი? ამ თემებზე „ახლო აღმოსავლეთის პოლიტიკის ინსტიტუტის“ მკვლევარს ანა ბორჩევსკაიას ია მეურმიშვილი ესაუბრა.

ამერიკის, დიდი ბრიტანეთისა და საფრანგეთის მიერ სირიის ქიმიური იარაღის ობიექტების დაბომბვას თურქეთის მთავრობის მაღალჩინოსნები დადებითად გამოეხმაურნენ. ამერიკა-თურქეთის დაძაბული ურთიერთობის ფონზე, როგორ ხსნით ამას?

უნდა გვახსოვდეს, რომ თურქეთი ძალიანაა დაყოფილი. უკანასკნელი გამოკითხვების თანახმად, ერდოღანს მოსახლეობის ზუსტად ნახევარი უჭერს მხარს. ასე რომ, ამ ეტაპზე შიდა მიზნებისთვის ქურთების თემა ყველაზე მნიშვნელოვანია.
ანა ბორჩევსკაია

ჩემი პირველი რეაქცია იმ ფაქტს უკავშირდება, რომ [თურქეთის პრეზიდენტ რეჯეპ ტაიპ] ერდოღანს ხელისუფლებიდან ასადის წასვლა თავიდანვე სურდა. მან პოზიცია რამდენიმე წლის წინ შეიცვალა. რუსეთიდან მომდინარე ზეწოლის და თურქეთის იზოლაციის ფონზე, იფიქრა, რომ სხვა არჩევანი არ ჰქონდა გარდა იმისა, რომ ასადთან დაკავშირებით რუსეთის პოზიცია გაეზიარებინა. სინამდვილეში, თურქეთს ასადის ხელისუფლებაში დარჩენა არ სურს. სწორედ ამას ვუკავშირებ [სირიაზე იერიშის მიმრთ] მათ დადებით დამოკიდებულებას.

რას ფიქრობთ თურქეთის სტრატეგიაზე სირიაში? ახლა ჩანს, რომ ანკარას ასადის მმართველობის დამთავრება და სირიაში ქურთების შესუსტება სურს. თუმცა, გრძელვადიანი სტრატეგია არ იკვეთება.

ის, რომ მათ გრძელვადიანი სტრატეგია არ აქვთ, ვფიქრობ, სიმართლეა. ქურთების თემა სინამდვილეში მნიშვნელოვანი შიდა მიზნებისთვისაა. აფრინში ბოლო დროს განხორციელებული ოპერაციების მიზანი ქვეყნის შიგნით ტერორიზმის შიშის გარშემო ხალხის მხარდაჭერის მობილიზება იყო. უნდა გვახსოვდეს, რომ თურქეთი ძალიანაა დაყოფილი. უკანასკნელი გამოკითხვების თანახმად, ერდოღანს მოსახლეობის ზუსტად ნახევარი უჭერს მხარს. ასე რომ, ამ ეტაპზე შიდა მიზნებისთვის ქურთების თემა ყველაზე მნიშვნელოვანია.

ცოტა ხნის წინ პუტინი, ერდოღანი და როჰანი სტამბოლში შეხვდნენ ერთმანეთს სირიაში მშვიდობის დასამყარებლად გეგმის შემუშავების მიზნით. როგორ აფასებთ ამ შეხვედრის შედეგებს? რა ადგილი უკავია თურქეთს ამ სამკუთხედში?

საბოლოო ჯამში, პუტინს ერდოღანზე უფრო დიდი გავლენა აქვს, ვიდრე ერდოღანს პუტინზე. ეს განსაკუთრებით კარგად გამოჩნდა მაშინ, როცა რუსეთმა სირიაში სამხედრო ოპერაცია დაიწყო და როგორ გამოიყენა ამისთვის თურქეთი.

ეს ნამდვილად კომპლექსური დინამიკაა, რომელშიც ყველა მოთამაშეს ერთმანეთთან დაძაბული ურთიერთობა აქვს. თურქეთი მათ შორის ყველაზე სუსტი რგოლია. სწორედ ამიტომაც გადაწყვიტა ერდოღანმა ასადთან დაკავშირებით რუსეთის და ირანის პოზიცია გაეზიარებინა. მათ კი ასადის ხელისუფლებაში დატოვება რეალურად სურთ. საბოლოო ჯამში, პუტინს ერდოღანზე უფრო დიდი გავლენა აქვს, ვიდრე ერდოღანს პუტინზე. ეს განსაკუთრებით კარგად გამოჩნდა მაშინ, როცა რუსეთმა სირიაში სამხედრო ოპერაცია დაიწყო და როგორ გამოიყენა ამისთვის თურქეთი. რთულია იმის თქმა, თუ როგორ შეიძლება ეს ურთიერთობა გაგრძელდეს მომავალში. დღეს ჩანს ის, რომ პუტინი თურქეთთან სიძლიერის კარტს თამაშობს და ერდოღანთან შედარებით უპირატესობა აქვს.

როჰანიზე რას იტყოდით?

ურთიერთობა რუსეთსა და ირანს შორისაც საკმაოდ რთულია, მაგრამ დიდ, სტრატეგიულ საკითხებზე ისინი თანხმდებიან. მათი უმთავრესი პრიორიტეტი ანტი-ამერიკანიზმია. ყველა ქვეყანას აქვს პრიორიტეტების იერარქია. რუსეთი და ირანი შეიძლება ბევრ საკითხზე ვერ თანხმდებოდნენ, მაგრამ იციან რომ მხოლოდ ერთმანეთთან თანამშრომლობით აქვთ უკეთესი შანსი რეგიონში ამერიკის გავლენის შესამცირებლად. თურქეთი კი ნატოს მოკავშირეა. მეგობრობის მომხიბვლელი განცხადებების მიუხედავად, პუტინს თურქეთის ნატოსგან იზოლაციის მიღწევა სურს და ძალიან კარგად იყენებს ამისთვის ნატოში არსებულ დაძაბულობას.

სად ხედავთ თურქეთს ნატოსთან და ამერიკასთან მიმართებაში? განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც ერდოღანმა ნაადრევი არჩევნების შესახებ გამოაცხადა, პრესის თავისუფლების და სხვა არადემოკრატიული პროცესების გათვალისწინებით, რომლებიც გადატრიალების მცდელობის შედეგ მოხდა თურქეთში?

თურქეთის პოლიცია საპროტესტო დემონსტრაციის მონაწილეს აკავებს, 14 სექტემბერი, 2017
თურქეთის პოლიცია საპროტესტო დემონსტრაციის მონაწილეს აკავებს, 14 სექტემბერი, 2017

თურქეთი დემოკრატიული ქვეყანა არ არის. სამწუხაროდ, ქვეყანამ უკან დაატრიალა დემოკრატიული მისწრაფებები. ფაქტია ის, რომ თურქეთში იმდენი სამხედრო პირია დაპატიმრებული, რომ ორ ეფ-16-ზე მხოლოდ ერთი პილოტი ჰყავთ. ასევე ფაქტია ის, რომ პრესის თავისუფლება შეზღუდულია - თურქეთში უფრო მეტი ჟურნალისტია ციხეში, ვიდრე რუსეთში. ეს, რა თქმა უნდა, თურქეთის დემოკრატიულ მომავალზე ცუდად მეტყველებს. ნატოს რაც შეეხება, მოგეხსენებათ ის კონსესუსზე დაფუძნებული ორგანიზაციაა. თურქეთის ნატოდან გამოსვლა მხოლოდ იმ შემთხვევაში იქნება შესაძლებელი, თუ ამას თავად თურქეთი მოითხოვს. ეს კი არ მოხდება. ამ ეტაპზე კი ვფიქრობ, რომ თურქეთსა და ნატოს შორის დაძაბული ურთიერთობა მხოლოდ რუსეთს ეხმარება.

რუსეთისგან საჰაერო თავდაცვის სისტემა ეს-400-ების ყიდვა ამაში რამე როლს თამაშობს?

რუსეთის გადმოსახედიდან ეს მნიშვნელოვანია. თურქეთის მხრიდან კი ეს ნატოსთვის ძლიერი სიგნალის გაგზავნაა. ანალიტიკოსები ამბობენ, რომ ეს-400-ის სარაკეტო სისტემა ნატოს საჰაერო თავდაცვასთან შეუთავსებელია. თუმცა, თუნდაც ის ფაქტი, რომ ეს გარიგება შეიძლება შედგეს უკვე ძალიან საყურადღებოა. პუტინი ამ ნაბიჯით დასავლეთისგან ერთი მოკავშირის ნელ-ნელა მოშორებას ცდილობს.

ეს-400 ჰაერსაწინააღმდეგო სისტემა
ეს-400 ჰაერსაწინააღმდეგო სისტემა

როგორ უყურებენ ახლო აღმოსავლეთში ამერიკასთან პარტნიორობას სირიაზე იერიშის შემდეგ?

ზოგადი შეხედულება, ჩემი აზრით, უცვლელია. თუმცა, რეგიონის ბევრი ქვეყანა გაახარა იმან, რომ საბოლოო ჯამში, ასადის ქიმიური შესაძლებლობის წინააღმდეგ დამატებითი დარტყმები განხორციელდა. ამ ნაბიჯმა ასევე გამოაჩინა ის, რომ ამერიკა დღეს მტკიცედ იცავს “წითელ ხაზებს,” რაც პრეზიდენტ ობამას დროს არ ხდებოდა. სამწუხაროდ, მხოლოდ ეს ნაბიჯი სამკარისი არ არის, რადგან ასადს ქიმიური იარაღის წარმოება ჯერ ისევ შეუძლია და მას, ცხადია, სამოქალაქო მოსახლეობის ხოცვის ჩვეულებრივი შეიარაღებით გაგრძელებაც შეუძლია. რეგიონში რუსეთის და ირანის ინტერესები არ შეცვლილა და ასადი კვლავ ხელისუფლებაშია. სამწუხაროდ, არც ის შეხედულება შეცვლილა, რომ ამერიკა რეგიონში ისეთი ჩართული არ არის, როგორც უნდა იყოს, რაც ვაკუუმს ქმნის, რომელსაც სხვა ქვეყნები ავსებენ. სირიაზე დარტყმის განხორციელება სწორი ნაბიჯი იყო, მაგრამ მან, სამწუხაროდ, ვერაფერი შეცვალა.

როგორ შეაფასებდით თურქეთის პოლიტიკას პატარა ქვეყნების მიმართ, როგორიცაა საქართველო, აზერბაიჯანი და სომხეთი?

ეს კარგი შეკითხვაა, რადგან ჩვენ, როგორც წესი, ამ თემაზე არ ვსაუბრობთ და ყურადღებას დიდ ქვეყნებზე და ახლო აღმოსავლეთზე ვამახვილებთ. სასაცილოა ის, რომ თურქეთს დიდი ხნის მანძილზე ჰქონდა მეზობლებთან “ნული პრობლემის” პოლიტიკა. დღეს ეს პოლიტიკა თითქოს პირიქით შეტრიალდა და ანკარას პრობლემები თითქმის ყველა მეზობელთან გაუჩნდა. ვფიქრობ, თურქეთი პატარა ქვეყნებთან ნეიტრალური პოზიციის შენარჩუნებას ცდილობს. მაგალითად, სომხეთისა და აზერბაიჯანის მთიანი ყარაბაღის კონფლიქტში მინსკის პროცესს უჭერს მხარს. მაგრამ ეს პროცესი რუსეთის დომინაციის ქვეშაა და შესაბამისად, პრობლემის გადაჭრის გზებიც არ ჩანს. ეს ქვეყნები პრიორიტეტს ნამდვილად არ წარმოადგენს. ზედაპირზე კი თურქეთის ნეიტრალური როლის შესრულებას ცდილობს.

თურქეთს საქართველოსთან კარგი ურთიერთობა აქვს და საქართველოს მთავრობაც ცდილობს ანკარასთან ახლო პარტნიორობა შეინარჩუნოს.

დიახ ეს ასეა. პატარა ქვეყნები ძალთა ბალანსის დინამიკას ყოველთვის გრძნობენ და აცნობიერებენ, რომ თურქეთი ძლიერი და გავლენიანი მეზობელია, რომელთანაც შესაბამისად უნდა იმოქმედონ.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG