ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

თურქეთ-ამერიკის კრიზისი: გამოწვევა თუ შანსი საქართველოსთვის


ამერიკის შეერთებულ შტატებსა და თურქეთს შორის ურთიერთობა კრიტიკულად დაიძაბა. უთახნმხოება სირიაში ორი ქვეყნის ინტერესების წინააღმდეგობას მოჰყვა. ამერიკის სახელმწიფო მდივანი თურქ კოლეგას და თურქეთის პრეზიდენტს ანკარაში შეხვდა, თუმცა რამდენიმე საათიანი დიალოგი კონკრეტული გადაწყვეტილებების გარეშე დასრულდა.

ანალიტიკოსები მიიჩნევენ, რომ ამერიკა-თურქეთის ურთიერთობების განვითარება საქართველოზეც მოახდენს გავლენას. ექსპერტების ნაწილი რუსეთის გავლენის გაძლიერების ალბათობაზე საუბრობს, ნაწილი კი პირიქით, საქართველოს პოზიციების განმტკიცებას ვარაუდობს.

„ამერიკისთვის საქართველო და თურქეთი მსგავს როლს თამაშობს... ამერიკისთვის ორივე ქვეყანა მთავარი პარტნიორია. შესაძლებელია ვიხილოთ საქართველოსთან თანამშრომლობის გაღრმავება იმ შემთხვევაში თუ ამერიკა მივა დასკვნამდე, რომ თურქეთი არ არის საიმედო პარტნიორი, და ვერ ხერხდება მისი ზოგიერთ საკითხზე დაყოლიება. ამ შემთხვევაში ვაშინგტონი შესაძლოა საქართველოსკენ უფრო მეტად შეტრიალდეს", - ამბობს ასისტენტ-პროფესორი ლისელ ჰინცი, ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტიდან. ის ფიქრობს, რომ ამერიკასა და თურქეთს შორის ურთიერთობის დაძაბვამ საქართველოსთვის შესაძლოა ვაშინგტონთან უფრო მეტად დაახლოების შესაძლებლობა გააჩინოს.

ამერიკის სახელმწიფო მდივნის, რექს ტილერსონის თურქეთში ვიზიტი ორ ქვეყანას შორის ბოლო პერიოდში დაძაბული ურთიერთობის განმუხტვის მცდელობაა. ურთიერთობის ჩიხში შესვლა, ერთის მხრივ, ვაშინგტონსა და ანკარას შორის სირიაში ინტერესთა კონფლიქტმა გამოიწვია. თურქეთმა სირიის ქურთული დაჯგუფების "სახალხო დაცვის ერთეულის" (YPG) წინააღდეგ აფრინში ოპერაცია ჩაატარა. დაჯგუფებას ტერორისტული ორგანიზაცია "ისლამური სახელმწიფოს" წინააღმდეგ ბრძოლაში ამერიკის შეერთებული შტატები უჭერს მხარს.

ანკარას განცხადებით YPG თურქეთის შიგნით ტერორისტულ ორგანიზაცია ქურთისტანის მუშათა პარტიას (PKK) ეხმარება. ორი ქვეყნის ძალები შესაძლოა ერთმანეთთან საბრძოლო კონტაქტში აღმოჩნდნენ თუ ანკარა სირიაში მის ოპერაციას ქალაქ მანბიჯამდე გააფართოვებს, სადაც ქურთულ შენაერთებთან ერთად ამერიკის შეიარაღებული ძალებიც იმყოფებიან.

თუ ნატოს წევრ ორ ქვეყანას შორის, დიპლომატიური დაპირისპირება ბრძოლის ველზე გადაინაცვლებს ეს არა მხოლოდ ახლო აღმოსავლეთის ქვეყნებზე, არამედ საქართველოზეც იქონიებს, სავარაუდო, გავლენას. ეს კი, დემოკრატიის დაცვის ფონდის მკვლევარის აიკან ერდემირის აზრით, ამერიკასთან დაშორების შემთხვევაში თურქეთის რუსეთთან დაახლოების ბუნებრივი შედეგი იქნება.

„ამერიკა-თურქეთის ურთიერთობის ეროზიას საქართველოს საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკისთვის, შესაძლოა, საზიანო შედეგები მოჰყვეს. ამ შემთხვევაში თურქეთი რუსეთის ღერძისკენ გადაიხრება. რუსეთის გავლენის ზრდა თურქეთზე გაზრდის რუსეთის ბერკეტებს საქართველოზეც. მე ვფიქრობ თურქეთ-ამერიკის და თურქეთ-ნატოს ურთიერთობების გაუმჯობესება საქართველოსთვის ძალზედ მნიშვნელოვანია", - ამბობს აიკან ერდემირი.

უთანხმოების კიდევ ერთი მიზეზი ანკარას მიერ ამერიკის რამდენიმე მოქალაქის და საელჩოს თანამშრომლების დაკავება გახდა. ამასთან ერთად, თურქეთი ამერიკისგან მოითხოვს ამერიკაში მცხოვრებ თურქი რელიგიური ლიდერის ფეტულა გულენის გადაცემას, რომელსაც თურქეთი 2016 წლის გადატრიალების მოწყობის მცდელობაში სდებს ბრალს.

სტრატეგიული თვალსაზრისით საქართველო ამერიკის ახლო აღმოსავლეთის პოლიტიკისთვის თურქეთის მნიშვნელობის არ არის, თუმცა ის შესაძლოა თურქეთთან ურთიერთობების გაცივებასთან ერთად ვაშინგტონმაუფრო საიმედო პარტნიორად განიხილოს .

"მართალია საქართველოს არ აქვს საზღვარი სირიასთან, ერაყთან და ირანთან როგორც თურქეთს, მაგრამ საქართველო ამერიკისთვის რუსეთის წინააღმდეგ მნიშვნელოვანი მოთამაშეა. ამ ნაწილში თურქეთი საქართველოსგან განსხვავდება რადგან თურქეთი რუსეთთან გარკვეულწილად თანამშრომლობს... ამერიკამ შესაძლოა განიხილოს საქართველო, როგორც უფრო სანდო პარტნიორი, რადგან ვიცით, რომ საქართველო რუსეთისკენ უახლოეს მომავალში არ შეტრიალდება", - ​ამბობს ჰინცი.

ტილერსონის ვიზიტი თურქეთში ურთიერთობების ნორმალიზებისკენ გადადგმული მნიშვნელოვანი ნაბიჯია. სახელმწიფო მდივნის განცხადებით ამერიკა-თურქეთის პარტნიორობა ორივე ქვეყნისთვის „ძალზედ ძვირფასია“ და “საერთო ინტერსებს“ ემსახურება. თუმცა მან აქვე აღნიშნა, რომ ურთიერთობები კრიტიკულ ფაზაშია.

მიმომხილველთა ნაწილი ფიქრობს, რომ ანტი-ამერიკული განცხადებები და ნაციონალისტური ტალღა ერდოღანს მხარდაჭერის შენარჩუნებაში ეხმარება. მიუხედავად იმისა, რომ ორ ქვეყანას შორის ურთიერთობები 70იან წლებში დაიძაბა, თურქეთის კვიპროსის შეჭრის შემდეგ, თურქეთისა და ამერიკის ურთიერთობებისთვის უკანასკნელი კრიზისული მდგომარეობა აქამდე არნახული, მნიშვნელოვანი ტესტია.

მაშინ როცა, ორი ქვეყანა დიპლომატიური ჩიხიდან გამოსავალს ცდილობს, თბილისში მოვლენების განვითარებას ყურადღებით უნდა დააკვირდნენ.

Facebook Forum

ტვიტერი

XS
SM
MD
LG