ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ამერიკა-თურქეთის პარტნიორობის კრიზისი


სანქციები, სავაჭრო ომი და აგრესიული რიტორიკა - ანკარასა და ვაშინგტონს შორის დაძაბულობა მატულობს.

ამერიკა თურქეთს დამატებითი სანქციების დაწესებით ემუქრება თუ ანკარა ამერიკელ პროტესტანტ მღვდელს არ გაათავისუფლებს.

პასტორი ენდრიუ ბრუნსონი უკვე ორი წელია თურქეთში ჯაშუშობის და 2016 წლის გადატრიალების მცდელობის მოწყობაში თანამონაწილეობის ბრალდებით არის დაკავებული.

თუმცა ორ მოკავშირეს შორის უთანხმოება უფრო ღრმაა ვიდრე ეს ზედაპირზე ჩანს.

„გულენის ექსტრადიცია ან მოძღვარი ბრენსონის გათავისუფლება ზედაპირული საკითხებია. მთავარი, ჩემი აზრით, [სარაკეტო სისტემის] ეს-400-ების თემაა, რომლის ყიდვასაც თურქეთი რუსეთისგან გეგმავს. ეს იარაღი ნატოს სისტემასთან შეუთავსებელია და რუსეთს სადაზვერვო ინფორმაციის მოპოვების საშუალებას მისცემს“, ამბობს ლისელ ჰინცი, ასისტენტ-პროფესორი ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტიდან.

ჰინცის შეფასებით, კრიზისი ორი ქვეყნის ურთიერთობაში უპრეცენდენტოა.

„კრიზისიდან გამოსასვლელად ორივე ლიდერმა ღრმად უნდა ჩაისუნთქოს. ამერიკას და თურქეთს - მიუხედავად იმისა, რომ ორივე ნატოს წევრია - არაერთი სერიოზული უთანხმოება ჰქონიათ წარსულში... მაგრამ ის რაც დღეს ხდება უპრეცედენტოა“, ამბობს ჰინცი.

შეერთებულმა შტატებმა თურქეთის მთავრობის ორი წევრის წინააღმდეგ სანქციები მიიღო და თურქული ლითონის იმპორტზე ტარიფები გააორმაგა. ანკარამ კი ვაშინგტონს ამერიკულ პროდუქციაზე საქციებით უპასუხა, მათ შორის, მანქანებზე, თამბაქოსა და ალკოჰოლზე.

ეკონომიკური კრიზისის დადგომას თურქეთში დამკვირვებლები დიდი ხანია ელიან. შეერთებული შტატების ზეწოლამ კრიზისი დააჩქარა და ლირის დრამატულმა ვარდნამ გამოიწვია შიში რომ შესაძლოა კრიზისი თურქეთის სამეზობლოზეც გავრცელდეს.

„ეს ტრამპის და ერდოღანის შემთხვევაში, ნებისყოფის გამოცდაა. ერდოღანი შესაძლოა ტრამპს პირადად არ აკრიტიკებდეს, მაგრამ ამერიკას თავს ყოველდღე ესხმის... ამერიკამ და თურქეთმა ისტორიულად სხვა სისტემური კრიზისებიც გადაიტანეს, მათ შორის, 1974 წელს კვიპროსის კრიზისი, თუმცა რიტორიკის თვალსაზრისით, ეს ყველაზე რთული კრიზისია“, ამბობს ჰენრი ბარკი, საგარეო ურთიერთობების საბჭოს უფროსი მკლევარი.

ბარკის თქმით, ურთიერთობა შესაძლოა გაუმჯობესდეს, თუმცა ერდოღანის ანტი-ამერიკული რიტორიკა ორ ქვეყანას შორის კავშირებს გრძელვადიანად ავნებს.

„თუ თურქულ პრესას თვალს გადაავლებთ, რომელიც თითქმის მთლიანად მთავრობის მიერ კონტროლირდება, ნახავთ ანტიამერიკული განწყობების გასაოცარ ტალღას...ტრამპი და ერდოღანი შესაძლოა ხვალვე შერიგდნენ, თუმცა ამ კრიზისის შედეგი უფრო გრძელვადიანი იქნება. ეკონომიკური კრიზისის ფონზე ერდოღანს სჭირდება განტევების ვაცი და დღეს ამ როლში შეერთებული შტატებია. ეს პატარა კრიზისი თურქეთს ძალიან ბევრი უჯდება... [ზეწოლის შედეგად] ჩვენ შეიძლება მივიღოთ პროგრესი S-400-ის [სარაკეტო სისტემის] საკითხზე, რადგან თურქებმა შესაძლოა გაანალიზონ, რომ ტრამპის გაღიზიანება ძვირი ჯდება“, თქვა მან.

ანკარა ვაშინგტონს თურქი რელიგიური ლიდერის, ფეტულა გულენის გადაცემას თხოვს, რომელსაც თურქეთი 2016 წლის გადატრიალების მცდელობაში დებს ბრალს. გულენი ამჟამად ამერიკის შტატ პენსილვანიაში ცხოვრობს.

ვაშინგტონს უკმაყოფილებას ანკარას გადაწვეტილება იწვევს შეიძინოს რუსეთისგან ეს-400 ტიპის საჰაერო რაკეტები, რაც შეერთებული შტატების განცხადებით არ შეესაბამება ნატოს მოთხოვნებს.

ანკარა კი შეერთებული შტატებში თურქული სახელმწიფო "ჰალბანკის" წინააღმდეგ სანქციების თავისარიდებით ირანთან ვაჭრობისთვის მილიარდობით დოლარის ჯარიმას და ერთ-ერთი აღმასრულებელისთვის ბრალის წაყენებას აპროტესტებს.

კრიზისის ფონზე, ლისელ ჰინცი ამბობს, რომ მეზობელი ქვეყნები, მათ შორის, საქართველო ყურადღებით უნდა დააკვირდნენ მიმდინარე მოვლენებს.

„საქართველოსთვის ვფიქრობ ყველაზე დიდი საფიქრალი დღეს ის არის, რომ თურქეთი რუსეთისკენ ბოლომდე არ გადაიხაროს. დასავლეთთან დაპირისპირება დროებითია და ის ნატოს მოკავშირეებთან ღირებულებში განსხვავებებს არ უკავშირდება. საქართველო ფრთხილად უნდა დააკვირდეს თურქეთის მოქმედებებს...და ვფიქრობ, ახლა ხელსაყრელი დროა [საქართველომ კონსტრუქციული როლი ითამაშოს]“, თქვა ჰინცმა.

თურქეთსა და ამერიკას შორის ურთიერთობები ისტორიულად ბევრჯერ დაიძაბა, მათ შორის კუბის კრიზისის დროს 1962 წელს, კვიპროსის კონფლიქტისას 1974 წელს და ამერიკის ერაყში შეჭრის შემდეგ 2003 წელს, როცა ანკარამ ვაშინგტონს დახმარების გაწევაში უარი უთხრა. თუმცა, დღევანდელი აგრესიული რიტორიკა ნატოს ორ მოკავშირეს შორის აქამდე არ ნახულია.

Facebook Forum

ტვიტერი

XS
SM
MD
LG