ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

თურქეთი ტარიფებით სამაგიეროს გადახდას ცდილობს


ორ ქვეყანას შორის ურთიერთობის გაუარესების ფონზე, თურქეთმა ამერიკული საქონლის სხვადასხვა კატეგორიებზე ტარიფები გაზარდა.

დამატებითი ტარიფები ავტომობილების, ალკოჰოლის, ქვანახშირის, ბრინჯის და კოსმეტიკის იმპორტს ეხება.

თურქეთის ვიცე-პრეზიდენტმა ფუათ ოქთეიმ „ტვიტერით“ თქვა, რომ ტარიფების ზრდა „ნაცვალგების პრინციპის ჩარჩოებში, შეერთებული შტატების მხრიდან შეგნებული ეკონომიკური თავდასხმების საპასუხოდ მოხდა“.

პრეზიდენტი ერდოღანი, შეერთებულ შტატებს მისი ქვეყნის წინააღმდეგ მიზანმიმართული ომის წარმოებაში ადანაშაულებს.

ერთი დღით ადრე, ერდოღანმა ამერიკული ელექტრონული საქონლის ბოიკოტისკენ მოუწოდა.

კითხვაზე, აპირებს თუ არა პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ადმინისტრაცია თურქეთის ასეთ ბოიკოტზე რეაგირებას, თეთრი სახლის პრეს-მდივანმა სარა ჰაკაბი სანდერსმა თქვა: „ამ დროისთვის, რაიმე ზომების თაობაზე, ნამდვილად არავითარი განცხადება არ მაქვს.“

წყაროები ტრამპის ადმინისტრაციიდან ამბობენ, რომ თურქეთის წინააღმდეგ შემდგომი სანქციები აქტიურად განიხილება, მაგრამ სანდერსმა უარი განაცხადა ეთქვა, თუ შეერთებული შტატების მთავრობა როგორ გეგმავს დამატებითი წნეხის განხორციელებას ანკარის წინააღმდეგ, რომელმაც არაერთხელ გაუწია იგნორირება ტრამპის და სხვების მოწოდებებს, ქრისტიანი პასტორი ენდრიუ ბრანსონი გაეთავისუფლებინა.

ტრამპმა, რომელმაც ბრანსონის დაკავებას „სრულიად სამარცხვინო“ უწოდა, ერდოღანზე წნეხის გასძლიერებლად, გასულ პარასკევს თურქული ფოლადის და ალუმინის ექსპორტზე ტარიფები გააორმაგა.

შეერთებულ შტატებს და თურქეთს სირიის საკითხშიც განსხვავებული ინტერესები აქვთ.

შეერთებულ შტატებთან უთანხმოებები, თურქეთს რუსეთთან აახლოებს, რომელიც ნატოს მთავარი მეტოქეა, მაგრამ თურქეთი, მთელი მოხმარებული გაზის ნახევარზე მეტს ამ ქვეყნისგან იღებს.

თურქეთი დათანხმდა რუსეთისგან შეეძინა „ეს-400“, მიწა-ჰაერის ტიპის რაკეტები, რაც ნატოს წევრი ქვეყნისთვის უმაგალითო ქმედებაა და ამერიკის კონგრესში ორივე პარტიის წარმომადგენლების და ტრამპის ადმინისტრაციის უკმაყოფილება გამოიწვია.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG