ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ირანის წინააღმდეგ სანქციების ნაწილი სამშაბათს ამოქმედდება


ამერიკის სახელმწიფო მდივანი მაიკ პომპეო აცხადებს, რომ ირანმა უნდა დაიწყოს „ნორმალური ქვეყნის“ შესაბამისი მოქმედება. შეერთებული შტატები თეირანის წინააღმდეგ სანქციების აღდგენას გეგმავს.

„ეს იმის გამო ხდება, რომ ირანელები უკმაყოფილონი არიან საკუთარი ხელისუფლებით. ამერიკის პრეზიდენტი ამის შესახებ საკმაოდ ნათლად საუბრობდა. ჩვენ გვსურს, რომ ირანელ ხალხს შეეძლოს მტკიცედ იმის გამოხატვა, თუ როგორი მმართველობა სურთ“, უთხრა კვირას სახელმწიფო მდივანმა ჟურნალისტებს.

მისივე თქმით, თეთრი სახლი ორშაბათს ისაუბრებს იმის შესახებ, თუ კონკრეტულად როგორი იქნება ირანის წინააღმდეგ დაწესებული ზომები. სანქციები, რომლებიც სხვა სფეროებთან ერთად, ირანის საავტომობილო ბიზნესს, ოქროს, ქვანახშირისა და ფოლადის ინდუსტრიებს შეეხება, სამშაბათიდან ამოქმედდება. ირანის ხელისუფლება ამის შემდეგ ვეღარ შეძლებს ამერიკული და ევროპული თვითმფრინავების ყიდვას ისევე, როგორც ზოგადად ამერიკული ვალუტის შეძენას. რაც შეეხება ირანის ენერგოსექტორს, მის მიმართ სანქციები ნოემბრიდან ამოქმედდება.

სანქციები ირანის წინააღმდეგ 2015 წლის შემდეგ გაუქმდა, როდესაც პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ ე.წ. „ირანის ბირთვულ შეთანხმებას“ მოაწერა ხელი. პრეზიდენტ დონალდ ტრამპის გადაწყვეტილებით, ამერიკამ წელს, მაისში შეთანხმება დატოვა.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG