ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

მაიკ პენსი: "ეს ჩვენი დემოკრატიის შეურაცხყოფაა"


შეერთებული შტატების ვიცე-პრეზიდენტი მაიკ პენსი ამერიკელებს დაჰპირდა, რომ შუალედურ არჩევნებს უცხო ქვეყნების ჩარევისგან დაიცავს. „ნებისმიერი მცდელობა ჩვენს არჩევნებზე ჩარევის, არის ჩვენი დემოკრატიის შეურაცხყოფა და ჩვენ ამას არ დავუშვებთ“ - განაცხადა ნიუ-იორკში სამშაბათს გამართულ შეხვედრაზე პენსმა.

შეერთებული შტატების შიდა უსაფრთხოების დეპარტამენტის მიერ ორგანიზებულ კიბერ-უსაფრთხოების სამიტს, სადაც ვიცე-პრეზიდენტი სიტყვით გამოვიდა, ესწრებოდნენ ბიზნეს-ლიდერები, მთავრობის ოფიციალური პირები და უსაფრთხოების ექსპერტები. „ამერიკის შეერთებული შტატები არ შეეგუება ჩვენს არჩევნებზე უცხოეთის ჩარევას, არცერთი სახელმწიფოს მხრიდან“ - აღნიშნავს ვიცე-პრეზიდენტი.

ნებისმიერი მცდელობა ჩვენს არჩევნებზე ჩარევის, არის ჩვენი დემოკრატიის შეურაცხყოფა და ჩვენ ამას არ დავუშვებთ
ვიცე-პრეზიდენტი მაიკ პენსი

ნიუ-იორკში გამართულ შეხვედრამდე სულ რამდენიმე საათით ადრე, სოციალურმა ქსელმა „ფეისბუქმა“ საჯაროდ განაცხადა, რომ ნოემბერში დაგეგმილ კონგრესის არჩევნებზე ჩარევის მიზნით, მათი ვებგვერდის გამოყენების ახალი მცდელობები გამოავლინა. სოციალური ქსელის მმართველებმა გააუქმეს 32 ყალბი ანგარიში, რომელიც არასწორ ინფორმაციას მიზანმიმართულად ავრცელებდა.

გაუქმებულ ანგარიშებს შორისაა „ფეისბუქის“ 8 გვერდი, 17 პირადი პროფილი და 7 „ინსტაგრამის“ ანგარიში. მათ შორის ყველაზე ძველი 2017 წლის მარტშია შექმნილი, რაც იმას ნიშნავს, რომ დახურული ანგარიშების სამიზნე ახლა უკვე ნოემბრის შუალედური არჩევნებია.

ყალბი ანგარიშებით დამნაშავეები ცდილობდნენ კოორდინირებულად მოეხდინათ ზემოქმედება პოლიტიკურ კამპანიებზე და რიგ შემთხვევაში, არჩევნების წინ საპროტესტო აქციებიც მოეწყოთ. „ფეისბუქს“ ჯერ გამოძიება არ დაუსრულებია, მაგრამ მთავარ ეჭვმიტანილად რუსეთს ასახელებენ, რადგან 2016 წლის არჩევნების შემდეგ გამოვლენილ ფაქტებთან ბევრი მსგავსებაა, როგორც მუშაობის სტილით, ასევე ენობრივი.

მაიკ პენსს „ფეისბუქის“ ბოლო ინციდენტი არ უხსენებია, მაგრამ მან მოხსენებაში აღნიშნა, რომ შეერთებული შტატების პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა დაზვერვის სააგენტოების ანგარიშები ყურად იღო. ანგარიშები ადასტურებს, რომ რუსეთი 2016 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში ერეოდა.

განმარტება ამ მიმართულებით, სავარაუდოდ, კიდევ ერთხელ იმიტომ გახდა საჭირო, რომ პრეზიდენტმა ტრამპმა რუსეთის ჩარევასთან დაკავშირებით მანამდე რამდენიმე ურთიერთგამომრიცხავი განცხადება გააკეთა. რიგ შემთხვევაში ის ამბობდა, რომ არ იყო დარწმუნებული, მართლა ჩაერია თუ არა რუსეთი 2016 წლის არჩევნებში. რუსეთი ამ ფაქტს დღემდე დაბეჯითებით უარყოფს.

კირსტენ ნილსენი და მაიკ პენსი
კირსტენ ნილსენი და მაიკ პენსი

სამშაბათს, შეერთებული შტატების შიდა უსაფრთხოების მდივანმა კირსტენ ნილსენმა განაცხადა, რომ კიბერ-უსაფრთხოების რისკების მართვის ცენტრის გახსნას გეგმავს. ქვეყნის ჰაკერებისგან დაცვის საქმეში მას კერძო სექტორის ჩართვაც სურს.

დეპარტამენტი თავიდან ფინანსურ, ენერგორესურსების და კომუნიკაციების კომპანიებს დაუკავშირდება. მოხდება აღწერა და შეფასდება მათი მზაობა, საჭიროებები, გამოვლინდება სუსტი მხარეები, რათა შემუშავდეს საპასუხო გეგმა, ჩატარდეს კიბერ-უსაფრთხოების ტრეინინგები, თავდასხმის სიმულაციები, წვრთნები - ამბობს ნილსენი. დეპარტამენტის წარმომადგენელმა სააგენტო „როიტერს“ უთხრა, რომ ახალი გეგმა დამატებითი რესურსების გარეშე განხორციელდება და ამჟამად არსებული ბიუჯეტით დაიფარება.

ნიუ-იორკში გამართულ სამიტზე დამსწრეებმა ერთმანეთს კიბერ-უსაფრთხოებაში დაგროვილი გამოცდილება გაუზიარეს. შეხვედრაში აქტიურად მონაწილეობდნენ ისეთი კომპანიები, როგორიცაა AT&T, „მასტერკარდი“ და რამდენიმე სხვა ცნობილი ორგანიზაცია, რომელთაც საკუთარი რესურსებით უწევთ ადგილობრივი კრიმინალების, თუ უცხო ქვეყნების კიბერ-თავდასხმების მოგერიება. შეერთებული შტატების მთავრობის მონაცემებით, იმ ქვეყნებს შორის, რომლებიც ბოლო წლების განმავლობაში ამერიკულ კომპანიებზე ციფრულ თავდასხმებს სერიულად აწარმოებენ, ჩინეთი, ირანი, ჩრდილოეთ კორეა და რუსეთი ლიდერობენ.

Facebook Forum

ტვიტერი

XS
SM
MD
LG