ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ამერიკის კონგრესი ცდილობს „ინტელექტის გადინება“ შეაჩეროს


ამერიკის კონგრესი ცდილობს „ინტელექტის გადინება“ შეაჩეროს

შეერთებული შტატების კონგრესი ქვეყნის საიმიგრაციო კანონმდებლობის გადასინჯვას აპირებს. კანონმდებელებს სურთ სამუშაო ვიზით დააკმაყოფილონ ის უცხოელი სტუდენტები, რომლებიც ამერიკაში უმაღლეს სასწავლებლებს წარმატებით ამთავრებენ. საუბარია მაგისტრის და დოქტორის ხარისხებზე. ამ ნაბიჯის საბოლოო მიზანი ქვეყნიდან ინტელექტუალური რესურსის გადინების შეჩერება და ამ გზით გლობალური კონკურენციის პირობებში ლიდერობის შენარჩუნებაა.

ამერიკაში უცხოელი სტუდენტები მრავლად არიან. მათი დიდი ნაწილი ან მაგისტრატურაში სწავლობს, ან სადოქტორო ხარისხზე მუშაობს. 2009 წლის სტატისტიკური მონაცემებით შეერთებულ შტატებში ფიზიკაში და ინჟინერიაში გაცემული სადოქტორო ხარისხების 2/3 უცხოელ სტუდენტებზე მოდის. ექსპერტთა აზრით გადამწყვეტი მნიშვნელობა მსგავს დარგებს ექნება, ისეთებს, როგორიცაა ტექნოლოგია, ინჟინერია და მათემატიკა.

სტუდენტების უმრავლესობას არ აქვს საშუალება უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ შეერთებულ შტატებში სამსახური იშოვოს. მათ შორისაა ჩინეთიდან ჩამოსული ხიაო ქინი. ის შიშობს, რომ სამუშაო ვიზას არცერთი სამსახური არ გაუკეთებს. ხიაო პეკინიდანაა და ვაშინგტონში ჯორჯთაუნის უნივერსიტეტში სადოქტოროს კომპიუტერულ მეცნიერებაში იცავს. ის „გუგლში“, „მაიკროსოფტში“ ან „იაჰუში“ მუშაობაზე ოცნებობს.

„რა თქმა უნდა მირჩევნია რამდენიმე წლით აქ დარჩენა, მაგრამ თუკი ლეგალური ვიზა არ მომცეს, მაშინ წასვლა მომიწევს“ - ამბობს ის.

დღეს არსებული კანონმდებლობით ამერიკა უცხოელ სტუდენტებს საკმაოდ ზღუდავს და მათ ძალიან მცირე ნაწილს აქვს სამუშაოდ აქ დარჩენის საშუალება. საიმიგრაციო კანონმდებლობის კრიტიკოსები თვლიან, რომ სავიზო რეჟიმი საუკეთესო სტუდენტების შენარჩუნების საშუალებას არ იძლევა, რაც საბოლოო ჯამში ქვეყნის სამეცნიერო-ტექნოლოგიურ წინსვლას აფერხებს.

ზოი ლოფგრენი წარმომადგენელთა პალატაში კალიფორნიის შტატს წარმოადგენს.

ყველაზე ბრწყინვალე გონების ადამიანებს ადრე აქ დაფუძნებას ვთავაზობდით. ახლა კი მათ უკან ვისტუმრებთ. მსოფლიოს საუკეთესო სტუდენტებს ჩვენს უნივერსიტეტებში განათლებას ვაძლევთ, ვწვრთნით და შემდეგ კი ამერიკის გონებრივ და ეკონომიკურ გამდიდრებაზე უარს ვამბობთ და საკუთარ ქვეყნებში ვუშვებთ“ - აღნიშნავს ის.

კერძო კომპანიები, რომლებიც უმაღლეს ტექნოლოგიებზე მუშაობენ, მაქსიმალურად ცდილობენ უცხოელი მუშახელის დასაქმებას. მათ შორისაა კომპანია „Texas Instruments”. მისი ვიცე-პრეზიდენტი, დარლა უიტეკერი, ამბობს, რომ პროფესიონალი იმიგრანტების „მწვანე ბარათის“ სტატუსამდე მიყვანას თითქმის 10 წელი უნდებიან.

„ეს არაეკონომიურია. მსგავსი მიდგომა კომპანიასაც აზიანებს და მთლიანად ინდუსტრიასაც. ჩვენს თანამშრომლებისთვისაც ეს სერიოზული საზრუნავია, რომელიც დამატებით სტრესს იწვევს“ - ამბობს კომპანიის ვიცე-პრეზიდენტი.

შეერთებულ შტატებს თითოეულ ქვეყანასთან ინდივიდუალური მიდგომა აქვს. დიდი ერების წარმომადგენლებს ყველაზე მეტი ხანი უწევთ რიგში დგომა. ერთ-ერთი სამეცნიერო კვლევის მიხედვით, რომელიც ამერიკული კანონმდებლობის ეროვნულმა ფონდმა ჩაატარა, ინდოეთიდან ჩამოსულ სპეციალისტებს „მწვანე ბარათის“ რიგში ხანდახან 70 წელი უწევთ ლოდინი.

ვივეკ ვადვა, ჰარვარდის უნივერსიტეტის პროფესორი, იმიგრაციის საკითხებზე მუშაობს. მისი თქმით ამერიკა არასწორ პოზიციას იჭერს და თუ საიმიგრაციო კანონმდებლობა არ შეიცვალა, შეერთებული შტატები განვითარებადი ქვეყნების სიაში აღმოჩნდება.

კონგრესში დიდი ხანია ამ საკითხზე მსჯელობა მიმდინარეობს, თუმცა კონსენსუსის მიღწევა ჯერჯერობით არ ხერხდება და ქვეყნიდან ე. წ. „ინტელექტის გადინების“ შეჩერების ნიშნები არსად ჩანს.

XS
SM
MD
LG