ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

დანიის სახელმწიფო მაუწყებელი: აშშ ევროპელ პარტნიორებზე მიყურადებას ახდენდა


დანიის სახელმწიფო მაუწყებელმა “DR”-მა განაცხადა, რომ შეერთებული შტატების ეროვნული უსაფრთხოების სააგენტო იყენებდა დანიის საგარეო დაზვერვის დანაყოფთან თანამშრომლობას, რათა მეზობელი ქვეყნების მაღალი თანამდებობის პირებზე, მათ შორის, გერმანიის კანცლერ ანგელა მერკელზე საჯაშუშო ინფორმაცია მოეპოვებინა.

“DR”-მა განაცხადა, რომ ეს აღმოჩენა 2015 წლის შიდა გამოძიების შედეგია, რომელიც დანიის თავდაცვის დაზვერვის სამსახურმა ჩაატარა და ზემოხსენებულ თანამშრომლობაში აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოების სააგენტოს, NSA-ს როლს იკვლევდა. მაუწყებელმა ცხრა უსახელო წყაროს ციტირება მოახდინა, რომლებსაც გამოძიებაზე ხელი მიუწვდებათ.

გამოძიების თანახმად, რომელიც 2012-2014 წლებს მოიცავს, NSA-მ შვედეთის, ნორვეგიის, საფრანგეთის და გერმანიის მაღალი თანამდებობის პირებზე, მათ შორის გერმანიის ყოფილ საგარეო საქმეთა მინისტრ ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერზე და გერმანიის ყოფილ ოპოზიციურ ლიდერ პიერ სტაინბრუკზე საჯაშუშოდ, დანიის საინფორმაციო კაბელები გამოიყენა.

გერმანიის კანცელარიის პრეს-მდივანმა “DR”-ს მასალის შესახებ დასმულ კითხვაზე უპასუხა, რომ ამ ბრალდებების შესახებ, მხოლოდ ჟურნალისტების შეკითხვებით შეიტყო და დამატებით კომენტარზე უარი თქვა.

დანიის თავდაცვის მინისტრმა ტრინე ბრამსენმა, მედიაში დაზვერვის საკითხების თემაზე “სპეკულაციებზე” კომენტარის გაკეთება არ ისურვა. მან სააგენტო “როიტერს” განუცხადა: “უფრო ზოგადად შემიძლია ვთქვა, რომ ამ მთავრობას ისეთივე მიდგომა აქვს, როგორც ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა 2013 და 2014 წლებში გამოხატა - ახლო მოკავშირეებზე სისტემური მიყურადება მიუღებელია.”

ვაშინგტონში, NSA-მ და ეროვნული დაზვერვის დირექტორის კანცელარიამ კომენტარზე უარი განაცხადეს. კომენტარზე, დანიის თავდაცვის დაზვერვის სამსახურმაც უარი თქვა.

შეერთებული შტატების ახლო მოკავშირე დანიაში განლაგებულია რამდენიმე საკვანძო სადგური, რომელიც შვედეთთან, ნორვეგიასთან, გერმანიასთან, ჰოლანდიასთან და ბრიტანეთთან დამაკავშირებელ, ზღვის ქვეშ გაყვანილ კაბელებს ემსახურება.

წყაროებმა “DR”-ს უთხრეს, რომ სიგნალების მიზანმიმართული ამოღებით და NSA-ს მიერ შემუშავებული ანალიზის პროგრამით, რომელიც “Xkeyscore” -ის სახელით არის ცნობილი, NSA მეზობელი ქვეყნების ოფიციალური პირების სატელოფონო საუბრებზე, ტექსტურ და სხვა შეტყობინებებზე მიყურადებას ახდენდა.

დანიის თავდაცვის სამსახურის შიდა გამოძიება 2014 წელს, ედვარდ სნოუდენის მიერ საიდუმლო ინფორმაციების გამჟღავნების შემდეგ დაიწყო.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG