ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

პრეზიდენტს თვალთვალის პროგრამის შეზღუდვა სურს


სამშაბათს ორი მნიშვნელოვანი წინადადება გამოცხადდა, რომლებიც ეროვნული უშიშროების სააგენტოს საიდუმლო თვალთვალის პროგრამის შეზღუდვას ისახავს მიზნად. ჰააგაში, ბირთვული უსაფრთხოების სამიტზე სიტყვით გამოსვლისას ამერიკის პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ განაცხადა, რომ შეერთებულ შტატებს მოკავშირე ქვეყნების მთავრობების და რიგითი მოქალაქეების ნდობის ხელახლა მოპოვება დასჭირდება.

„ჩვენთვის აუცილებელი იქნება იმ ნაბიჯის გადადგმა, რომელიც დღეს გამოვაცხადეთ, რომ ნელი ტემპით და სისტემურად დავაწესოთ ბალანსი და ლეგალური პროცესი. კარგი ამბავი ისაა, რომ დარწმუნებული ვარ იმაში, რომ ეს მეთოდი გაამართლებს,“ განაცხადა პრეზიდენტმა ობამამ.

პრეზიდენტის ინიციატივის თანახმად, რომელიც ჯერ საჯაროდ არ გამოცხადებულა, მთავრობამ ტერორიზმთან დაკავშირებული სატელეფონო საუბრების ჩანაწერების მოპოვება მხოლოდ სასამართლოსგან ნებართვის მიღების შემდეგ უნდა განახორციელოს. სატელეფონო კომპანიებს კი დაევალებათ ეროვნული უშიშროების სააგენტოს შეატყობინონ ნებისმიერი ახალი ზარის შესახებ, რომელიც დაკვირვების ქვეშ მყოფი ტელეფონის ნომრიდან განხორციელდება.

ასევე, სატელეფონო კომპანიებს არ მოეთხოვებათ შეინახონ სატელეფონო საუბრების ჩანაწერები იმაზე მეტ ხანს, ვიდრე ამჟამად არსებული სტანდარტებით აკეთებენ ამას.

წარმომადგენელთა პალატის საზვერვის კომიტეტის ლიდერებმა მსგავსი კანონპროექტი წარმოადგინეს. საკანონმდებლო ინიციატივა კომიტეტის რესპუბლიკელ თავმჯდომარეს და დემოკრატ უხუცეს წევრს ეკუთვნის. ამ კანონპროექტის თანახმად, ეროვნული უშიშროების სააგენტოს ეკრძალება სატელეფონო მონაცემების მასობრივი მოგროვება. თუმცა, კანონპროექტი მთავრობას არ ავალდებულებს სასამართლო სანქციის მოპოვებას სატელეფონო კომპანიებისგან სატელეფონო მონაცემების მისაღებად.

წარმომადგენელთა პალატის საზვერვის კომიტეტის თავმჯდომარე მაიკლ როჯერსი ამბობს:

„ჩვენი აზრით, აღმოვაჩინეთ გზა, რომლის მეშვეობითაც მთავრობა დაასრულებს სატელეფონო მონაცემების მასობრივ მოგროვებას და უზრუნველყოფს ამერიკის უსაფრთხოების დაცვის მექანიზმებსაც.“

წარმომადგენელთა პალატის საზვერვის კომიტეტის უხუცესმა დემოკრატმა წევრმა დაჩ რუპერსბერგერმა აღნიშნა, რომ წარმოამდგენელთა პალატის კანონპროექტი ძალიან არ განსხვავედება თეთრი სახლის მიერ წარმოდგენილი ინიციატივისგან და შესაბამისად, კონსესუსის მიღწევა რთული არ უნდა იყოს.

„ჩემი აზრით, ძალიან, ძალიან ახლოს ვართ შეთანხმებასთან. თეთრ სახლს ესმის, რომ რაღაცა უნდა გაკეთდეს იმისთვის, რომ შეწყდეს მონაცემების მასობრივი შენახვა, რომლითაც ჩვენი ამომრჩეველი ასეა შეწუხებული. ეს უპირველესი საზრუნავია,“ განაცხადა კონგრესმენმა.

კონგრესმენებს არ დაუკონკრეტებით, თუ როდის გაიტანენ კანონპროექტს წარმომადგენელთა პალატის წინაშე კენჭისყრისთვის. ამასთან, ვიდრე კანონპროექტი პრეზიდენტს გაეგზავნება ხელმოსაწერად, ის სენატმაც უნდა დაამტკიცოს. მიუხედავად იმისა, რომ კანონპროექტის ტექსტი საჯაროდ გამოქვეყნებული ჯერ არ არის, ის უკვე გახდა რამდენიმე წამყვანი კანონმდებლისა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლების კრიტიკის სამიზნე. კრიტიკოსები, ძირითადად, ეროვნული უშიშროების სააგენტოზე კონტროლის უფრო მკაცრი მექანიზმების დაწესებას ითხოვენ.
XS
SM
MD
LG