ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

სნოუდენის საქმე


ვაშინგტონისთვის საუკეთესო გამოსავალი იქნება, თუ სნოუდენის საქმეს თვითდინებაზე მიუშვებს

შეერთებული შტატების მთავრობა ედვარდ სნოუდენს ჯაშუშობაში და იმ საიდუმლო ინფორმაციის გამჟღავნებაში ადანაშაულებს, რომელიც შეერთებული შტატების სათვალთვალო პროგრამას შეეხებოდა. „ჰერითიჯის ფონდის“ ანალიტიკოსი არიელ კოენი ამბობს, რომ ამით ობამას ადმინისტრაციას დიდი დარტყმა მიადგა.
„როდესაც ასეთი ინფორმაციის მქონე ადამიანი უპრობლემოდ ჯდება თვითმფრინავში, თან აქვს ოთხი ლეპტოპი და მიფრინავს ჰონგკონგში, ეს უშიშროების სისტემის დიდი ჩავარდნაა,“ ამბობს კოენი.
სნოუდენი ჰონგკონგში არ დარჩა. მას ჩინეთის მთავრობამ მოსკოვში გაფრენის უფლება მისცა. თეთრი სახლის პრესმდივანმა ჯეი კარნიმ ეს ქმედება მკაცრად გააკრიტიკა.
„ეს იყო წინასწარგანზრახული ნაბიჯი მთავრობის მხრიდან, რომ დაკავების ნაცვლად, ძებნილისთვის გაქცევის საშუალება მიეცათ და ეს უდავოდ უარყოფითად იმოქმედებს ამერიკულ-ჩინურ ურთიერთობებზე,“ - განაცხადა კარნიმ.
მან ასევე მიმართა რუსეთის ხელისუფლება და სნოუდენის ამერიკის მთავრობისთვის გადაცემა თხოვა.
ჯორჯთაუნის უნივერსიტეტის ანალიტიკოსი ჩარლზ კუპჩანი ამბობს, რომ ჩინეთის და რუსეთის მთავრობებზე არსებობს შიდა ზეწოლა რათა დაეხმარონ სნოუდენს.
„აშკარაა ფრუსტრაცია და მოუთმენლობა შიდა თავისუფლების, დემოკრატიის სიმწირის, შიდა თვალთვალის შესახებ და ასეთ ვითარებაში გამჟღავნდა, რომ შეერთებული შტატები ახორციელებს საიდუმლო თვალთვალს. ამჯერად შესაძლოა, რომ ამერიკის წარუმატებლობის გამო ვინმე ამით სიამოვნებას იღებდეს,“ - ამბობს კუპჩანი.
ზოგიერთი ანალიტიკოსი იმაზე ფიქრობს, თუ როგორ შეუძლია შეერთებულ შტატებს მოსკოვზე ზეწოლის განხორციელება.
„უამრავი საკითხია რუსებთან სათამაშოდ, ირანიდან დაწყებული და ავღანეთით დამთავრებული, ასევე სადაზვერვო თანამშრომლობა ექსტრემიზმის წინააღმდეგ, სარაკეტო თავდაცვა და შეიარაღების კონტროლი. მაგრამ საკითხავია, თუ რამდენად უნდა შეერთებულ შტატებს ასეთი გეოპოლიტიკური საკითხების გამოყენება სნოუდენთან მიმართებაში. ვფიქრობ, სწორედ ეს დამაკავშირებელი საკითხია პრობლემატური,“ - ამბობს კუპჩანი.
რაც შეეხება ჩინეთს, კუპჩანი ფიქრობს, რომ შეერთებულ შტატებს არ სურს ამ ეტაპზე საკუთარი ინტერესების დაზარალება. მისი აზრით, ვაშინგტონისთვის ამ ეტაპზე ყველაზე საუკეთესო გამოსავალი იქნება, თუ სნოუდენის საქმეს თვითდინებაზე მიუშვებს.
XS
SM
MD
LG