ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

პირადი ინფორმაციის დაცვა და ქვეყნის უსაფრთხოება


სად შეიძლება გადიოდეს ზღვარი პირადი ინფორმაციის დაცვას და ქვეყნის უსაფრთხოების ინტერესებს შორის?

გთხოვთ, დაიცადოთ

No media source currently available

0:00 0:04:10 0:00
ბმული

დღეისათვის სათვალთვალო პროგრამების შესახებ ამერიკაში რამდენიმე ურთიერთსაწინააღმდეგო აზრი ჩამოყალიბდა. რიგითი ამერიკელების ნაწილი აღშფოთებულია იმით, რომ ქვეყანში თითქმის ყველა სატელეფონო საუბარი ისმინება. დაზვერვის სააგენტოები ამ გადაწყვეტილების აუცილებლობას ქვეყნის და საერთაშორისო უსაფრთხოების უზრუნველყოფის აუცილებლობით ხსნიან. კანონმდებლების ერთი ნაწილი, ექსპერტებთან ერთად, მათ ეთანხმება. თუმცა, ამერიკელების ასევე დიდ ნაწილს მიაჩნია, რომ დაზვერვის აპარატი და მისი ქმედების ფარგლები დასაშვებ ნორმებს ბევრად აჭარბებს. სად შეიძლება გადიოდეს ზღვარი პირადი ინფორმაციის დაცვას და ქვეყნის უსაფრთხოების ინტერესებს შორის და როგორ შეიძლება მათ შორის ბალანსის დაცვა?

ფართო განხილვების მიუხედავად, ამერიკელების დიდ ნაწილს ჯერ კიდევ არ აქვს სრული წარმოდგენა იმაზე, თუ როგორ მუშაობს სატელეფონო მოსმენების პროგრამა, რა მიზანს ემსახურება ის და რა შედეგებს მიაღწიეს დაზვერვის სააგენტოებმა. მაიკ როჯერსი, კონგრესის დაზვერვის კომიტეტის თავმჯდომარე დახურულ კარს მიღმა უშიშროების ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელს შეხვდა. როჯერსი პირობას იძლევა, რომ მალე გამჟღავნდება ინფორმაცია იმის შესახებ, თუ როგორ ხდება სატელეფონო მოსმენების წყალობით ტერორისტული იერიშების აღკვეთა.

„იმისათვის, რომ ამერიკულმა საზოგადოებამ ამ პროგრამების წარმატების მთელი სპექტრი აღიქვას. და გაიგოს, თუ როგორ ხდება სამოქალაქო თავისუფლებების და პირადი ინფორმაციის დაცვა. ორივე ერთდროულად შესაძლებელია“ - განაცხადა მიჩიგანის შტატის წარმომადგენელმა, რომელიც კონგრესის დაზვერვის კომიტეტს ხელმძღვანელობს.

მაიკ როჯერსმა ასევე აღნიშნა, რომ პროგრამის საშუალებით უშუალოდ საუბრის მონიტორინგი კი არ ხდება, არამედ მონაცემთა ბაზა იქმნება. გროვდება ინფორმაცია იმის შესახებ, თუ რა ნომრებზე დაირეკა, რამდენი ხნით და რა რიცხვში. ედვარდ სნოუდენს, ადამიანს რომელმაც სათვალთვალო პროგრამების შესახებ ინფორმაცია გაამჟღავნა, კონგრესმენმა მოღალატე უწოდა და უსაყვედურა მათ, ვინც სნოუდენს გმირად მიიჩნევს.

დაზვერვის ოფიციალური პირების განცხადებით, მთავრობის პროგრამებმა შეერთებულ შტატებში და მის ფარგლებს გარეთ ათეულობით ტერორისტული თავდასხმა აღკვეთეს. მათ შორის - მსოფლიოს 20 სხვადასხვა ქვეყანაში. როგორც კონგრესში წარდგენლი საიდუმლო მასალებით ირკვევა, 2012 წელს ასობით მილიონი სატელეფონო საუბრიდან დამატებითი ინფორმაციისთვის მხოლოდ 300 საუბარი შეისწავლეს. გენერალ კით ალეგზანდერის განცხადებით, საქმეების დამატებითი დეტალები უსაფრთხოების მოსაზრებით აღარ გამჟღავნდება, რათა ტერორიზმის წინააღმდეგ მიმართული გამოძიების შემდგომი მუშაობა აღარ შეფერხდეს. ეროვნული უშიშროების სააგენტოს თავმჯდომარემ ასევე ხაზი გაუსვა იმ გარემოებას, რომ მოპოვებული მასალები ყოველ 5 წელიწადში ნადგურდება.

ედვარდ სნოუდენმა ამერიკული ინტერნეტ-კომპანიებიც დაასახელა, რომლებიც დაზვერვას იმ ადამიანებზე ინფორმაციის მოპოვებაში ეხმარებოდა, ვინც ტერორიზმში იყო ეჭვმიტანილი. დაახლოებით ერთი კვირით ადრე გახმაურდა „ასოშეიტედ პრესის“ ჟურნალისტების და რედაქტორების სატელეფონო მოსმენების საქმე. ეს ყოველივე ექსპერტებს აძლევს საფუძველს ივარაუდონ, რომ დაზვერვის სააგენტოების თანამშრომელთა რიცხვი 5 მილიონ ადამიანს შეიძლება აღემატებოდეს.

წარმომადგენელთა პალატის წევრი მიჩიგანის შტატიდან, ჯონ კონიერსი, ამასთან დაკავშირებით საკუთარ შეშფოთებას გამოთქვამს.

ვშიშობ, რომ ისეთ ზღვარს მივუახლოვდით, რომლის იქითაც ჯაშუშების სახელმწიფოა, სადაც კანონმორჩილ ამერიკელებზე ყოველდღიურად მილიარდობით ელექტრონული დოსიე იქმნება“ - აცხადებს კონგრესმენი.

საკონგრესო მოსმენებზე შეერთებული შტატების დაზვერვის ფედერალური ბიუროს დირექტორმა, რობერტ მიულერმა განაცხადა, რომ თვალთვალი კანონის ფარგლებში, კონგრესთან და სასამართლოებთან შეთანმხებით ხორციელდება. მისი თქმით, 2001 წლის 11 სექტემბრის ტერორისტული აქტამდე რომ მსგავსი პროგრამა ყოფილიყო, შესაძლებელი გახდებოდა იმ ადამიანის დროულად ამოცნობა, რომელიც კალიფორნიის შტატის ქალაქ სან დიეგოდან იემენში ალ-ყაიდას წევრებს ტელეფონით უკავშირდებოდა.

ეს პროგრამა რომ თავის დროზე ამუშავებულიყო, სან დიეგოში ამ ტელეფონის ნომერს უმალვე დავადგენდით“ - განაცხადა დაზვერვის ფედერალური ბიუროს დირექტორმა.

უსაფრთხოების დამოუკიდებელი ექსპერტები, მათ შორისაა რუდი დელონი ამერიკული პროგრესის ცენტრიდან, მიიჩნევენ, რომ 11 სექტემბრის შემდეგ მიღებული ზომები შესაძლოა გადაჭარბებული ყოფილიყო. ამიტომ, მიმდინარე განხილვები კონგრესში და მსჯელობა სამოქალაქო საზოგადოებაში სრულიად გამართლებული და აუცილებელიცაა, რათა პირადი ინფორმაციის დაცვას და ქვეყნის უსაფრთხოების ინტერესებს შორის აუცილებელი ბალანსის მოძებნა მოხერხდეს.
XS
SM
MD
LG