ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

აუცილებელია თუ არა საყოველთაო დებატები?


შეერთებულ შტატებში ჟურნალისტების სატელეფონო ზარებსა და ელექტრონულ ფოსტაზე ინფორმაციის შეგროვებას ფართომასშტაბიანი დავა და კრიტიკა მოჰყვა

გთხოვთ, დაიცადოთ

No media source currently available

0:00 0:03:07 0:00
ბმული

ამერიკის მედია საშუალებები და უფლებადემცველი ჯგუფები ყველაზე აქტიურად გამოთქვამენ უკმაყოფილებას პრეზიდენტ ობამას ადმინისტრაციის მიერ ჟურნალისტების სატელეფონო საუბრებსა და ელექტრონულ კორესპონდენციებზე თვალთვალის გამო. ამ ფაქტის გამოვლენის შემდეგ მთავრობის მიერ მილიონობით ამერიკელის პერსონალურ საუბრებსა და იმეილზე დაკვირვების საიდუმლოც გამოაშკარავდა. ამ ფონზე, ექსპერტები აცხადებენ, რომ აუცილებელია ეროვნული დებატების გამართვა იმაზე, თუ როგორ უნდა გაართვას მთავრობამ თავი კერძო ინფორმაციისა და ეროვნული უშიშროების ინტერესების ერთდროულად დაცვას.

ჟურნალისტების სატელეფონო ზარებსა და ელექტრონულ ფოსტაზე ინფორმაციის შეგროვებას ფართომასშტაბიანი დავა და კრიტიკა მოჰყვა. უფლებადამცველი ჯგუფები აცხადებენ, რომ ამჯერად მთავრობის მიერ ადამიანის პერსონალური ინფორმაციის დაცვის უფლება უხეშად შეილახა.

ფრენკ სესნო ჯორჯ ვაშინგტონის უნივერსიტეტის მედიის ა და საზოგადოებასთან ურთიერთობის ფაკულტეტის დირექტორია. ის იუსტიციის დეპარტამენტის მიერ ჟურნალისტების ჩანაწერებსა და სატელეფონო ზარებზე დაკვირვებას უფლებამოსილების უხეშ დარღვევად აფასებს:

„ორი თვის განმავლობაში ოცი ჟურნალისტის მიერ წარმოებული ზარებისა და ელექტრონული კორესპონდენციის ერთბაშად მოპოვება დაუშვებელია. ეს ჟურნალისტების საქმიანობაში უხეში ჩარევაა. ჟურნალისტებმა საკუთარი წყაროები უნდა დაიცვან. ეს კი აუცილებელი პრინციპია იმისთვის, რომ ქვეყანაში ღია და თავისუფალი სამოქალაქო საზოგადოება არსებობდეს.“

სესნო ამბობს, რომ ჟურნალისტებმა ბალანსი უნდა დაიცვან საზოგადოებისთვის ინფორმაციის მიწოდებასა და მთავრობის პასუხისმგებლობას შორის, რაც სახელმწიფო საიდუმლოს შენახვას და მოფრთხილებას უკავშირდება. თუმცა, ამ უკანასკნელს გარკვეული ლიმიტი ახლავს:

„ეს თამაში საშიშ სახეს მაშინ იღებს, როცა მთავრობა იმ ადამიანების დასჯას იწყებს, რომლებიც საჭირო კითხვებს სვამენ. მთავრობას არ აქვს უფლება ჟურნალისტს უთხრას, რომ კონკრეტული სახის ინფორმაციის მოპოვება დანაშაულია.“

პოლიტიკური კრიტიკის მიუხედავად, ამერიკელები მეტნაკლებად მოთმინებით უდგებიან მთავრობის მიერ წარმოებულ თვალთვალს.

ერთ-ერთი უკანასკნელი გამოკითხვის თანახმად ამერიკელების 56 პროცენტს მიაჩნია, რომ ეროვნული უშიშროების სააგენტოს მიერ სატელეფონო ზარებზე დაკვირვება დასაშვებია იმ შემთხვევაში, თუ ეს მოქმედება ტერორიზმთან წინააღმდეგ ბრძოლას ემსახურება.

პრეზიდენტი ბარაკ ობამა ამბობს, რომ ის მიესალმება ამ თემაზე ქვეყნის მასშტაბით დებატების დაწყებას.

გაზეთ „ნიუ იორკ თაიმსის“ ერთ-ერთი ყოფილი ჟურნალისტი და რედაქტორი ბილ კოვაჩი ამბობს, რომ ამ დისკუსიის დაწყება პრეზიდენტის პასუხისმგებლობაა:

„ჩვენს ქვეყანას ისეთი მტერი ჰყავს, რომელიც არ ჩანს, რთული დასაჭერია და მოსახლეობის უმეტესობისთვის ძნელი ამოსაცნობია. ეს მტერი მცირე ჯგუფების გამოყენებით ახორციელებს საიდუმლო ბრძოლას. ტექნოლოგიურად იმდენად დიდი შესაძლეობლობები აქვთ, რომ პრეზიდენტისა და გენერალური პროკურორისთვის უდიდეს გამოწვევას წარმოადგენენ. სწორედ მათ უნდა დაიწყონ ამერიკელ ხალხთან იმაზე საუბარი, თუ რას ნიშნავს ამ კონფლიქტში მონაწილეობა და როგორ უნდა გავაგრძელოთ ეს ომი.“

ამერიკელების დიდი ნაწილი თანხმდება, რომ აუცილებელია დებატების გამართვა იმაზე, თუ როგორ უნდა მოხდეს ქვეყნის უსაფრთხოების უზრუნველყოფა და ამერიკის კონსტიტუციით თითოეული ადამიანისთვის მინიჭებული უფლების დაცვა.
XS
SM
MD
LG