ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ობამა სათვალთვალო პროგრამებს ამართლებს


პრეზიდენტის განცხადებით, დაზვერვის პროგრამების წყალობით მსოფლიო სულ ცოტა 50 ტერორისტულ აქტს გადაურჩა

ბერლინში მყოფმა შეერთებული შტატების პრეზიდენტმა გერმანელ კოლეგასთან ერთად ერთობლივ პრესკონფერენციაზე ამერიკული სათვალთვალო პროგრამები გაამართლა. დაზვერვის პროგრამები შეერთებულ შტატებში სკანდალური თემაა, რომელიც მედიის პირველი გვერდებიდან არ ჩამოდის. წინააღმდეგობებით მოცულ სათვალთვალო პროგრამების საკითხს შეერთებული შტატების სადაზვერვო სააგენტოები უსაფრთხოების მოთხოვნათა აუცილებლობით ხსნიან. რიგითი ამერიკელების ნაწილი კი აღშფოთებულია იმით, რომ ქვეყანში თითქმის ყველა სატელეფონო საუბარი ისმინება და მათი პირადი ინფორმაცია დაცული არ არის.

გთხოვთ, დაიცადოთ

No media source currently available

0:00 0:04:10 0:00
ბმული

პრეზიდენტმა ობამამ ქალაქ ბერლინში ანგელა მერკელთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე რამდენიმე განმარტება გააკეთა. კერძოდ, ისაუბრა ინტერნეტ-თვალთვალის პროგრამის შესახებ, რომელსაც შემოკლებით „პრიზმას“ (PRISM) უწოდებენ. პრეზიდენტის თქმით, პროგრამა შეერთებულ შტატებში კანონიერია და მას მოქალაქეთა კერძო ინფორმაციაზე ხელმისაწვდომობა შეზღუდული აქვს.

ეს არ არის ისეთი სიტუაცია, როცა ჩვენ ყველა რიგითი გერმანელი, ამერიკელი, ფრანგი, ან სხვა რომელიმე ქვეყნის მოქალაქის ელექტრონულ წერილებში ვიხედებით. ეს არ არის სიტუაცია, როცა ინტერნეტში შევდივართ და როგორც მოგვესურვება, ისე ვიწყებთ კორესპონდენციის მასობრივ შესწავლას“ - აღნიშნა პრეზიდენტმა ობამამ. მან ასევე გაუსვა ხაზი იმ გარემოებას, რომ სათვალთვალო პროგრამების წყალობით, ამერიკამ მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში, მათ შორის შეერთებულ შტატებში და გერმანიაშიც, სულ ცოტა 50 ტერორისტული იერიში აღკვეთა.

თავად გერმანიის მოქალაქეთა ნაწილი შეშფოთებას გამოთქვამს იმის თაობაზე, რომ ამერიკული ინტერნეტ-თვალთვალის პროგრამა „პრიზმა“ მათ „სტასის“ სადაზვერვო სააგენტოს მეთოდებს აგონებს, რომელიც აღმოსავლეთ გერმანიის ყოფილ კომუნისტურ სახელმწიფოში მოქმედებდა. გერმანიის ლიდერის, ანგელა მერკელის განცხადებით, უმაღლესი დონის შეხვედრაზე მსგავსი პროგრამების მნიშვნელობას და ღირებულებას არაერთხელ გაესვა ხაზი და ამ საკითხზე ორივე ქვეყნის ლიდერს სრული ურთიერთგაგება აკავშირებს. თუმცა, მერკელმა ასევე აღნიშნა, რომ მათ შორის გაგრძელდება დისკუსია აუცილებელი „ბალანსის და პროპორციის“ თაობაზე, რომელიც პირადი ინფორმაციის დაცვას და ქვეყნის უსაფრთხოების ინტერესებს შორის უნდა არსებობდეს.

ბერლინში გამართულ შეხვედრაზე პრეზიდენტმა ობამამ და კანცლერმა მერკელმა ამერიკული დაზვერვის პროგრამების გარდა, სხვა მრავალ თემაზე ისაუბრეს. შეერთებული შტატების ლიდერმა პრესკონფერენციაზე პრეზიდენტ ჰამიდ კარზაის განცხადებასაც უპასუხა. ავღანეთის ლიდერმა აღნიშნა, რომ შეერთებულ შტატებთან შეწყვეტს მოლაპარაკებას ამერიკული სამხედრო შენაერთების ერთი ნაწილის ავღანეთში 2014 წლის შემდეგ დატოვების თაობაზე. ჰამიდ კარზაის აღშფოთება იმით იყო გამოწვეული, რომ ამერიკამ განცხადება თალიბანთან მოლაპარაკების დაწყების თაობაზე გააკეთა.

პრეზიდენტ ობამას განმარტებით, ავღანეთში ომი ძალიან დიდი ხნის მანძილზე მიმდინარეობდა და ამიტომ მას არასოდეს ჰქონია ილუზია იმასთან დაკავშირებით, რომ მშვიდობის დამყარების პროცესი იქ იოლი იქნებოდა.

პრესკონფერენციაზე სირიის საკითხებსაც დიდი დრო დაეთმო. კიდევ ერთხელ აღინიშნა, რომ დასავლეთი სირიის ოპოზიციის დასახმარებლად ერთიანდება და ეს ჩრდილოეთ ირლანდიაში გამართულ დიდი რვიანის სამიტზეც დადასტურდა. დასავლეთის ქვეყნების გზავნილი არ შეცვლილა: ომი სირიაში უნდა დასრულდეს და პრეზიდენტი ბაშარ ალ-ასადი ისეთი ლიდერით უნდა შეიცვალოს, რომელიც ქვეყნის გაერთიანების პროცესს ჩაუდგება სათავეში. კანცლერ მერკელის თქმით, გერმანია არ აპირებს სირიის ოპოზიციის იარაღით მომარაგებას, რადგან ეს კანონით აკრძალულია. თუმცა, არსებობს სხვა გზებიც, რითაც გერმანიის მთავრობა სირიელ ხალხს დახმარებას აღმოუჩენს.

პრესკონფერენციის დასასრულს, შეერთებული შტატების ლიდერს ჟურნალისტებმა კუბაში გუანტანამოს საპყრობილის დახურვის თაობაზეც დაუსვეს კითხვა, რაც მისი საარჩევნო პროგრამის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ასპექტი იყო. პრეზიდენტ ობამას განცხადებით, მას ციხის გაუქმება ისევ სურს, თუმცა საკითხის დადებითად გადაწყვეტა კონგრესის მხარდაჭერის გარეშე ვერ მოხდება.
XS
SM
MD
LG