ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ამერიკამ სლოვენიასთან 5G უსაფრთხოების ხელშეკრულება გააფორმა


დღეს, შეერთებულმა შტატებმა და სლოვენიამ მეხუთე თაობის მობილური ტექნოლოგიის (5G) უსაფრთხოების თაობაზე შეთანხმება გააფორმეს. ერთობლივ დეკლარაციას, სლოვენიაში ვიზიტით მყოფმა შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანმა მაიკ პომპეომ და სლოვენიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ანჟე ლოგარმა, მოაწერეს ხელი.

წლის განმავლობაში მსგავსი ხელშეკრულება ვაშინგტონმა რამდენიმე ევროპულ ქვეყანასთან დადო, მათ შორის პოლონეთთან, ესტონეთთან და ჩეხეთთან. შეთანხმების მიხედვით, მხარეები პირობას დებენ, რომ 5G ტექნოლოგიების მიწოდებაში არ იქნება ჩართული უცხო ქვეყნის, მათ შორის ჩინეთის ინტერესები, რასაც დამოუკიდებელი სამართლებრივი ექსპერტიზა უზრუნველყოფს.

ერთი დღით ადრე, ჩეხეთში ვიზიტის დროს, პომპეომ ჩინეთის მზარდი ეკონომიკური გავლენა საბჭოთა კავშირს შეადარა. ამერიკის პირველი დიპლომატის თქმით, დღეს კომუნისტური ჩინეთის ეკონომიკური ძლიერება გარკვეული გაგებით, გაცილებით დიდი გლობალური საფრთხეა მსოფლიოსთვის, ვიდრე საბჭოთა კავშირი იყო, გასულ საუკუნეში მიმდინარე ცივი ომის დროს.

"ჩინეთის კომუნისტური პარტიის საფრთხესთან გამკლავება რამდენადმე უფრო რთულია" - განაცხადა პომპეომ ოთხშაბათს, ჩეხეთის რესპუბლიკის სენატში გამოსვლისას. "ჩინეთის კომუნისტურმა პარტიამ უკვე შეაღწია ჩვენს ეკონომიკაში, ჩვენს პოლიტიკაში, ჩვენს საზოგადოებებში ისე, როგორც ეს საბჭოთა კავშირის დროს არ მომხდარა" - აღნიშნავს შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანი.

ეს სლოვენიაში შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის პირველი ვიზიტია 2011 წლის შემდეგ. მაიკ პომპეო სლოვენიაში ჩეხეთში სტუმრობის შემდეგ ჩავიდა. მისი ევროპული ტურნე ავსტრიაში გრძელდება და ბოლოს პოლონეთში დასრულდება.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG