ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

პომპეო კრემლს "ამერიკის ხმის" და "რადიო თავისუფლების" მიზანში ამოღებაზე პასუხობს


მაიკ პომპეო სახელმწიფო დეპარტამენტის პრესკონფერენციაზე

შეერთებული შტატები ღრმა შეშფოთებას გამოხატავს რუსეთში გამოქვეყნებული საკანონმდებლო გადაწყვეტილების მონახაზთან დაკავშირებით. მისი სამიზნეა შეერთებული შტატების გლობალური მედია-სააგენტოს (USAGM) ორი მაუწყებელი: "ამერიკის ხმა" და "რადიო თავისუფალი ევროპა/რადიო თავისუფლება".

ამასთან დაკავშირებით დღეს განცხადება შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანმაც გააკეთა. მაიკ პომპეო მაუწყებლების მნიშვნელოვან ისტორიულ როლზე საუბრობს და რუსეთს მოუწოდებს გადახედოს საკუთარ ქმედებებს, რომელიც ორ ქვეყანას შორის არსებულ ურთიერთობას კიდევ უფრო აზიანებს.

"70 წელზე მეტია "ამერიკის ხმა" (VOA) და "რადიო თავისუფალი ევროპა/რადიო თავისუფლება" (RFE/RL) რუსეთის ხალხისთვის დამოუკიდებელი ახალი ამბების და ინფორმაციის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი წყაროები არიან... ჩვენ ღრმად შეშფოთებულნი ვრჩებით რუსეთში დამოუკიდებელ მედიაზე გაგრძელებული იერიშებით და მოვუწოდებთ რუსეთს დაიცვას საერთაშორისო ვალდებულებები და ეუთოს ხელშეკრულებით გათვალისწინებული გამოხატვის თავისუფლებებისადმი ერთგულება. მოვუწოდებთ რუსეთის მთავრობას გადახედოს ამ ქმედებებს, რომელიც კიდევ უფრო აზიანებს ჩვენს ორმხრივ ურთიერთობას" - ნათქვამია სახელმწიფო მდივან მაიკ პომპეოს განცხადებაში.

გასული წლის დეკემბერში, რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა ხელი მოაწერა კანონს, რომელიც მოქალაქეების და ორგანიზაციების „უცხოეთის აგენტებად“ გამოცხადების საშუალებას იძლევა. კანონის მიხედვით, გაფართოვდება იმ მედიასაშუალებების ნუსხა, რომელთაც კრემლი „უცხოეთის აგენტებად“ აღიარებს, მათ შორისაა "ამერიკის ხმა" და "რადიო თავისუფლებაც".

კრემლი ითხოვს, რომ ორივე მედია ორგანიზაციამ ყველა პროდუქტს დაურთოს სპეციალური განმარტება: მასალებში გააკეთდეს ჩანაწერი, რომ ისინი არიან "უცხოეთის აგენტები". ამასთან, ახალი დამატების მიხედვით, ტექსტურ მასალებში წარწერის -"უცხოელი აგენტები"- ზომა, 2-ჯერ უნდა აღემატებოდეს შინაარსის ზომას. ვიდეოში კი 15 წამის განმავლობაში უნდა გამოჩნდეს წარწერა "უცხოელი აგენტები", რომელიც დაფარავს ეკრანის 20 პროცენტს.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG