ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ფლორიდის გამოძახილი და „დაიცავი თავი ადგილზე“


ფლორიდაში შავკანიანი მოზარდის მკვლელობამ იარაღის კანონის შესახებ ახალ პოლემიკას დაუდო საფუძველი. დეტალებს „ამერიკის ხმის“ კორესპონდენტი კრის სიმკინსი არკვევდა.

უბნის მოხალისე პატრული ჯორჯ ზიმერმანი აცხადებს, რომ მან 17 წლის ტრეივონ მარტინს ჩხუბის დროს თავდაცვის მიზნით ესროლა, მას შემდეგ, რაც პოლიციის ცხელ ხაზზე დარეკა და საეჭვო პირის შესახებ მოახსენა.

დისპეჩერმა ზიმერმანს უთხრა, რომ საჭირო არ იყო საეჭვო პირის კვალში ჩადგომა. ამ ინციდენტის შემდეგ ფლორიდაში დაიწყო კანონის განხილვა, რომელიც ფლორიდელებს თავდაცვის მიზნით იარაღის გამოყენების უფლებას აძლევს, თუნდაც იმ შემთხვევაში, თუ ინციდენტი მისი სახლის გარეთ ხდება.

ზიმერმანმა პოლიციას განუცხადა რომ, მან მარტინს მას შემდეგ ესროლა, რაც მოზარდმა სახეში მუშტი დაარტყა. ხელისუფლებამ ზიმერმანს დანაშაული სწორედ ამ კანონის გამო არ დააკისრა. თუმცა, სხვაგვარად ფიქრობს ფლორიდის ყოფილი გუბერნატორი ჯებ ბუში, რომელმაც კანონს სახელად „დაიცავი თავი ადგილზე“ 2005 წელს მოაწერა ხელი.

„დაიცავი თავი ადგილზე ნიშნავს ადგილზე ყოფნას და არ ნიშნავს, რომ ვინმეს გამოედევნო, რომელიც შემდეგ მოგიტრიალდება,“ - ამბობს ბუში.

კანონის მომხრეები აცხადებენ, რომ ეს ამცირებს ძალადობრივ დანაშაულს და იცავს იმ მოქალაქეებს, რომლებიც თავდაცვას ცდილობენ. გრეგ სტოუნი იარაღის ტარების კანონის გაფართოვებასაც თხოვს.

„ბევრჯერ და მრავალგზის დადასტურდა, რომ ეს ცხოვრებას უფრო უსაფრთხოს ხდის. შეიარაღებული საზოგადოება უფრო ზრდილობიანი საზოგადოებაა,“ - ამბობს სტოუნი.

ამ მოსაზრებას არ ეთანხმება შეიარაღებული ძალადობის კვლევის ცენტრის ხელმძღვანელი დენიელ გროსი. ის კონგრესმენებს ამ კანონის დეტალურ გადახედვას ითხოვს.

„ფლორიდაში სამართალდამცავები არ ართმევენ ლიცენზიას იმ იარაღის პატრონებს რომლებიც შეიარაღებულ ხალხს კლავენ. ამდენად ამ კანონს „დაიცავი თავი ადგილზე“ უფრო შეეფერება სახელი „ჯერ ესროლე და შემდეგ განმარტე“ - ამბობს გროსი.

ფლორიდაში არსებული კრიმინალური სტატისტიკის მიხედვით, კანონის ამოქმედებიდან ხუთი წლის მანძილზე გამამართლებელი მკვლელობების რაოდენობა გასამმაგდა. კანონის ერთერთი შემქმნელი ფლორიდის ყოფილი სენატორი დურელ პედენი ამბობს, რომ ამ კანონში არაფერია ნათქვამი იარაღით გამოდევნებაზე და წინასწარგანზრახულ მოქმედებაზე.

შეერთებული შტატების ნახევარზე მეტს ანალოგიურ კანონი გააჩნია. თუმცა საზოგადოების ნაწილში უკმაყოფილების დონე ამ კანონთან დაკავშირებით უფრო და უფრო ძლიერდება. ტრეივონ მარტინის მკვლელობის შემდეგ გაძლიერდა საპროტესტო აქციები, სადაც კანონმდებლებს არსებული კანონების შეცვლისკენ მოუწოდებენ.

XS
SM
MD
LG