ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

დაუწესებს თუ არა ამერიკა სანქციებს რუსულ გაზსადენს  


დემოკრატი სენატორების ნაწილი ფიქრობს, რომ ამერიკამ "ჩრდილოეთ ნაკად 2-ს" სანქციები არ უნდა დაუწესოს. განცხადებები ამერიკელმა კანონმდებლებმა პრეზიდენტ ბაიდენის ადმინისტრაციაში გამართული შეხვედრის შემდეგ გააკეთეს. მათ მიაჩნიათ, რომ სანქციების დაწესება რუსულ გაზსადენზე ამერიკა-გერმანიის ურთიერთობებზე უარყოფით გავლენას იქონიებს.

პარალელურად კი ამერიკის სენატში რესპუბლიკური პარტიის წევრები მხაარს უჭერენ რესპუბლიკელი სენატორის ტედ კრუზის ინიციატივას, რომელიც რუსული გაზსადენისთვის ახალი და ძლიერი სანქციების დაწესებას ითვალისწინებს. როგორც ცნობილია, შეხვედრას თეთრ სახლში სახელმწიფო მდივნის მოადგილე ვიქტორია ნულანდი, ჯო ბაიდენის გლობალური ენერგეტიკული უსაფრთხოების მრჩეველი და კიდევ 10-მდე დემოკრატი სენატორი ესწრებოდა.


მოსალოდნელია, რომ კანონმდებლებმა სენატში ტედ კრუზის ინიციატივა ამ კვირაში განიხილონ, კენჭი უყარონ და დაამტკიცონ. რესპუბლიკელი სენატორის ინიციატივას 60 სენატორის მხარდაჭერა ჭირდება. ამ დროისთვის ამერიკის შეერთებული შტატების სენატში 50 დემოკრატი და 50 რესპუბლიკელი არის წარმოდგენილი. ხმების თანაბარი გაყოფის შემთხვევაში, გადამწყვეტი ხმის უფლება აქვს დემოკრატ ვიცე-პრეზიდენტ კამალა ჰარისს.

იმ შემთხვევაში, თუ სენატორები მხარს დაუჭერენ ინიციატივას, შემდეგ კანონპროექტს ხელი პრეზიდენტმა ბაიდენმა უნდა მოაწეროს. ის კანონის ძალას მხოლოდ ამის შემდეგ შეიძენს. დემოკრატი სენატორების ნაწილმა შეხვედრის შემდეგ თქვეს, რომ პრეზიდენტ ბაიდენის ადმინისტრაციას დამაჯერებელი შეხედულებები აქვთ.

სენატორ კრის მერფის თქმით, კანონპროექტმა შეშძლოა ზიანი მიაყენოს ურთიერთობას გერმანიის ახალ მთავრობასთან. დემოკრატებს მიაჩნიათ, რომ ახლა ამერიკას გერმანიასთან კარგი ურთიერთობა სჭირდება, რათა დასავლეთმა ეფექტური ზეწოლა მოახდინოს რუსეთზე, მოსკოვის უკრაინაში შეჭრის შემთხვევაში.

რუსული მილსადენი გერმანიაში ბალტიის ზღვის გავლით და უკრაინის გვერდის ავლით გაიყვანეს. მისი მშენებლობა შემოდგომაზე დასრულდა, თუმცა გერმანიის რეგულატორების მიერ, "ჩრდილოეთ ნაკადი-2-ის" ამოქმედება ჯერჯერობით შეჩერებულია. არ არის გამორიცხული, პირველი ნაკადის გაშვება 2022 წლის პირველ კვარტალში მოხდეს.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG