ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

აშშ-ის დაზვერვის ყოფილი დირექტორი ტრამპს აკრიტიკებს


შეერთებული შტატების დაზვერვის ცენტრალური სააგენტოს ყოფილი დირექტორი მაიკლ ჰეიდენი ამბობს, რომ პრეზიდენტ დონალდ ტრამპის მიერ დაზვერვის სააგენტოს ერთ-ერთი ყოფილი დირექტორისთვის საიდუმლო ინფორმაციაზე დაშვების ჩამორთმევა არადემოკრატიულია. ჰეიდენმა ასევე დასძინა, რომ პრეზიდენტის ეს ნაბიჯი საფრთხეს უქმნის იმ პროცესს, რომელითაც ამერიკელები საკუთარ ქვეყანას მართავენ.

„ამერიკის ხმასთან“ ინტერვიუში ჰეიდენმა თქვა, რომ ყოფილ დირექტორ ჯონ ბრენანს ისეთი არაფერი გაუკეთებია, რის გამოც მას საიდუმლო ინფორმაციაზე წვდომა უნდა ჩამორთმეოდა. მისი თქმით, ლეგალური თვალსაზრისით, არსებობს 13 კრიტერიუმი, რომელთაგან ერთის დარღვევის შემთხვევაშიც კი ადამიანს საიდუმლო ინფორმაციაზე წვდომა ეზღუდება. ჰეიდენის თქმით, ბრენანს არც-ერთი კრიტერიუმი არ დაურღვევია, რაც იმას ნიშნავს, რომ პრეზიდენტმა ეს გადაწყვეტილება პოლიტიკური მოტივით მიიღო.

„ეს ამერიკის მთავრობის მხრიდან, პრეზიდენტის მიერ გადადგმული მიუღებელი ნაბიჯია,“ თქვა ჰეიდენმა.

ბრენანი ბოლო პერიოდში პრეზიდენტ ტრამპის მიმართ უკიდურესად კრიტიკული იყო. მაგალითად, ჰელსინკიში დონალდ ტრამპისა და რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის ერთობლივი პრეს-კონფერენციის შემდეგ, ბრენანმა თქვა, რომ პრეზიდენტ ტრამპის საქციელი „სხვა არაფერია, თუ არა ღალატი.“

პრეზიდენტმა ტრამპმა განაცხადა, რომ ის სავარაუდოდ, სადაზვერვო სამსახურების სხვა ყოფილ მაღალჩინოსნებსაც ჩამოართმევს საიდუმლო ინფორმაციაზე წვდომის უფლებას.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG