ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ვაშინგტონი სწრაფად დაადგენს, რამდენად სერიოზულად უდგება ირანი ბირთვულ მოლაპარაკებას


ენტონი ბლინკენი ეუთოს მინისტერიალის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე. სტოკჰოლმი, შვედეთი. 2 დეკემბერი, 2021.

შეერთებული შტატების ოფიციალური პირები ზრდიან წნეხს ირანზე, რათა დააზუსტონ, თუ რამდენად სერიოზულად უდგება ირანი 2015 წლის ბირთვული შეთანხმების განახლებას. მოლაპარაკების პროცესი ირანთან დადებული საერთაშორისო ბირთვული ხელშეკრულების განახლებაზე, რომელმაც თეირანს ბირთვული აქტივობა შეუზღუდა, ავსტრიის დედაქალაქ ვენაში თვეებია გრძელდება. შეთანხმება ამერიკამ ყოფილი პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის გადაწყვეტილებით, 2018 წელს დატოვა. აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა კი მისი განახლების სურვილი გამოთქვა.

"ჩვენ ძალიან, ძალიან სწრაფად გვეცოდინება, ვფიქრობ, შემდეგი ორიოდ დღის მანძილზე, სერიოზულია, თუ არა ირანის მიდგომა" - განაცხადა ხუთშაბათს ენტონი ბლინკენმა, აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა სტოკჰოლმიდან გამგზავრებამდე გამართულ პრესკონფერენციაზე.

ორ ქვეყანას შორის არაპირდაპირი მოლაპარაკება, შეთანხმების აღდგენის თაობაზე, ვენაში ორშაბათს განახლდა. დანარჩენი ქვეყნები - ბრიტანეთი, საფრანგეთი და გერმანია - მათ შორის მედიატორის როლში არიან. მანამდე, აპრილიდან ივნისამდე მოლაპარაკებათა 5 რაუნდი უშედეგოდ გაიმართა. ბოლოს ირანმა მოლაპარაკება დატოვა იმ მიზეზით, რომ ქვეყანაში იმ თვეში საპრეზიდენტო არჩევნები იმართებოდა.

2015 წლის შეთანხმებით, ირანი ბირთვულ აქტივობას საერთაშორისო სანქციების მოხსნის სანაცვლოდ ზღუდავდა. 2018 წელს, ამერიკის შეთანხმებიდან ცალმხრივად გასვლის შემდეგ, ვაშინგტონმა ირანზე დაწესებული სანქციები განაახლა, თეირანმა კი ურანით გამდიდრების პროცესი გააგრძელა. ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტო ადასტურებს, რომ ირანმა დაიწყო მოწინავე ცენტრიფუგების გამოყენება და ურანით 20%-ით გამდიდრება ფორდოს მიწისქვეშა ბირთვულ სადგურზე.

ხუთშაბათსვე, ალი გაღერი ქანიმ, რომელიც ირანის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილეა და ასევე მთავარი მომლაპარაკებელია ბირთვულ საკითხებზე, საპასუხო განცხადება გააკეთა. ის ამბობს, რომ თეირანი მზადაა მოლაპარაკების გასაგრძელებლად, თუკი მეორე მხარეც მზად იქნება იგივე ნაბიჯი გადადგას.

Facebook Forum

ტვიტერი

XS
SM
MD
LG