ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

როგორ ფასდება „გადატვირთვა" დღეს?


ანალიტიკოსები აღნიშნავენ, რომ რუსეთსა და ამერიკას შორის ურთიერთობა ისევ არასახარბიელო მდგომარეობაშია.

პრეზიდენტ ბარაკ ობამას ადმინისტრაციის საგარეო პოლიტიკაში, მისი პირველი საპრეზიდენტო ვადის დროს, ე.წ. „გადატვირთვის“ პოლიტიკა დომინირებდა. ეს პოლიტიკა მიზნად ისახავდა ვაშინგტონსა და მოსკოვს შორის ურთიერთობის გაუმჯობესებას, რომელიც ბუშის ადმინისტრაციის ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში დაბალ ნიშნულზე დაეშვა.

„გადატვირთვამ“ კონკრეტული შედეგები მოიტანა, როგორიც იყო მნიშვნელოვანი ხელშეკრულება სტრატეგიული შეიარაღების კონტროლის შესახებ. მოსკოვმა ასევე ნება დართო ამერიკულ ძალებს, რუსეთის ტერიტორიის გავლით განეხორციელებინათ ტრანზიტი ავღანეთში. გაერთიანებული ერების ორგანიზაციაში, რუსეთმა ხმა მისცა თეირანის მიმართ უფრო მკაცრი სანქციების მიღებას, მისი სავარაუდო ბირთვული იარაღის პროგრამის გამო. ამასთანავე, ვაშინგტონმა გადამწყვეტი როლი ითამაშა რუსეთის მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში მიღების საქმეში.

მაგრამ ახლა, როგორც ანალიტიკოსები ამბობენ, ორ ქვეყანას შორის ურთიერთობა ისევ ფუჭდება.

კოლუმბიის უნივერსიტეტის საპატიო პროფესორი რობერტ ლეგვოლდი ამბობს, რომ ვაშინგტონსა და მოსკოვს შორის ურთიერთობის მუდმივ ცვლილებებში ახალი არაფერია.

„კლინტონის ადმინისტრაციის დროს, ნატოს გაფართოების შემდეგ და 1999 წლის კოსოვოს ომის პერიოდში ყველაფერი დაბალ ნიშნულზე იყო. კლინტონის საპრეზიდენტო ვადის დასასრულისთვის ვერავითარ შედეგებს ვერ ვაღწევდით. ჩვენ ზუსტად დღევანდელის მსგავს მდგომარეობაში ვიყავით. ეს ისევ მოხდა იმ პროგრესის შემდეგ, რომელიც გვქონდა ბუშის ადმინისტრაციის პერიოდში 11 სექტემბრის შემდგომ, 2003 წლის შემდეგ, ერაყის ომიდან საქართველოს ომამდე 2008 წელს. ამის შემდეგ, ობამას ადმინისტრაციამ და რუსეთის მაშინდელმა პრეზიდენტმა მედვედევმა ეს მდგომარეობა ორმოდან ამოწიეს. ახლა, ჩვენ ისევ დავუბრუნდით იგივე მდგომარეობას და ჯერ კიდევ არ ვიცით, როგორ გამოვიდეთ ამ წრიდან.

ანალიტიკოსები ამბობენ, რომ შეერთებულ შტატებსა და რუსეთს შორის მნიშვნელოვანი უთანხმოების საგანია ომი სირიაში. ვაშინგტონს სურს პრეზიდენტ ბაშარ ალ-ასადის ხელისუფლებიდან ჩამოშორება, მოსკოვი კი განაგრძობს მის მხარდაჭერას საერთაშორისო პოლიტიკურ არენაზეც და იარაღის მიწოდებითაც.

ვილსონის ცენტრის, ქენანის ინსტიტუტის დირექტორი მეთიუ როჟანსკი ამბობს, რომ რუსეთის წინააღმდეგობა მხოლოდ რეჟიმის შეცვლის საკითხს არ შეეხება.

„აქ მეორადი საკითხი დგას, რა იქნება ასადის შემდეგ? დავუშვათ, ასადი გადადგა. დავუშვათ, ალავიტების რეჟიმი წავიდა. მერე რა? ისინი უყურებენ ეგვიპტეს, ისინი უყურებენ ლიბიას, ერაყს, ავღანეთს და სიმშვიდის მიმნიჭებელ ერთ მაგალითსაც ვერ ხედავენ, სადაც იქნება ისლამიზმის, იარაღის კონტრაბანდის და ჯიჰადისტი ტერორისტების უსასრულო გავრცელების საწინააღმდეგო ბასტიონი. იმ ტერორისტებისა, როგორც ისინი, როგორც მე ვფიქრობ, სამართლიანად მიიჩნევენ, შეიძლება რუსების დახოცვაზე გადავიდნენ, შეიძლება აღმოჩნდნენ ჩრდილოეთ კავკასიაში, შეიძლება თუნდაც სოჭის 2014 წლის ზამთრის ოლიმპიური თამაშების მახლობლადაც აღმოჩნდნენ.“

ბევრი ექსპერტი ამბობს, რომ პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინის მიერ სამოქალაქო საზოგადოების შევიწროებამაც იქონია უარყოფითი გავლენა ამერიკა-რუსეთის ურთიერთობებზე. უთანხმოების სხვა სფეროებს განეკუთვნება სარაკეტო თავდაცვა და შეერთებულ შტატებში ჯაშუშობისათვის ძებნილი, ამერიკის სადაზვერვო სამსახურის ყოფილი კონტრაქტორის, ედუარდ სნოუდენისათვის დროებითი თავშესაფრის მინიჭება.

ნაწილობრივ ამის გამოც, პრეზიდენტმა ობამამ გააუქმა პრეზიდენტ პუტინთან მოსკოვში დაგეგმილი პირისპირ შეხვედრა, რომელიც დიდი ოცეულის სანკტ პეტერბურგის უმაღლესი დონის შეხვედრის წინ, სექტემბრის დასაწყისში უნდა შემდგარიყო.

როჟანსკი ამბობს, რომ ობამას გადაწყვეტილება შეცდომა იყო.

„მისთვის ეს მისაღებია და შეუძლია სთქვას, მე მივდივარ დიდი ოცეულის შეხვედრაზე, რომელიც რუსეთში იმართება და ხელს ჩამოვართმევ პუტინს, მაგრამ რატომ უნდა წავიდე მოსკოვში და დავკარგო ნახევარი დღე იმ კაცთან, რომელსაც არანაირი მინიშნება არ გაუკეთებია, რომ აპირებს ან დაინტერესებულია იმით, რომ წინ წავიწიოთ იმ საკითხებში, რომლებიც მნიშვნელოვანია ჩემთვის. ასეთი პოზიცია მისაღებია ობამასთვის, შეიძლება ობიექტურად პოლიტიკურადაც გამართლებული იყოს. არის ერთი კონტექსტი, რომელშიც ეს გამართლებული არაა. ესაა ამერიკა-რუსეთის ურთიერთობები, სადაც თუ კარს გამოიხურავ და კავშირის ყველა არხს დაკეტავ, განსაკუთრებით უმაღლეს დონეზე, ამით წარუმატებლობის და საბოლოო ჯამში კრიზისის გარანტიას ჰქმნი.“

რობერტ ლეგვოლდი ამას ეთანხმება

„ასეთ გარემოებებში სარისკო ის არის, რომ ქვეყნების ლიდერები არ არიან დაინტერესებულნი ურთიერთობის გაუმჯობესებით და გაღრმავებით. როცა რაღაც ხდება, მოვლენა, რომელიც რამენაირად წააგავს რუსეთ -საქართველოს ომს, მოვლენა, რომელიც შესაძლოა ყოფილი საბჭოთა კავშირის სივრცეში მოხდეს, ის შეიცავს ძალიან სერიოზული ზიანის რისკს.“

ბევრი ექსპერტი ამბობს, რომ ბურუსითაა მოცული თუ როდის გაუმჯობესდება ურთიერთობა ვაშინგტონსა და მოსკოვს შორის, მაშინ როცა „გადატვირთვა“ უკვე მოგონებად იქცა.
XS
SM
MD
LG