რუსეთის უმაღლესი სამხედრო პირი ამბობს, რომ იმ შემთხვევაში, თუ შეერთებული შტატები მძიმე ამერიკულ შეიარაღებას აღმოსავლეთ ევროპაში და ბალტიის ქვეყნებში მუდმივად განალაგებს, რუსეთი თავის ჯარებს დასავლეთის საზღვრებთან გააძლიერებს.
სააგენტო ინტერფაქსმა რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მაღალი თანამდებობის პირის, გენერალ იური იაკუბოვის ციტირება მოახდინა. გენერალი ამბობს, რომ ამ გეგმის განხორციელება „პენტაგონის და ნატოს მხრიდან, გასული საუკუნის ცივი ომის შემდეგ ყველაზე აგრესიული ნაბიჯი“ იქნება. რუსეთს კი „დასავლეთის სტრატეგიულ მიმართულებაზე ჯარების და აღჭურვილობის გაზრდის გარდა“ სხვა გზა არ ექნება.
გაზეთი „ნიუ იორკ თაიმსი" შაბათს წერდა, რომ თავდაცვის მდივანი კარტერი და პრეზიდენტი ობამა ამ გეგმას თუ დაამტკიცებენ, შეერთებული შტატები საბრძოლო მანქანებს და 5 ათას სამხედროს ბულგარეთში, ესტონეთში, ლატვიაში, ლიტვაში, რუმინეთში, პოლონეთში და შესაძლოა უნგრეთშიც განალაგებს.
იაკუბოვმა სააგენტო ინტერფაქსს უთხრა, რომ ასეთ ნაბიჯს რუსეთი ახალი სატანკო, საარტილერიო და საჰაერო დანაყოფების განლაგებით უპასუხებს. მან ასევე თქვა, რომ კალინინგრადის ანკლავში განლაგებულ სარაკეტო ბრიგადას, უახლესი ისკანდერის ტიპის რაკეტებით უფრო სწრაფად აღჭურვავენ, ბელარუსში განლაგებულ სამხედრო დაჯგუფებაში კი „მნიშვნელოვანი ცვლილებები“ განხორციელდება.