ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

კრემლის სამეზობლო პოლიტიკა


პუტინის გრაფიტი ყირიმში, ივნისი, 2015წ
პუტინის გრაფიტი ყირიმში, ივნისი, 2015წ

მოამზადა ნანა საჯაიამ

„რუსეთის გაზზე დამოკიდებულება ევროპას შებოჭავს“ - ეს განცხადება გუშინ შვიდი ინდუსტრიული ქვეყნის ლიდერმა რომში გააკეთა, სადაც დიდი შვიდეულის ეკონომიკის და ენერგეტიკის მინისტრებმა უკრაინაში განახლებული დაძაბულობის გამო უკიდურესი შეშფოთება გამოთქვეს.

ერთი დღით ადრე შეერთებული შტატების პრეზიდენტმა - ბარაკ ობამამ დიდი შვიდეულის სამიტის დამთავრების შემდეგ განაცხადა, რომ სამიტის მონაწილე 7 ლიდერი რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციების შენარჩუნებაზე შეთანხმდა „მანამ სანამ მინსკის შეთანხმების პირობები ირღვევა“.

რუსეთის მდგომარეობა ევროპაში ამაზე უარესი ცივი ომის შემდეგ არ ყოფილა.
მარკ კრემერი, ჰარვარდის უნივერსიტეტის რუსეთის მკვლევარი

ჰარვარდის უნივერსიტეტის რუსეთის მკვლევარი მარკ კრემერი მიიჩნევს, რომ უკანსაკნელი წლების საგარეო პოლიტიკის, განსაკუთრებით 2008 წლის აგისტოს ომის და ყირიმის ანექსიის შემდეგ, რუსეთი სამეზობლოს და დასავლეთს დაშორდა.

„ფინეთი და შვედეთი, რომლებიც ნეიტრალურად იყვნენ განწყობილნი ახლა რუსეთის ქმედებების გამო ნატოში გაწევრიანებას ფიქრობენ. პატარა ევროპული ქვეყნებს, განსაკუთრებით სერბეთს, უნგრეთს და სლოვაკეთს ევროპის კავშირის და ნატოს სხვა ქვეყნებისგან განსხვავებით რუსეთის წინააღმდეგ მტკიცე პოზიციები არ დაუჭერიათ, მაგრამ ისინიც კი არ აპირებენ რუსეთის მხარეს დადგომას. საკმარისია იმის თქმა, რომ რუსეთის მდგომარეობა ევროპაში ამაზე უარესი ცივი ომის შემდეგ არ ყოფილა,“ ამბობს კრემერი „ამერიკის ხმასთან“ ინტერვიუში.

მისივე თქმით რუსეთმა ასევე მოახერხა შეერთებულ შტატებსა და კანადას დაპირისპირებოდა. ობამას ადმინისტრაციის 2009 წელს ხელმოწერილი გადატვირთვის პოლიტიკა უიმედო და ზედაპირული მცდელობა აღმოჩნდა, სულ მცირე იმიტომ რომ ის პუტინის პრეზიდენტად მობრუნებას არ ითვალისწინებდა, რასაც კრემერი შეცდომას უწოდებს.

თუმცა იქვე დასძენს, რომ დასავლეთისგან განსხვავებით პუტინი წარმატებით თანამშრომლობს აზიის ქვეყნებთან, მეტწილად იმიტომ რომ ჩინეთში, ირანსა და ჩრდილოეთ კორეაში „დიქტატურაა და პუტინთან საერთო ავტორიტარაული მმართველობა აქვთ.“

„მთლიანობაში პუტინის ნაბიჯები რუსეთს ევროპაში ძვირი დაუჯდა, მაგრამ დიდი გავლენა არ მოუხდენია რუსეთის მდგომარეობაზე აზიაში,“ ამბობს კრემერი.

რუსეთი არღვევს საზღვრებს, ის არ აღიარებს მათ სუვერენულ სახელმწიფოებად ან იმას, რომ მათი ტერიტორია განსაზღვრულია საერთაშორისო სამართლით.
სტივენ ბლენკი, ამერიკის საგარეო პოლიტიკის საბჭოს ექსპერტი

ამერიკის საგარეო პოლიტიკის საბჭოს ექსპერტი, რუსეთის და საბჭოთა კავშირის მკვლევარი სტივენ ბლენკი მიიჩნევს, რომ რუსეთი მეზობელი ქვეყნების სუვერენიტეტს და მათი ტერირორიების განმსაზღვრელ საერთაშორისო სამართალს არ ცნობს:

„ფორმულა „კეთილმეზობლური ურთიერთობა“ საბჭოთა ფორმულაა და მოსკოვის გაგებით თავის დროზე საბჭოთა კავშირსა და არასოციალისტურ ქვეყნებს შორის ურთიერთობას ნიშნავდა. ის მოიცავს ურთიერთობას, რომელიც მეგობრულია, მაგრამ არა იდეოლოგიური და ხშირ შემთხვევაში ამ მეზობელ ქვეყნებზე მოსკოვს გავლენის მოპოვების იმედი ჰქონდა.“

ბლენკის აზრით იგივე არ ვრცელდება დღევანდელი დესეთეს ქვეყნებზე, რადგან რუსეთი „კარგი მეგობარი“ არ არის და რუსეთის მთავრობა არ აღიარებს არც ერთი ყოფილი საბჭოთა სახელმწიფოების სუვერენულობას და მათ ტერიტორიულ მთლიანობას.

„როგორც საქართველოში, უკრაინასა და მოლდოვაში ვნახეთ რუსეთი არღვევს საზღვრებს, ის არ აღიარებს მათ სუვერენულ სახელმწიფოებად ან იმას, რომ მათი ტერიტორია განსაზღვრულია საერთაშორისო სამართლით. ამას ემატება ისიც, რომ მოსკოვმა უკრაინასთან ომი დაიწყო და წლების განმავლობაში საქართველოზე სხვადასხვა მეთოდებით ზეწოლას აგრძელებს, რომელსაც 2008 წელს ტერიტორიები ჩამოაჭრა. ასე რომ, კეთილმეზობლური ურთიერთობის არანაირი საფუძველი არ არსებობს,“ ამბობს ბლენკი, რომელიც რუსეთის სამეზობლო პოლიტიკას „ნეო-იმპერიალისტურს უწოდებს.

რუსებს მიაჩნიათ, რომ რუსეთი გარშემორტყმულია მტრებით, ეს მოიცავს როგორც რუსეთის მთავრობას, ასევე მის ხალხს.
მეთიუ ბრაიზა, აშშ-ს ყოფილი ელჩი აზერბაიჯანში

შეერთებული შტატების ყოფილი ელჩი აზერბაიჯანში და ესტონეთში თავდაცვის კვლევების საერთაშორისო ცენტრის დირექტორი მეთიუ ბრაიზა სოჭის ოლიმპიადას და მის 50-მილიარდიან ბიუჯეტს იხსენებს. ის ამბობს, რომ სოჭის ოლიმპიადას რუსეთის მთავრობის მხრიდან პი-არ ნაბიჯად მიიჩნევდა და ეგონა, რომ ამით რუსეთს მისი პოზიტიური იმიჯის შექმნა უნდოდა.

„ვფიქრობდი ამით პუტინი ცდილობდა საქართველოს ოკუპაცია დაგვევიწყებინა, მაგრამ ასე არ მოხდა. რუსეთის საგარეო პოლიტიკა მეზობლებს მტრებად აქცევს. ახალი პი-არ სტრატეგია, რომელშიც კრემლი უზარმაზარ თანხებს დებს ეს ტელევიზია Russia Today-ია. არ მგონია, რომ მას დასავლეთში დიდი გავლენა ჰქონდეს, მაგრამ რუსეთში ბევრს სჯერა, რომ კიევი სახიფათო ქალაქია, სადაც ფაშიტური ბანდები შეიძლება თავს დაგესხნენ.“

ბრაიზას აზრით მტრის ხატებს რუსეთის მთავრობა და მოსახლეობა ერთნარიად იზიარებენ.

„რუსებს მიაჩნიათ, რომ რუსეთი გარშემორტყმულია მტრებით, ეს მოიცავს როგორც რუსეთის მთავრობას, ასევე მის ხალხს. დარწმუნებული ვარ რუსმა ხალხმა, განსაკუთრებით უშოშროების სამსახურმა, იცის რომ დასაველთთან შედარებით რუსეთი სუსტია, ასევე რუსეთი უფრო სუსტია ვიდრე საბჭოთა კავშირი იყო. ერთადერთი რითაც ის თანასწორობას ინარჩუნებს ბირთვული იარაღი. რუსმა ხალხმა ძალიან კარგად იცის, რომ მთავრობა ვერ ახერხებს საბაზისო ეკონომიკური და სოციალური პირობების შექმნას. რუსეთში მდიდრების გამოკლებით საშინელი საცხოვრებელი პირობები აქვთ და ეს ყველაზე უკეთ სწორედ რუსებმა იციან,“ ამბობს ბრაიზა.

XS
SM
MD
LG