ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

კონგრესმენი სანტოსი აცხადებს, რომ მხოლოდ შემდეგ არჩევნებში დამარცხების შემთხვევაში გადადგება


ხუთშაბათს, აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის წევრმა ჯორჯ სანტოსმა განაცხადა, რომ მხოლოდ იმ შემთხვევაში გადადგება, თუ შემდეგ არჩევნებში დამარცხდება. მან განმარტა ადრე გაკეთებული თავისივე განცხადება, რომ გადადგებოდა თუ ამის გაკეთებას „142 ადამიანი“ სთხოვდა, იმის გამო რომ საკუთარი ბიოგრაფიისა და შრომითი საქმიანობის შესახებ ბევრი ყალბი განცხადება გააკეთა.

პოტენციური გადადგომის შესახებ მან პირველად ხუთშაბათს თქვა, როდესაც კაპიტოლიუმის საკუთარი ოფისი სწრაფად დატოვა და ლიფტში შევიდა. „თუ 142 ადამიანი მთხოვს გადადგომას, გადავდგები,“ თქვა მან. პირველად არჩეულმა კონგრესმენმა მოგვიანებით განმარტა, რომ მხოლოდ იმ შემთხვევაში გადადგება, თუ მომავალ, 2024 წლის არჩევნებში 142 ათასზე მეტი ადამიანი, რომელმაც მას ხმა ნოემბერში მისცა, ხმას მის წინააღმდეგ მისცემს.

„მე 142 ათასმა ადამიანმა ამირჩია. სანამ ის 142 ათასი ადამიანი არ მეტყვის რომ არ ვუნდივარ, ამას ორ წელიწადში გავიგებთ,“ თქვა სანტოსმა პოდკასტის დროს და დაამატა, რომ მისი გადადგომის შესახებ პოლიტიკოსების და პარტიის ლიდერების მოთხოვნებს არ დაემორჩილება.

ოთხშაბათს, ათზე მეტმა რესპუბლიკელმა ოფიციალურმა პირმა, მათ შორის სანტოსის ნიუ-იორკის საარჩევნო ოლქიდან, ახლად არჩეული კონგრესმენის გადადგომა მოითხოვა. ხუთშაბათისთვის ამ მოთხოვნებს ნიუ-იორკის კიდევ ექვსი რესპუბლიკელი წარმომადგენელი შეუერთდა, მაგრამ წარმომადგენელთა პალატის სპიკერმა კევინ მაკარტიმ ხუთშაბათს ჟურნალისტებს უთხრა, რომ სანტოსის ბედს ეთიკის კომიტეტს და ამომრჩევლებს მიანდობს.

არასამთავრობო ორგანიზაციამ „ვაშინგტონში პასუხისმგებლობისა და ეთიკისთვის“, სანტოსის გადადგომის მოთხოვნით ონლაინ პეტიცია დაიწყო.

სანტოსმა აღიარა, რომ თავისი რეზიუმე მეტწილად გააყალბა. მათ შორის იცრუა რომ ნიუ-იორკის უნივერსიტეტის და ბარუხის კოლეჯის დიპლომები აქვს და „გოლდმან საქსში“ და „სითიგრუპში“ მუშაობდა. ასევე განაცხადა, რომ ებრაელი იყო და მისი წინაპრები მეორე მსოფლიო ომის დროს ნაცისტებს გამოექცნენ.

XS
SM
MD
LG