ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

კაპიტოლიუმის დარბევაში მონაწილე ასობით ადამიანს სასჯელი ემუქრება


ამერიკელი პროკურორები ამბობენ, რომ ამოიცნეს 170 ადამიანი იმათგან, ვინც გასულ ოთხშაბათს, კაპიტოლიუმში შეიჭრა და ქვეყნის მთავარი საკანონმდებლო ორგანო დაარბია.

მაიკლ შერვინმა, რომელიც კოლუმბიის ოლქის მოქმედი პროკურორია, ჟურნალისტებს უთხრა, რომ კაპიტოლიუმში დარბევის მონაწილეთაგან 70-ს უკვე წარედგინა ბრალი. მისივე თქმით, მსგავსი რამ კიდევ 100 ადამიანის წინააღმდეგ მოხდება.

"ვეჭვობ, რომ ეს რიცხვი ასობით მეტი იქნება", თქვა შერვინმა პრეს-კონფერენციის დროს.

მისივე განცხადებით, ყველა დამნაშავის ამოსაცნობად, გამოძიებას თვეები დასჭირდება. "ეს გრძელვადიანი გამოძიება იქნება", თქვა მან.

კაპიტოლიუმში შეჭრას 5 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. მათგან ერთი კაპიტოლიუმის პოლიციის ოფიცერი იყო. სიტუაციის დაძაბვის გამო, ქალაქის მერმა ადგილზე ეროვნული გვარდია გამოიძახა, ქალაქში კი საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა.

ძალადობის წახალისებისა და არჩევნებთან დაკავშირებით ცრუ ინფორმაციის გავრცელებაში, დემოკრატები და რესპუბლიკელების ნაწილი, მოქმედ პრეზიდენტს, დონალდ ტრამპს ადანაშაულებენ.

ნენსი პელოსიმ, წარმომადგენელთა პალატის სპიკერმა, გასულ კვირასვე მოითხოვა ტრამპის თანამდებობიდან გადაყენება, ან იმპიჩმენტი. დღეს კი, წარმომადგენელთა პალატა პრეზიდენტის იმპიჩმენტის 4-გვერდიან რეზოლუციას უყრის კენჭს. თუ რეზოლუცია ხმათა უმრავლესობას მიიღებს, მაშინ დონალდ ტრამპი გახდება ამერიკის ისტორიაში პირველი პრეზიდენტი, ვისი იმპიჩმენტიც 2-ჯერ მოხდა.

თუმცა, იმისთვის, რომ დონალდ ტრამპს საბოლოოდ შეუწყდეს უფლებამოსილება, საჭიროა, რომ სენატში გამართულ სასამართლოს ტიპის მოსმენაზე, კანონმდებლებმა საბოლოოდ გადაწყვიტონ პრეზიდენტის ბედი.

დონალდ ტრამპის პრეზიდენტობის ვადა 2021 წლის, 20 იანვრის შუადღის 12 საათზე იწურება. სწორედ ამ დროს დადებს ქვეყნის ახლადარჩეული, 46-ე პრეზიდენტი, ჯო ბაიდენი, ფიცს და შეუდგება მოვალეობის შესრულებას.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG