ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ვაშინგტონი ჰაკერების მორიგ თავდასხმას იძიებს


აშშ-ის დაზვერვის ეროვნული სააგენტოს (NSA) შენობა
აშშ-ის დაზვერვის ეროვნული სააგენტოს (NSA) შენობა

შეერთებული შტატების მთავრობა იძიებს ჰაკერულ თავდასხმებს, რომლებიც ფედერალურ სააგენტოებზე პრეზიდენტ დონალდ ტრამპის დროს, 2019-ში დაიწყო. მეორე თავდასხმა 2020 წლის ივნისში მოხდა და წელს უკვე მესამედ განმეორდა.

ამერიკული დაზვერვის ოფიციალური წყაროების მიხედვით, თავდასხმას ხშირად უცხოეთის მთავრობების მხარდაჭერით მოქმედი ჯგუფები ახორციელებენ. მათი სამიზნე, როგორც მთავრობის, ისე კორპორატიული კომპიუტერული ქსელებია.

მორიგ თავდასხმაში გატეხილია პოპულარული ვირტუალური კერძო ქსელი (virtual private network - VPN). მასში ჰაკერებმა მომსახურე პერსონალის მიერ ქსელის გამოყენების დროს შეაღწიეს.

გასულ კვირაში, სამთავრობო სააგენტოებს მოსთხოვეს, გადაემოწმებინათ კიბერუსაფრთხოების პროგრამა სახელად: Pulse Connect Secure და ანგარიშის ჩაბარება. კვირის ბოლოს, მიღებული შედეგების გაანალიზებამ აჩვენა, რომ ჰაკერების თავდასხმა სულ ცოტა 5 სამოქალაქო სააგენტოზე მოხდა - ამბობს მეტ ჰარტმენი, შეერთებული შტატების კიბერუსაფრთხოების ინფრასტრუქტურის უსაფრთხოების სააგენტოდან.

"ეს არის ტრადიციული შპიონაჟის და ეკონომიკური ძარცვის ელემენტების კომბინაცია" - თქვა ორგანიზაციის ერთ-ერთმა კონსულტანტმა, რომელმაც სიტუაცია იცის, თუმცა ვინაობის გამხელა არ სურს. მისი თქმით, უკვე დადასტურებულია მონაცემთა ამოღება ბევრი კომპიუტერიდან.

"როიტერს" აღნიშნული ინფორმაცია სამმა კონსულტანტმა ანონიმურად დაუდასტურა. ჰაკერების მსხვერპლის სია გრძელია და როგორც ამ ეტაპზეა ცნობილი, მოიცავს თავდაცვის სისტემის კონტრაქტორ კომპანიებს, სამოქალაქო სამთავრობო სააგენტოებს, სოლარული ენერგიის კომპანიებს, ტელეკომუნიკაციების ფირმებს და ფინანსურ ინსტიტუტებს.

გამოძიება ჯერ ადრეულ ეტაპზეა და ჯერჯერობით მომხდარის არც სრული მასშტაბი და არც თავდასხმის ავტორები დაზუსტებული არ არის. კომენტარს მომხდართან დაკავშირებით არ აკეთებენ აშშ-ის გამოძიების ფედერალური სააგენტო და დაზვერვის ეროვნული სააგენტო.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG