ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

შეერთებული შტატების პრეზიდენტმა ირანის შესახებ განცხადება გააკეთა


შეერთებული შტატების პრეზიდენტი დონალდ ტრამპი, ირანთან უკიდურესად დაძაბული ვითარების შესახებ განცხადებით გამოვიდა.

პრეზიდენტის პირველი სიტყვები მისი განცხადების პრეამბულა იყო: „ჩემი პრეზიდენტობის დროს არასდროს დავუშვებ, რომ ირანის ხელში ატომური იარაღი აღმოჩნდეს.“

შემდეგ, პრეზიდენტი აუდიტორიას მიესალმა და თქვა, რომ ერაყის კუთვნილ სამხედრო ბაზაზე ირანის სარაკეტო თავდასხმას მსხვერპლი არ მოჰყოლია. არც იქ მყოფ ამერიკელ სამხედროებს და არც ერაყელებს შორის არავინ დაღუპულა, რადგან წინასწარი გაფრთხილების სისტემამ კარგად იმუშავა.

"გასულ კვირას ჩვენ გადამწყვეტი ნაბიჯი გადავდგით დაუნდობელი ტერორისტის შესაჩერებლად, რათა ის ვეღარ დაემუქროს ამერიკელების სიცოცხლეს. ჩემს განკარგულებაზე დაყრდნობით, შეერთებულმა შტატებმა გაანადგურა მსოფლიოს ერთ-ერთი მთავარი ტერორისტი - ყასემ სოლეიმანი...

სოლეიმანიმ ცოტა ხნის წინ ორგანიზება გაუკეთა ამერიკელ პერსონალზე თავდასხმას, რომლის შედეგადაც ოთხი სამხედრო მოსამსახურე მძიმედ დაშავდა და ერთი ამერიკელი დაიღუპა. მისივე ორკესტრირებით, ბაღდადში ამერიკის საელჩოზე ძალადობრივი თავდასხმა განხორციელდა. ის ამერიკულ სამიზნეებზე ახალ თავდასხმებს გეგმავდა მომავალი დღეების განმავლობაში.

ჩვენ ის შევაჩერეთ. სოლეიმანის ხელები ამერიკელების და ირანელების სისხლით იყო გასვრილი. მისი ლიკვიდაცია დიდი ხნით ადრე უნდა მომხდარიყო. მისი განეიტრალებით ჩვენ ტერორისტებს გავუგზავნეთ მძლავრი მესიჯი - თუ საკუთარ სიცოცხლეს აფასებ, არ დაემუქრო ჩვენს ხალხს" - განაცხადა შეერთებული შტატების ლიდერმა.

პრეზიდენტმა კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ გასული საუკუნის 70-იანი წლებიდან, ირანი დანარჩენი მსოფლიოსთვის და მშვიდობისთვის საფრთხედ იქცა. შეერთებულ შტატებს კი გააჩნია საკმარისი სამხედრო რესურსები იმისთვის, რომ ირანის საფრთხეს გაუმკლავდეს. ადმინისტრაცია საპასუხო ქმედების ყველა შესაძლებლობას აფასებს. პირველი ნაბიჯი კი, არსებულთან ერთად, დამატებითი, უფრო მკაცრი სანქციების დაწესება იქნება, რომელიც იმოქმედებს მანამდე, სანამ ირანის პოლიტიკა არ შეიცვლება.

პრეზიდენტმა ევროკავშირს, რუსეთს და ჩინეთს მოუწოდა, ირანის ბირთვული შეთანხმების ნარჩენები უკან მოიტოვონ და პრობლემის გადაჭრის, ნამდვილად ქმედითი გზის მოსაძიებლად იმუშაონ:

"უამრავი ხარვეზის მქონე ირანის ბირთვულ შეთანხმებას ვადა მაინც მალე გასდის და ის ირანს ბირთვული დაწინაურების მკაფიო და სწრაფ გზას სთავაზობს. ირანმა საკუთარ ბირთვულ ამბიციებს თავი უნდა დაანებოს და ტერორიზმის მხარდაჭერა შეწყვიტოს. დადგა დრო, დიდმა ბრიტანეთმა, გერმანიამ, საფრანგეთმა, რუსეთმა და ჩინეთმა აღიარონ ეს რეალობა.

მათ უნდა შეწყვიტონ ირანის შეთანხმების ნარჩენების შესრულება და ჩვენ ყველამ ერთად უნდა ვიმუშაოთ იმაზე, რომ ირანთან მივაღწიოთ შეთანხმებას, რომელიც მსოფლიოს უფრო უსაფრთხო და მშვიდობიან ადგილად აქცევს. ასევე, უნდა მივაღწიოთ შეთანხმებას, რომელიც ირანს ეკონომიკური წინსვლის და აყვავების საშუალებას და საკუთარი უდიდესი პოტენციალის ათვისების საშუალებას მისცემს. ირანს შეუძლია იყოს დიდებული ქვეყანა".

ერისადმი გაკეთებული მიმართვის დასასრულს, შეერთებული შტატების პრეზიდენტმა ჩრდილო-ატლანტიკურ ალიანსს რეგიონში მეტი აქტიურობისკენ მოუწოდა. "დღეს ვაპირებ ვთხოვო ნატოს, რომ უფრო მეტად ჩაერთოს ახლო აღმოსავლეთის პროცესში" - განაცხადა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG