ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ბაღდადში ამერიკის საელჩოსთან არეულობა გრძელდება


ერაყის დედაქალაქში ამერიკის საელჩოს მიმდებარე ტერიტორიაზე გასამხედროებული ჯგუფების წარმომადგენლები კვლავ შეიკრიბნენ. ზოგიერთმა მათგანმა ღამეც მიმდებარე ტერიტორიაზე კარვებში გაატარა. უსაფრთხოების სამსახურებმა მათ წინააღმდეგ ცრემლსადენი გაზი გამოიყენეს.

31 დეკემბერს დემონსტრანტების ნაწილმა საელჩოს გარე პერიმეტრის გარღვევა მოახერხეს და რამდენიმე ადგილას ცეცხლიც გააჩინეს.

ამერიკის პრეზიდენტმა მომხდარში ირანი დაადანაშაულა და თქვა, რომ სწორედ თეირანია პასუხისმგებელი ნებისმიერ ზიანზე, რომელიც ამერიკის საელჩოს მიაყენეს. "ისინი ძალიან მაღალ ფასს გადაიხდიან ამისთვის, ეს გაფრთხილება არაა, ეს მუქარაა", - დაწერა პრეზიდენტმა "ტვიტერზე". თუმცა გუშინ ღამით ჟურნალისტებთან საუბრისას ისიც თქვა, რომ ირანთან ომის შესაძლებლობას ვერ ხედავს.

ირანის ლიდერმა კი აიათოლა ჰამენეიმ ერაყსა და სირიაში ამერიკის ქმედებები დაგმო და პრეზიდენტ ტრამპსაც პირდაპირ უპასუხა, თქვა რომ მას არაფრის გაკეთება არ შეუძლია.

დემონსტრანტები ამერიკის საელჩოსთან ამერიკის მიერ ერაყსა და სირიაში ირანის მხარდაჭერილი სახალხო ლაშქრების დაბომბვას აპროტესტებდნენ. კვირას განხორციელებულმა ოპერაციამ ერაყის ოფიციალურ წრეებში კრიტიკა გამოიწვია. ამერიკის მიერ ერაყსა და აღმოსავლეთ სირიაში განხორციელებული საჰაერო რეიდების შედეგად, სულ ცოტა, 25 ადამიანი დაიღუპა და ათობით დაშავდა. დაბომბვის მიზანი დაჯგუფება “ქათიბ ჰეზბოლას” იარაღის საწყობების და სამეთაურო პუბქტების განადგურება იყო.

ამერიკის ოფიციალური პირები აცხადებენ, რომ საჰაერო ოპერაცია რეაგირება იყო ერაყის სამხედრო ბაზიდან “ქათიბ ჰეზბოლას” მიერ განხორციელებულ თავდასხმაზე, რომელმაც ამერიკელი კონტრაქტორის სიცოცხლე იმსხვერპლა. ამერიკული მხარის პოზიციით, დამატებითი რეიდები გამორიცხული არ არის.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG