ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ტრამპი: ირანს ისევ შევუტევთ თუ შურისძიებას გადაწყვეტენ


უამრავი ადამიანი შეიკრიბა ორშაბათს თეირანში, გენერალ ყასემ სოლეიმანის გამოსაგლოვად. მისმა შემცვლელმა პირობა დადო, რომ შურს იძებს გენერლის მკვლელობის გამო. კომენტარი ამაზე პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმაც გააკეთა და თქვა, რომ ირანს კულტურული მემკვიდრეობის ადგილებში შეუტევს, თუ ირანი შურისძიებას გადაწყვეტს.

"მათ უფლება აქვთ მოკლან ჩვენი ხალხი. მათ უფლება აქვთ, რომ აწამონ და დაასახიჩრონ ჩვენი ხალხი. მათ უფლება აქვთ, რომ გამოიყენონ ბომბები და ააფეთქონ ჩვენი ხალხი და ჩვენ არ გვაქვს უფლება, რომ მათ კულტურულ მემკვიდრეობას შევეხოთ? ასე არ ხდება"- უთხრა ჟურნალისტებს დონალდ ტრამპმა.

წარმომადგენელთა პალატის სპიკერმა, ნენსი პელოსიმ თავის წერილში დემოკრატი კოლეგების მიმართ თქვა, რომ წარმომადგენელთა პალატა ამ კვირაში კენჭს უყრის ომის ძალაუფლების რეზოლუციას "რათა შეიზღუდოს პრეზიდენტის სამხედრო მოქმედებები ირანთან მიმართებაში". გასულ კვირას პელოსიმ საჰაერო თავდასხმას "პროვოკაციული და არაპროპორციული" უწოდა.

სენატორ ლინდსი გრამის თქმით კი პრეზიდენტი "სწორად მოიქცა". ეროვნული უსაფრთხოების გუნდი "ძალიან კარგად ეხმარება პრეზიდენტ ტრამპს ირანის პროვოკაციებთან გამკლავებაში", განაცხადა სენატორმა. გრამის მსგავსად, ტრამპის პოლიტიკის მომხრეა რესპუბლიკელი მაიკ ჯონსონი, რომელმაც ტვიტერზე დაწერა: "ახლა ჩვენ ყველანი ერთად უნდა დავდგეთ ირანის აგრესიის წინააღმდეგ და ასევე, ვილოცოთ და ვიმუშაოთ დეესკალაციისთვის".

ტრამპმა ტვიტერზე კიდევ ერთი კომენტარი გააკეთა და თქვა, რომ მისი სოციალურ მედიაში გაკეთებული განცხადებები კონგრესისთვის ერთგვარი ცნობაა იმის შესახებ, რომ თუ ირანი შეუტევს ამერიკის ნებისმიერ მოქალაქეს ან ობიექტს, მაშინ ამერიკა სწრაფ და სრულ პასუხს გასცემს ირანს.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG