ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ამერიკაში სამხედრო აღლუმი წელს არ გაიმართება


შეერთებული შტატების თავდაცვის დეპარტამენტი ამბობს, რომ პრეზიდენტ ტრამპის მიერ მოთხოვნილი სამხედრო აღლუმი, სულ ცოტა მომავალი წლისთვის გადაიდო.

პენტაგონის პრეს-მდივანმა, არმიის პოლკოვნიკმა რობერტ მენინგმა თქვა: „თავდაპირველად 2018 წლის 10 ნოემბრისთვის ვგეგმავდით, მაგრამ ახლა შევთანხმდით, რომ ამის შესაძლებლობები 2019 წელს მოვიძიოთ“.

ეს განცხადება მაშინ გაკეთდა, როცა გავრცელდა მედიის ცნობები, სადაც ნათქვამია, რომ აღლუმის ღირებულება 12 მილიონი დოლარიდან, 92 მილიონამდე გაიზარდა.

ამერიკული სამხედრო თვითმფრინავის ბორტზე ჟურნალისტებთან საუბრისას, თავდაცვის მდივანმა ჯიმ მატისმა თქვა, რომ აღლუმისთვის თავდაპირველი მითითებები მიიღო, თუმცა ჯერ-ჯერობით არანაირი ხარჯთაღრიცხვა არ უნახავს. „არ მიმიღია 10 მილიონის ან 92 მილიონის შეფასება" - განაცხადა მან.

„ვინც თქვენ ეს გითხრათ, ალბათ ისეთ რაღაცას ეწევა, რაც ჩემს შტატში ლეგალურია, მაგრამ შტატების უმრავლესობაში - არა.“ მან მარიხუანაზე აშკარა მინიშნებით იხუმრა. შეერთებული შტატების უმეტეს ნაწილში არასამედიცინო მოხმარების მარიხუანა არალეგალურია, მაგრამ არა თავდაცვის მდივნის მშობლიურ, ვაშინგტონის შტატში, სადაც ის უკვე ლეგალიზებულია.

გადავადების შესახებ, რომელიც ჟურნალისტებთან საუბრის შემდეგ გამოცხადდა, მატისისთვის კითხვა არ დაუსვამთ და რაიმე ინფორმაცია არც თვითონ გაუჟღერებია.

პენტაგონის მიერ მარტში გამოცემული მემორანდუმის მიხედვით, მოსალოდნელია, რომ გადავადებული აღლუმი, თეთრი სახლიდან კაპიტოლიუმისკენ გაემართოს.

მემორანდუმში ნათქვამია, რომ აღლუმის ყურადღების ცენტრში „ისტორიაში ამერიკელი სამხედრო ვეტერანების წვლილი“ იქნება, რომელიც ამერიკის რევოლუციური ომიდან იწყება.

აღლუმში ბორბლებიანი მანქანები იქნება ჩართული, მაგრამ ტანკები - არა. ზოგიერთი ჯარისკაცი ისტორიული პერიოდების შესატყვისი ფორმით იქნება და აღლუმის დასასრულს გამოყენებულ თვითმფრინავებში „შეძლებისდაგვარად ძველი მოდელებიც“ იქნება ჩართული.

აღლუმის ჩატარების იდეა, პრეზიდენტს გასულ წელს, საფრანგეთში ვიზიტის შემდეგ გაუჩნდა, როდესაც ის და პირველი ლედი მელანია საფრანგეთის პრეზიდენტ ემანუელ მაკრონს და მის მეუღლეს პარიზში სტუმრობდნენ და 14 ივლისს, ბასტილიის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებები ნახეს.

სამხედრო აღლუმები შეერთებულ შტატებში ზოგადად, იშვიათობაა. 1991 წელს, სპარსეთის ყურის ომში სადამ ჰუსეინის ძალების კუვეიტიდან გაძევების აღსანიშნავად, ამერიკულმა ჯარებმა ვაშინგტონში აღლუმი მოაწყვეს.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG