ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ირანის სარაკეტო თავდასხმა, ამერიკელი ჯარისკაცების მოსაკლავად იყო გამიზნული


მიუხედავად პრეზიდენტ დონალდ ტრამპის განცხადებისა, რომ შეერთებულ შტატებთან კონფლიქტში ირანი “როგორც ჩანს, დათმობაზე მიდის”, შეერთებული შტატების ოფიციალური პირები ამბობენ, რომ სჯერათ, ერაყის სამხედრო ბაზაზე სარაკეტო თავდასხმით, ირანს ამერიკელი სამხედროების მოკვლა ჰქონდა განზრახული.

ხუთშაბათს, ვიცე-პრეზიდენტმა მაიკ პენსმა “ენ ბი სი”-ს ტელევიზიას უთხრა: “ამერიკულ ბაზას ბალისტიკური რაკეტები ესროლეს... ჩვენ გვჯერა, რომ მათ ამერიკელების მოკვლა ჰქონდათ განზრახული. გვაქვს დაზვერვის მონაცემები იმის დასადასტურებლად, რომ ირანელებს ასეთი განზრახვა ჰქონდათ.

პენსის შეფასება გამოეხმაურა შტაბების უფროსთა გაერთიანებული კომიტეტის მეთაურის, გენერალ მარკ მაილის კომენტარს, რომელიც მან ჟურნალისტებთან პენტაგონში, ოთხშაბათს გააკეთა. გენერალმა თქვა: “მოხვედრის წერტილები საკმაოდ ახლოს იყო პირად შემადგენლობასთან და აღჭურვილობასთან და ა.შ. იმის საფუძველზე რაც ვნახე და ვიცი, მჯერა, რომ მათი დანიშნულება სტრუქტურული ზიანის მიყენება, ავტომობილების და აღჭურვილობის, საფრენი აპარატების განადგურება და პირადი შემადგენლობის მოკვლა იყო.”

ირანის ტერიტორიაზე სამი წერტილიდან, ერაყის ორი სამხედრო ბაზის მიმართულებით გაშვებულ, მოქმედების მცირე რადიუსის მქონე 16 ბალისტიკურ რაკეტას, ამერიკელ სამხედროთა შორის მსხვერპლი არ მოჰყოლია, მაგრამ გენერლის განცხადებით, ეს უფრო თავდაცვითი ტექნიკის წყალობით მოხდა, ვიდრე ირანელების განზრახვის გამო.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG