ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ინდოეთში ამერიკის ელჩი გადადგა


ნენსი პაუელი, ამერიკის ელჩი ინდოეთში

ინდოეთში შეერთებული შტატების ელჩის, ნენსი პაუელის გადადგომას, ორ ქვეყანას შორის ბოლოდროინდელ დაძაბულობასთან საერთო არაფერი აქვს

სახელმწიფო დეპარტამენტი აცხადებს, რომ ორშაბათს, ინდოეთში შეერთებული შტატების ელჩის, ნენსი პაუელის გადადგომას, ორ ქვეყანას შორის ბოლოდროინდელ დაძაბულობასთან საერთო არაფერი აქვს. სახელმწიფო დეპარტამენტის პრესპიკერი მარი ჰარფი ამბობს, რომ ელჩი პაუელი საჯარო სამსახურიდან წასვლას ადრევე გეგმავდა. ჰარფმა თქვა, რომ მისთვის უცნობია, გადადგომის შესახებ განცხადება ელჩმა ახლა რატომ გააკეთა, მაგრამ თქვა, რომ ყველა ჭორი და ვარაუდი სავსებით უსაფუძვლოა.

ინდოეთსა და შეერთებულ შტატებს შორის ურთიერთობა დეკემბრის შემდეგ ცივი იყო, როცა ნიუ იორკში ინდოელი დიპლომატი დააპატიმრეს და გაშიშვლებით ჩხრეკა ჩაუტარეს. შეერთებული შტატები მას ამერიკული კანონის დარღვევაში სდებდა ბრალს, კერძოდ, მოსამსახურისთვის ნაკლები გასამრჯელოს გადახდაში და ვიზის მისაღებ განცხადებაში ამის შესახებ ტყუილის ჩაწერაში.

ინდოელი ანალიტიკოსები ამბობენ, რომ პაუელის გადადგომა შესაძლოა შეერთებული შტატების იმ მცდელობის ნაწილი იყოს, რითაც ინდოეთთან ურთიერთობის გამოსწორება სურს. მომავალი თვის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ ინდოეთს ახალი მთავრობა ეყოლება.

თებერვალში პაუელი ინდოეთის ოპოზიციის ლიდერს და ჰინდუ ნაციონალისტ, შესაძლო ახალ პრემიერ მინისტრ, ნარენდრა მოდის შეხვდა. შეერთებული შტატების ოფიციალური პირები მოდისთან შეხვედრაზე უარს აცხადებდნენ. 2005 წელს შეერთებულმა შტატებმა მისი ვიზა გააუქმა. მას 2002 წელს, გუჯარათში მომხდარ ანტი-მუსულმანურ არეულობებში, როლის ქონას აბრალებდნენ. იმ დროს ათასზე მეტი ადამიანი დაიღუპა. ინდოეთის ახლანდელი პრემიერ-მინისტრი მანმოჰან სინგჰი ამბობს, რომ მოდის პრემიერობა დიდი უბედურება იქნებოდა.
XS
SM
MD
LG