ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

აშშ-ს დაავადებათა კონტროლის ცენტრმა "კოვიდ-19"-ის გავრცელების გზების გზამკვლევი შეცვალა


შეერთებული შტატების დაავადებათა კონტროლის და პრევენციის ცენტრი ახლა აღიარებს, რომ კოვიდ-19-ს შეუძლია ჰაერში არსებული მცირე ნაწილაკების მეშვეობით დიდ მანძილზე გავრცელდეს, ზოგჯერ კი ეს საათების განმავლობაშიც შეიძლება მოხდეს.

დაავადებათა კონტროლის და პროფილაქტიკის ცენტრი დიდი ხნის განმავლობაში ირწმუნებოდა, რომ კორონავირუსს ერთმანეთს ძირითადად ორ მეტრამდე დაშორებული ადამიანები გადასცემენ იმ მცირე წვეთებით, რომელიც ლაპარაკის, სუნთქვის, ხველების ან ცხვირის ცემინების დროს წარმოიქმნება.

ორშაბათს, სააგენტომ თავის ვებ გვერდზე გზამკვლევი განაახლა და მოიყვანა წინა კვლევიდან მტკიცებულება იმაზე, რომ შეზღუდულ, უჩვეულო გარემოებებში ვირუსს შეუძლია ჰაერში გაჩერდეს პატარა წვეთების მეშვეობით, რომელიც აეროზოლის სახელითაა ცნობილი და ვირუსის მატარებელს შეუძლია სხვების დაინფიცირება ორი მეტრის მოშორებითაც, ან ინფიცირებული პირის იმ ადგილიდან წასვლიდან ცოტა ხნის შემდეგაც.

განახლებული გზამკვლევი ამბობს, რომ ასეთ შემთხვევებში ვირუსის გადაცემა “ცუდად განიავებულ და დახურულ სივრცეებში მოხდა, რაც ხშირად ისეთ ქმედებებს მოიცავდა, რომელიც გაძლიერებულ სუნთქვას ითხოვს, როგორიცაა სიმღერა და ვარჯიში”, რასაც შეუძლია “ვირუსის მატარებელი ნაწილაკების დაგროვებას” ხელი შეუწყოს.

დაავადებათა კონტროლის ცენტრმა მსგავსი გზამკვლევი გასულ თვეში გამოაქვეყნა, რომელიც მიანიშნებდა, რომ ვირუსს აეროზოლების მეშვეობით დიდ მანძილზე გავრცელება შეეძლო, მაგრამ რამდენიმე დღეში, სააგენტოს გზამკვლევი უეცრად მოაცილეს და ცენტრმა განაცხადა, რომ მისი გამოქვეყნება შეცდომით, სათანადო ტექნიკური განხილვის გარეშე მოხდა.

კოვიდ-19-ის გადაცემის მეთოდის საკითხი, თვეების განმავლობაში ჯანდაცვის ექსპერტებს შორის ინტენსიური დებატების თემა იყო. ივლისში, 30-ზე მეტი ქვეყნის 200-ზე მეტმა მეცნიერმა, ჯანმოს მისამართით ღია წერილი გამოაქვეყნა, რომელშიც სააგენტოს დაჟინებით მოუწოდებდნენ მხედველობაში მიეღო მტკიცებულებები, რომ ვირუსს ჰაერით გავრცელება შეეძლო.

ორშაბათს გამოქვეყნებული კიდევ ერთი კვლევა აჩვენებს, რომ ჰოსპიტალიზებულ კოვიდ-19 პაციენტთა თითქმის მესამედმა რაიმე სახის ნევროლოგიური დარღვევა განიცადა, მათ შორის ორიენტაციის დაკარგვა, თავის ტკივილი, თავბრუსხვევა ან კუნთების ტკივილი. მეცნიერები აკვირდებოდნენ 500-ზე მეტი კოვიდ-19 პაციენტის მდგომარეობას, რომლებიც შეერთებულ შტატებში დაავადების აფეთქების ადრეულ ეტაპზე, მარტ-აპრილში, ჩიკაგოს საავადმყოფოების სისტემაში მიიღეს.

მეცნიერებმა აღმოაჩინეს, რომ ნევროლოგიური პრობლემების მქონე ავადმყოფთა მხოლოდ 32 პროცენტს შეეძლო გაწერის შემდეგ ისეთი ყოველდღიური საქმიანობის შესრულება, როგორიცაა კერძების მომზადება ან ფინანსური საკითხების მართვა, განსხვავებით პაციენტების 89 პროცენტისა, რომელთაც ასეთი პრობლემები არ ჰქონდათ. მეცნიერებმა თქვეს, რომ ყველაზე მწვავე ნევროლოგიური სიმპტომი იყო ენცეფალოპათია, რომელიც ხასიათდება “შეცვლილი გონებრივი ფუნქციით, რომლის დიაპაზონიც, ორიენტაციის მსუბუქი დაკარგვიდან კომამდეა.”

იმავდროულად, რამდენიმე ამერიკული წყარო ამბობს, რომ თეთრმა სახლმა უარყო შეერთებული შტატების საკვებისა და მედიკამენტების ადმინისტრაციის წინადადება კოვიდ-19 ვაქცინის გადაუდებელი ნებართვის გასაცემად ახალი, მკაცრი გზამკვლევების წყება დანერგილიყო.

ახალი წესები ფარმაკოლოგებს დაავალდებულებდა დაკვირვებოდნენ გამოცდის მონაწილეებს კლინიკური გამოცდების ბოლო ეტაპზე, ექსპერიმენტული ვაქცინის მეორე და საბოლოო დოზის მიღებიდან სულ მცირე ორი თვის განმავლობაში. ეს შესაძლო ვაქცინის მიღების დროს, ნამდვილად 3 ნოემბრის საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ გადაწევდა, რაც პრეზიდენტ დონალდ ტრამპის პროგნოზებს დაარღვევდა.

ჯანმო ამბობს, რომ შესაძლოა მსოფლიოში დაახლოებით 10-დან 1 ადამიანი კორონავირუსით დაინფიცირდა. ჯანმოს ჯანდაცვის საგანგებო პროგრამების ხელმძღვანელმა მაიკლ რაიანმა ორშაბათს თქვა, რომ სააგენტოს “საუკეთესო შეფასებები” იმაზე მიანიშნებს, რომ შესაძლოა მსოფლიოს მოსახლეობის 10 პროცენტი ვირუსით დაინფიცირდა.

ეს შეფასება, რომელიც 760 მილიონზე მეტ ადამიანს ნიშნავს, მსოფლიოში დადასტურებული შემთხვევების რიცხვის 20-ჯერადზე მეტია და ნიშნავს, რომ მოსახლეობის 90 პროცენტზე მეტი ვირუსის მიმართ მგრძნობიარეა.

ჟენევაში, ჯანმოს 34 წევრიანი აღმასრულებელი კომიტეტის წინაშე გამოსვლისას, რაიანმა თქვა, რომ ქვეყნებს შორის რიცხვები განსხვავდება, მაგრამ შეფასება ნიშნავს, რომ ”მსოფლიოს მოსახლეობის უდიდესი უმრავლესობა რისკის ქვეშ რჩება.”

“ჩვენ რთული პერიოდისკენ მივდივართ”, თქვა რაიანმა.

ჯონს ჰოპკინსის კორონავირუსის რესურს ცენტრის მიერ მსოფლიოს მასშტაბით აღრიცხულმა შემთხვევებმა ორშაბათს 35 მილიონს გადააჭარბა. ეს მოხდა ერთი კვირის შემდეგ, როდესაც კორონავირუსით გარდაცვალებების რიცხვმა 1 მილიონს გადააჭარბა.

ევროპის რამდენიმე ქვეყანამ პანდემიის საკუთარ ნიშანსვეტებს მიაღწია. ორშაბათს გერმანიამ 300 ათასი დადასტურებული შემთხვევის შესახებ გამოაცხადა, ბრიტანეთმა თავისი მე-500 000 შემთხვევა აღრიცხა, ესპანეთი კი პირველი ევროპული ქვეყანა გახდა სადაც კორონავირუსის შემთხვევების მთლიანმა რიცხვმა 800 ათასს გადააჭარბა.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG