ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ინტერნეტის თავისუფლების გლობალურ უწყებას მუშაობის შემცირება უწევს


ამერიკის მთავრობის მიერ დაფინანსებული ინტერნეტის თავისუფლების გლობალური ორგანიზაცია აცხადებს, რომ მუშაობის დრამატულად შემცირება უწევს. ვაშინგტონში მოქმედი ღია ტექნოლოგიების ფონდი, მიზეზად შეერთებული შტატების გლობალური მედია-სააგენტოდან (USAGM) დაფინანსების შეკავებას ასახელებს.

"ვაშინგტონ პოსტში" გამოქვეყნებულ წერილში, ლორა კენინგემმა, ფონდის უფროსი აღმასრულებელი ოფიცრის მოვალეობის შემსრულებელმა, მომხდარში სააგენტოს ახალი ხელმძღვანელი მაიკლ პეკი დაადანაშაულა. შეერთებული შტატების გლობალური მედია-სააგენტოს ქუდის ქვეშ მუშაობენ ისეთი გლობალური მაუწყებლები, როგორიცაა "ამერიკის ხმა" და "რადიო თავისუფლება".

კენინგემი ამბობს, რომ საქმე ეხება შეერთებული შტატების კონგრესის მიერ მათთვის დამტკიცებულ ბიუჯეტს, 20 მილიონ დოლარს. ეს თანხა ღია ტექნოლოგიების ფონდს მთელ მსოფლიოში ინტერნეტის თავისუფლების და ხელმისაწვდომობის დაწინაურებისთვის გამოუყვეს, განსაკუთრებით კი ისეთ ავტორიტარულ ქვეყნებში, როგორიცაა მაგალითად, ჩინეთი და ირანი. კენინგემის თქმით, ბიუჯეტზე წვდომის შეჩერების გამო, მათ 60 პროექტიდან 49-ის შეჩერება მოუწიათ, რომელთა მიზანი ადამიანის უფლებების და დემოკრატიის ადვოკატირების დაწინაურებაც იყო.

ორშაბათს, რესპუბლიკელმა და დემოკრატმა კანონმდებლებმა პრეზიდენტ ტრამპის ადმინისტრაციას მოუწოდეს, გამოათავისუფლონ ღია ტექნოლოგიების ფონდის კუთვნილი $20 მილიონი. "ღია ტექნოლოგიების ფონდი სასიცოცხლო არტერიაა რეპრესიული რეჟიმების სახელმწიფოებში მცხოვრები ადამიანებისთვის" - თქვა განცხადებაში რესპუბლიკელმა კონგრესმენმა მაიკლ მაკკოლმა, წარმომადგენელთა პალატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის წევრმა. "სამწუხაროდ, ეს კრიტიკული პროგრამა კოლაფსის პირზეა" - ამბობს ის.

ანალოგიური განცხადება გააკეთა სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის დემოკრატმა წევრმა, სენატორმა რობერტ მენენდესმა. მისი თქმით, ეს არის "საჩუქარი რეპრესიული მთავრობებისთვის ჩინეთში, ირანში და სხვა ქვეყნებში".

მაიკლ პეკს, შეერთებული შტატების გლობალური მედია-სააგენტოს ხელმძღვანელს, განცხადება ამასთან დაკავშირებით ჯერ არ გაუკეთებია. ის პრეზიდენტმა ტრამპმა თანამდებობაზე ორი წლის წინ წარადგინა, თუმცა კონგრესმა პოსტზე ახლახან, ივნისში დაამტკიცა. იმავე დღეებში, სააგენტოს ქუდის ქვეშ მომუშავე მაუწყებლების ხელმძღვანელებმა პოსტი ან თვითონ დატოვეს, ან სამსახურიდან პეკის მიერ არიან გათავისუფლებული.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG