ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

"ამერიკის ხმას" დირექტორის მოვალეობის ახალი შემსრულებელი ჰყავს


"ამერიკის გლობალური მედიის სააგენტომ" "ამერიკის ხმის" დირექტორის მოვალეობის შემსრულებლად ელეზ ბიბერაი დაასახელა. ის ორგანიზაციაში უკვე წლებია მუშაობს.

ელეზ ბიბერაი 2006 წლიდან ხელმძღვანელობს "ამერიკის ხმის" ევრაზიის დივიზიას, სადაც ქართული, რუსული, უკრაინული, სომხური, და ბალკანური რედაქციებია გაერთიანებული. ამ პოზიციის დაკავებამდე კი ის ამავე დივიზიის ალბანური რედაქციის ხელმძღვანელი იყო. მას კოლუმბიის უნივერსიტეტის დოქტორის ხარისხი აქვს პოლიტიკურ მეცნიერებებში.

ელეზ ბიბერაი
ელეზ ბიბერაი

წერილში, რომელიც ახალმა დირექტორმა თანამშრომლებს მისწერა მან ისაუბრა იმაზე, თუ რა წვლილი შეიტანა მისი მსოფლმხედველობის ჩამოყალიბებაში მისმა წარსულმა - დევნილობამ, იმიგრაციამ და 40-წლიანმა ჟურნალისტურმა გამოცდილებამ.

"ჩვენი მისია არასდროს ყოფილა იმაზე უფრო მნიშნელოვანი, ვიდრე ახლა. "ამერიკის ხმას" კი საუკეთესო პოზიციონირება აქვს იმისთვის, რომ მოჰყვეს ამერიკის ისტორიას, შესთავაზოს მაყურებელს ამერიკული პერსპექტივა და იყო თავისუფალი პრესის მოდელი", წერს ბიბერაი.

ამანდა ბენეტი და სენდი შუგავარა
ამანდა ბენეტი და სენდი შუგავარა

მისი წინამორბედი, ამანდა ბენეტი, მოადგილე სენდი შუგავარასთან ერთად, "ამერიკის გლობალური მედიის სააგენტოს" მთავარი აღმასრულებელი ოფიცრის დანიშნვის შემდეგ გადადგა. პრეზიდენტ დონალდ ტრამპის მიერ ნომინირებული მაიკლ პეკი ამერიკის გლობალური მაუწყებლობის სააგენტოს ხელმძღვანელად სენატმა ივნისში დაამტკიცა.

ორგანიზაციაში შემავალი დანარჩენი მედია ორგანიზაციების ხელმძღვანელები, მათ შორის, "რადიო თავისუფლების" დირექტორი, პეკმა თავად გაათავისუფლა დაკავებული თანამდებობებიდან.

"ამერიკის ხმის" ქარტია უზრუნველყოფს ახალი ამბების დამოუკიდებელ გაშუქებას. მე ძალას არ დავიშურებ, რომ დავრწმუნდე, ქარტია დაცული იქნება პოლიტიკური ჩარევებისა და ზეწოლისაგან ისე, როგორც ამას ჩვენი აუდიტორია მოელის", ნათქვამია ბიბერაის წერილში.

სენატმა პეკი თანამდებობაზე 4 ივნისს, პრეზიდენტ ტრამპის მიერ მისი ნომინაციიდან თითქმის 2 წლის შემდეგ დაამტკიცა.

"ამერიკის გლობალური მედიის სააგენტოს" ქოლგის ქვეშ რამდენიმე მედია საშუალებაა მოქცეული. ესენია "რადიო თავისუფალი ევროპა/რადიო თავისუფლება", "რადიო და ტელევიზია მარტი", "რადიო თავისუფალი აზია" და "ალ ჰურა". მეხუთე ორგანიზაცია "ამერიკის ხმაა", რომელიც 61 ენაზე მაუწყებლობს და ყოველკვირეულად, მსოფლიოს მასშტაბით, 350 მილიონზე მეტი მომხმარებელი ჰყავს.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG