ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ბატონი პეკისგან "ამერიკის ხმის" ჟურნალისტების დამოუკიდებლობის დაცვას მოველი - კონგრესმენი ენგელი


დემოკრატი კონგრესმენი ელიოტ ენგელი

ორშაბათს, აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის დემოკრატმა კონგრესმენმა ელიოტ ენგელმა, "ამერიკის ხმაში" განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით განცხადება გააკეთა. კონგრესმენი ენგელი პალატაში საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარეა.

მან მადლობა გადაუხადა ამანდა ბენეტს, "ამერიკის ხმის" ყოფილ დირექტორს და მის ყოფილ პირველ მოადგილეს, სანდრა შუგავარას გაწეული სამუშაოსთვის. "ამერიკის ხმის" ორივე ლიდერმა მაუწყებელში დაკავებული თანამდებობები ორშაბათს დილით დატოვეს. კონგრესმენმა ენგელმა თქვა, რომ ბენეტმა და შუგავარამ დიდი წვლილი შეიტანეს იმაში, რომ თანამედროვე მედიის განუწყვეტლად ცვალებადი ლანდშაფტის პირობებში, "ამერიკის ხმა" დარჩენილიყო "სანდო და მიუკერძოებელ საინფორმაციო საშუალებად მთელ მსოფლიოში".

კონგრესმენი შეშფოთებულია დაავადებათა კონტროლის და პრევენციის ცენტრის პრესის ოფისის გადაწყვეტილებით, არ ითანამშრომლოს "ამერიკის ხმასთან" და მის ჟურნალისტებთან. ბოლო დროს, "ამერიკის ხმა" პრეზიდენტის და მისი მოკავშირეების ხშირი სამიზნეა, წერს ელიოტ ენგელი. ეს კი სავარაუდოდ იმიტომ მოხდა, რომ "ამერიკის ხმა" ორგანიზაციის ქარტიას იცავს და არის დამოუკიდებელი საინფორმაციო საშუალება და არა ადმინისტრაციის პროპაგანდისტული მაუწყებელი".

ელიოტ ენგელი "აღმაშფოთებელს" უწოდებს შეერთებული შტატების დაავადებათა კონტროლის და პრევენციის ცენტრის ნაბიჯს, რომლის შესახებაც 12 ივნისს გახდა ცნობილი და რომელიც მითითებას აძლევს ცენტრის პრეს-ოფისის თანამშრომლებს, არ ითანამშრომლონ "ამერიკის ხმის" ჟურნალისტ გრეტა ვან სუსტერენთან, ან მედია-ორგანიზაციასთან ასოცირებულ ნებისმიერ სხვა ჟურნალისტთან. "ეს გადაწყვეტილება სასწრაფოდ უნდა შეიცვალოს და ვინც ამაზე პასუხისმგებელია, პასუხი აგოს" - აცხადებს კონგრესმენი.

ელიოტ ენგელი ასევე შეშფოთებულია იმით, რომ ამ ფაქტზე განცხადებას არ აკეთებენ "ამერიკის ხმის" ზედამხედველი ორგანოს - შეერთებული შტატების გლობალური მაუწყებლობის სააგენტოს - ლიდერები. "მოველი, რომ ბატონი პეკი, სააგენტოს ახალი მთავარი აღმასრულებელი ოფიცერი, დაიცავს "ამერიკის ხმის" ჟურნალისტებს და მათ დამოუკიდებლობას. თუ ის ამას ვერ შეძლებს პოსტზე დამტკიცებისთანავე, გააჩენს კითხვებს იმაზე, არის თუ არა ის ფოკუსირებული გლობალური მაუწყებლობის სააგენტოს მისიაზე დამოუკიდებელი ჟურნალისტიკის შესახებ, თუ იზიარებს თეთრი სახლის შეხედულებას "ამერიკის ხმის" და სხვა მაუწყებლების როლზე" - ნათქვამია განცხადებაში.

მაიკლ პეკი ამერიკის შეერთებული შტატების გლობალური მედია სააგენტოს (USAGM) ხელმძღვანელის პოსტზე მუშაობას სენატში დამტკიცების და ფიცის დადების შემდეგ, 10 ივნისს შეუდგა. ფედერალური სააგენტო 5 მაუწყებელს ზედამხედველობს. ესენია: "ამერიკის ხმა" (VOA), "რადიო თავისუფალი ევროპა/რადიო თავისუფლება"(RFE/RL), "კუბის მაუწყებლობის ოფისი" (OCB), "რადიო თავისუფალი აზია" (RFA) და "ახლო აღმოსავლეთის სამაუწყებლო ქსელი" (MBN).

მაიკლ პეკი სენატის მოსმენაზე
მაიკლ პეკი სენატის მოსმენაზე

გასული წლის სექტემბერში, სენატის საგარეო ურთიერთობების კომიტეტში გამართულ მოსმენაზე, მაიკლ პეკმა სენატორების შეკითხვებს უპასუხა, მათ შორის იმაზე, მოახდენს თუ არა მისი დანიშვნა გავლენას „ამერიკის ხმაზე“. სენატორებს აინტერესებდათ, დარჩება თუ არა ფედერალურად დაფინანსებული „ამერიკის ხმა“ ობიექტურ მედია საშუალებად, რომლის დამოუკიდებლობა და მიუკერძოებლობა კანონითაა განსაზღვრული და დაცული.

„მთლიანად სააგენტო დაფუძნებულია იმ პრინციპზე, რომ ჟურნალისტები დამოუკიდებლები არიან, რომ არავითარი პოლიტიკური გავლენა მათ არ ეუბნება იმას, როგორ გააშუქონ ახალი ამბები და რა თქვან. ამ ნდობის გარეშე, ვფიქრობ, სააგენტოს დისკრედიტაცია მოხდება“ - თქვა მაიკლ პეკმა, რომელიც ამერიკის საერთაშორისო მაუწყებლობის მმართველის პოზიციაზე დაახლოებით ორი წლის წინ, პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა წარადგინა.

პეკმა სენატორებს ასევე უთხრა, რომ როგორც სააგენტოს მთავარი აღმასრულებელი პირი, ის უპირატესობას მიანიჭებს ორგანიზაციის სამოქმედო ეფექტურობას და თანამშრომლების კმაყოფილების გაზრდის საკითხს. ის ასევე ეცდება ეთიკური სკანდალების პრევენციასაც, რომლებსაც ორგანიზაციის სანდოობის შერყევა შეუძლია.

ბოლო და ყველაზე გახმაურებული სკანდალი გლობალური მაუწყებლობის შემადგენლობაში მყოფ ტელევიზია „მარტის“ ეხებოდა. ჟურნალისტმა ნიკარაგუიდან სიუჟეტის მომზადების დროს, აფეთქების იმიტაცია გააკეთა და ეს, როგორც ნამდვილი ამბავი, ისე გააშუქა. გარდა ამისა, „ამერიკის ხმის“ რამდენიმე რედაქციაში, ჟურნალისტების მხრიდან დაფიქსირდა სერიოზული ეთიკური და პროფესიული სტანდარტების დარღვევის შემთხვევები.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG