ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

მისისიპიზე დამბები გახსნეს


მისისიპიზე დამბები გახსნეს
მისისიპიზე დამბები გახსნეს

ბატონ რუჟიდან, ლუიზიანას შტატის დედაქალაქიდან, 72 კილომეტრით დაცილებულ სოფლის სახლებში ზოგან 6 მეტრის სიმაღლის წყალი შევარდა. წყალდიდობა ამ რეგიონში აქამდე იშვიათობა იყო, მაგრამ ჩრდილოეთში ძლიერი წვიმების გამო მომხდარმა წყალდიდობებმა სამხრეთში ასობით კილომეტრში მდებარე 9 შტატის დასახლებული პუნქტი დატბორა. წყალმა ზოგიერთ რეგიონში წყალდიდობის ნიშნულის ზევით 16 მეტრით მოიმატა და მისი სიმაღლე ჯერჯერობით ისევ იზრდება.

მორგანზას დამბის რამდენიმე სექტორის გახსნამ დაახლოებით 8 ათას კვადრატულ კილომეტრზე მცხოვრები 25 ათასი ადამიანის ცხოვრება სამუდამოდ შეცვალა. შტატის ხელისუფლებას დიდი არჩევანი არც ჰქონია. მილიარდამდე ზარალის მიუხედავად, ეს ნაბიჯი ბევრად უფრო დიდ კატასტროფას ააცილებს ქვეყანას. რამდენიმე მეტრით ნაკლებია წყლის სიმაღლე, რომელიც ისტორიულ ქალაქებში, ბატონ რუჟში და ვიკსბურგში, შევიდა. ასევე შედარებით დაცული იქნება სამხრეთის კიდევ უფრო დიდი ქალაქები და მეტი რისკის მქონე ქიმიური და ნავთობსარეწი საწარმოები.

პოლკოვნიკი ედ ფლემინგი ამერიკის არმიის ინჟინერთა ბრიგადიდან ამ ნაბიჯს ისტორიულს უწოდებს:

“ისტორიულია არა მხოლოდ ქალაქ მორგანზას, ან ლუიზიანას შტატისთვის, არამედ მთელი ჩვენი ქვეყნისთვისაც. პირველად დამბის არსებობის მანძილზე სამი სექტორიდან გავუშვით წყალი“.

პროგნოზების მიხედვით წყლის დონე ჯერ კიდევ მოიმატებს და კლების დაწყებამდე სავარაუდოდ რამდენიმე კვირა გაჩერდება. შტატებში ზარალის დათვლა უკვე დაიწყო. მემფისიდან მექსიკის ყურემდე ათასობით სახლი დაზიანდა და ასობით ბიზნესი შეჩერდა. დაიტბორა რამდენიმე ათასი ჰექტარი სიმინდის და სოიოს ნათესი, ქარხნები, საწარმოები... ზარალმა უკვე მილიარდ დოლარს გადააჭარბა და ეს ჯერ მხოლოდ დასაწყისია.

ლუიზიანას შტატის რიგითი მაცხოვრებლები გასაოცარი გაგებით მოეკიდნენ დამბების გახსნის გადაწყვეტილებას:

“30-დან 60 ათასამდე ადამიანის სახლი დაიტბორება. მაგრამ რა უნდა გვექნა, ბატონ რუჟს და ნიუ ორლეანს შედარებით დიდი წყალდიდობა ავაცილეთ. ციფრებში ეს მილიონობით ადამიანს და რამდენიმე მილიარდით უფრო მეტ ზარალს უდრის. ვცდილობთ უფრო მასშტაბურ, დიდ სურათს შევხედოთ, მეტი რა გზაა“ - ამბობს ლუიზიანელი ჯერი ბერგერი, რომელსაც შაბათს ოჯახთან ერთად სახლის დატოვება მოუხდა.

დიდ სურათზე შეხედვა ყველასთვის იოლი არ იყო. განსაკუთრებით მათთვის, ვისაც წყალდიდობის დაზღვევა არ აქვს და სარემონტო სამუშაოების ხარჯების გაწევა პირადად მოუწევს. მათი თქმით, სახლებიდან ყველა ნივთის თან წაღება გამორიცხულია. მათი უმრავლესობა დაკარგვის ან დაზიანებისთვისაა განწირული.

ვიკსბურგელ ჯოან პარკსს ყველაზე უფრო იმის ეშინია, რომ შეიძლება ვეღარასოდეს დაბრუნდეს სახლში, რომელშიც თითქმის 50 წელი იცხოვრა. თუ ის ძლიერ დაზიანდა, საცხოვრებლად უვარგისი შეიქნება. მაშინ უკვე აღარ იცის რა ქნას. ჯერჯერობით კი თავის ქალიშვილთან ერთად საცხოვრებლად უახლოეს მეგობართან გადავიდა. ჯოანი ამბობს, რომ ეს ერთადერთი სიკეთეა, რაც წყალდიდობამ მას მოუტანა. ის ხომ ცოტა ხანს მეგობართან ერთად დაჰყოფს.

შეერთებული შტატების ადმინისტრაციას ბუნებრივი კატაკლიზმებით მიყენებული ზარალი წელს უკვე 5 მილიარდ დოლარზე მეტი დაუჯდა. ეროვნული კლიმატის კვლევის ცენტრის მონაცემებით ამ თანხამ წლის ბოლომდე შესაძლოა 2008 წლის 9-მილიარდიან რეკორდს გადააჭარბოს.

XS
SM
MD
LG