ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

წყალდიდობა მისისიპის აუზში


წყალდიდობა მისისიპის აუზში

ვიკსბურგის ჩრდილოეთით მდებარე ქინგის სამეზობლოში ჯოან პარკსს მეგობრები და ნათესავები ბარგის ჩალაგებაში ეხმარებიან. მისმა ძმამ მანქანა ითხოვა და ტვირთის გადატანაში ეხმარება.

წყალის დონემ ვიკსბურგში მარტო ერთ დღე-ღამეში კიდევ ნახევარი მეტრით მოიმატა და ისინი შიშობენ, რომ მომავალ კვირას წყალი სახლში შემოვა. დღეს ჯოანის დაბადების დღეა. ის 61 წლის გახდა. ჯოანი 14 წლის იყო, როცა ამ სახლში პირველად გადმოვიდა. იგი ამბობს, რომ ყველაფერს თან ვერ წაიღებს, არადა უამრავი ძვირფასი ნივთია, რომლის დაზიანების ან დაკარგვის ეშინია.

„ქინგის სამეზობლო ქალაქის ერთ-ერთ ყველაზე მაღალ ადგილზეა. მაგრამ იძულებული ვარ მაინც მოვემზადო. სახლის დაზღვევა კი მაქვს, მაგრამ წყალდიდობაზე არც მე და არც არავის ჩემს გარშემო სახლი არ დაგვიზღვევია. ჩვენს ქალაქში წყალდიდობა მე რაც მახსოვს, არასოდეს ყოფილა“. - ამბობს ის

ვიკსბურგში მისისიპი იაზუს მდინარეს ერთვის. ის ამერიკის სამოქალაქო ომის გამო ისტორიაში დამკვიდრებული ცნობილი ტურისტული ქალაქია. წყალდიდობა აქ მართლაც იშვიათია, მაგრამ ვიკსბურგიდან ჩრდილოეთით ძლიერი წვიმების გამო მომხდარმა წყალდიდობამ სამხრეთში ასობით კილომეტრში მდებარე 5 შტატის ქალაქები დატბორა. წყალმა ზოგიერთ რეგიონში წყალდიდობის ნიშნულის ზევით 16 მეტრით მოიმატა და მისი სიმაღლე რამდენიმე დღეში სავარაუდოდ კიდევ მეტრნახევრით გაიზრდება.

70 წლის ვიკსბურგელი უინსტონ ჰოლმანი ამბობს, რომ ამ რაოდენობის წყალი მას არასოდეს უნახავს ქალაქში. უამრავი ბიზნესი დაზარალდა, ათასობით ადამიანმა დატოვა საკუთარი სახლი. 60 წლის პოპ მაკდონალდის სახლში წყალი ერთ მეტრს აღწევს. ის უკვე ცარიელია. პოპი ამბობს, რომ დაბრუნების შემდეგ სახლის შეკეთებას ყველაზე ცოტა რამდენიმე თვე დასჭირდება.

„ღამე სულ კოშმარები მესიზმრება. საწოლში ისე ვწვები, რომ არ ვიცი წყალი როდის შემომივა ეზოში და სახლში“. - ამბობს ჯოან პარკსი და თან ტანსაცმელს ხელჩანთაში აწყობს.

მას ყველაზე უფრო იმის ეშინია, რომ შეიძლება ვეღარასოდეს დაბრუნდეს სახლში, რომელშიც თითქმის 50 წელი იცხოვრა. თუ ის ძლიერ დაზიანდა, საცხოვრებლად უვარგისი შეიქნება. მაშინ უკვე აღარ იცის რა ქნას. ჯერჯერობით კი თავის ქალიშვილთან ერთად საცხოვრებლად უახლოეს მეგობართან გადადის. ჯოანი ამბობს, რომ ეს ერთადერთი სიკეთეა, რაც მას წყალდიდობამ მოუტანა. ის ხომ ცოტა ხანს მეგობართან ერთად დაჰყოფს.

XS
SM
MD
LG