ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

რუსეთის ჩარევის გამოძიების საფუძვლები ახლა კრიმინალური მოკვლევის საგანია


იუსტიციის დეპარტამენტის საზედამხედველო გამოძიება, რომელიც 2016 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში რუსეთის შესაძლო ჩარევის გამოძიების ადმინისტრაციული შემოწმება იყო, ახლა სისხლის სამართლის გამოძიებად გადაიქცა. ცნობა ამის შესახებ, პირველად „ნიუ-იორკ თაიმსმა“, ორ წყაროზე დაყრდნობით გამოაქვეყნა.

ეს ნაბიჯი წამყვან პროკურორს საშუალებას აძლევს მოწმეებს ჩვენების მიცემა ან საბუთების წარმოდგენა დაავალდებულოს და ნაფიც მსაჯულთა დიდი კოლეგიაც (საბრალდებო კოლეგია) შეკრიბოს.

ამ ინფორმაციის გამოქვეყნების დროისთვის ცნობილი არ იყო, მსაჯულთა დიდი კოლეგია უკვე შეიკრიბა თუ არა. სააგენტო „როიტერის“ ანონიმურმა წყარომ უარი თქვა დაეზუსტებინა, გამოძიების ფარგლებში დიდი ჟიური შეკრებილია თუ არა.

სისხლის სამართლის საქმის გამოძიების წამყვანი პროკურორი, კონექტიკუტის შტატის ფედერალური პროკურორი ჯონ დარჰამია.

პრეზიდენტმა ტრამპმა იუსტიციის დეპარტამენტის თავდაპირველ „რუსულ“ გამოძიებას, „კუდიანებზე ნადირობა“ არაერთხელ უწოდა.

შეერთებული შტატების მთავარმა პროკურორმა უილიამ ბარმა საქმის გადახედვა ამ წლის დასაწყისში დაიწყო. ამ მოკვლევის მიზანია გამოიძიოს პრეზიდენტ ტრამპის საჩივრები იმის თაობაზე, რომ 2016 წლის არჩევნების დროს, მისი საპრეზიდენტო კამპანია შეერთებული შტატების სადაზვერვო და სამართალდამცავი სააგენტოების სამიზნედ არამართლზომიერად იქცა.

სამართალდამცავი უწყებების ზოგიერთი ყოფილი ოფიციალური პირი და დემოკრატები ამბობენ, რომ ბარი იუსტიციის დეპარტამენტს უსაფუძვლო შეთქმულების თეორიების გამოსაძიებლად იყენებს, რაც რესპუბლიკელი პრეზიდენტისთვის შესაძლოა პოლიტიკური სარგებლის მომტანი იყოს და დააკნინოს ყოფილი საგანგებო პროკურორის, რობერტ მალერის გამოძიება.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG