ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

სირიის ქალაქ მანბიჯის შესახებ განსხვავებული ცნობები ვრცელდება


პარასკევს გავრცელებულ განცხადებაში სირიის სამთავრობო ძალები აცხადებდა, რომ არმიის ნაწილები ქალაქ მანბიჯის დასაკავებლად მიემართებოდა. ამავე განცხადებით, სირიის „ყველა მოქალაქისა და სხვების უსაფრთხოება“ გარანტირებული იქნებოდა.

თუმცა ამერიკის ლიდერობით მოქმედმა კოალიციამ პარასკევსვე „ტვიტერზე“ განცხადება გამოაქვეყნა, რომლის თანახმადაც, არ არსებობს მტკიცებულება იმისა, რომ ეს სიმართლეა. „ყველას მოვუწოდებთ პატივი სცენ მანბიჯისა დ მისი მცხოვრებლების უსაფრთხოებას“.

გარდა ამისა, ამერიკის თავდაცვის დეპარტამენტის წარმომადგენლებიც „ამერიკის ხმასთან“ საუბარში ადასტურებენ, რომ შეერთებული შტატების შეიარაღებული ძალები, რომლებიც მანბიჯის მისადგომებთან არიან განლაგებულნი, ჯერ არ არის გამოყვანილი და მათ ტერიტორია არ დაუტოვებიათ.

„ჩვენ გვყავს იქ შეიარაღება“, - ამბობენ თავდაცვის დეპარტამენტში და განმარტავენ, რომ ამერიკა კვლავ ფოკუსირებული რჩება ამ საკითხზე და სირიაში უსაფრთხოებაზე. ამერიკის ჯარები კი სირიას ეტაპობრივად დატოვებენ.

პარასკევს დილით, სირიელი ქურთი მებრძოლების პრესსპიკერმა „ასოშეიტედ პრესს“ უთხრა, რომ ამერიკელ სამხედროებს ტერიტორია არ დაუტოვებიათ, სირიის სამთავრობო ძალები კი მხოლოდ ქალაქის შემოგარენთან რამდენიმე წერტილში განლაგდნენ.

მანბიჯი სირიისა და თურქეთის საზღვარზე მდებარეობს. ეს დიდი ხნის მანძილზე იყო ძლიერი შეტაკებების ადგილი. სირიელი ქურთების „სახალხო დაცვის დანაყოფებს“ თურქეთი ტერორისტულ ორგანიზაციად მიიჩნევს, რომელსაც მისი მტკიცებით, კავშირი აქვს თურქეთში მყოფი ქურთების ამბოხთან.

ივნისში, ამერიკამ მიაღწია შეთანხმებას იმის თაობაზე, რომ ქურთები მანბიჯიდან გამოვიდოდნენ, ამერიკისა და თურქეთის ერთობლივი დანაყოფები კი ქალაქის უსაფრთხოებას დაიცავდნენ. თუმცა თურქეთმა ამერიკა ამ შეთანხმებისას ნაკისრი ვალდებულებების დარღვევაში დაადანაშაულა და დაიმუქრა, რომ სირიელ ქურთებს ამ ტერიტორიიდან თავად განდევნიდა.

თურქეთის თავდასხმის მოლოდინმა ქურთები აიძულა სირიის სამთავრობო ძალებისთვის მიემართათ და ქალაქზე კონტროლის აღება შეეთავაზებინათ. ამ მიმართვიდან რამდენიმე საათში სამთავრობო ძალებმა გაავრცელეს განცხადება, რომ ქალაქზე კონტროლს ამყარებდნენ. რუსეთმა ამ გადაწყვეტილებას "დადებითი ტენდენცია" უწოდა.

მეორე მხრივ, კი თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეპ ტაიპ ერდოღანმა განაცხადა, რომ ამ ეტაპზე არ გეგმავს მანბიჯზე თავდასხმას.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG