ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

აშშ-ს ბიუჯეტი 38 მილიარდი დოლარით შეიკვეცება


აშშ-ს ბიუჯეტი 38 მილიარდი დოლარით შეიკვეცება

ამერიკის კანონმდებლები ქვეყნის ბიუჯეტის 38 მილიარდი დოლარით შეკვცაზე შეთანხმდნენ. კომპრომისის მიღწევა პარასკევს ღამის 12 საათისთვის დანიშნულ ვადამდე რამდენიმე წუთით ადრე მოხდა.

შეთანხმების მიღწევასთან დაკავშირებით ამერიკის პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ შემდეგი განცხადება გააკეთა:

„ეს შეთანხმება, რომელიც დემოკრატებსა და რესპუბლიკელებს შორის იქნა მიღწეული, ამერიკელი ხალხის ინტერესებს ემსახურება. ბიუჯეტი მომავალში ინვესტირებაა, მაგრამ აღნიშნული შეკვეცა ამერიკის ისტორიაში ყველაზე დიდია. ისევე როგორც ყველა სხვა კომპრომისის დროს, ორივე მხარეს მნიშვნელოვან დათმობებზე მოუწია წასვლა. ეს ჩემს გადაწყვეტილებასაც ეხება. იმ პრორამების ნაწილი, რომლის შეკვეცაზეც შევთანხმდით, საზოგადოებაზე მტკივნეულად აისახება. შემცირდება ისეთი პროგრამები, რომლებზეც ადამიანების გარკვეული ფენა ყოველდღიურადაა დამოკიდებული. ასევე, შეფერხდება ინფრასტრუქტურის სამშენებლო პროექტები. ბიუჯეტის ასეთი შეკვეცა ჩემთვის მიუღებელი იქნებოდა ვითარება ასეთი დაძაბული რომ არ ყოფილიყო. ერთადერთი გზა, რომელიც ჩვენი შვილების მომავალსა და მათ განთლებაში ინვესტიციების ჩადებაში, მნიშვნელოვანი სამედიცინო კვლევების ჩარტარებასა და სუფთა ენერგიის შემუშავებაში დაგვეხმარება, ჩვენს ხელთ რეალურად არსებული შესაძლებლობების გამოყენება იქნება. ჩვენ ის ინვესტიციები დავიცავით, რომლებიც საუკეთესო მომავლის მოწყობაში დაგვეხმარება.“

წამომადგენელთა პალატის სპიკერი ჯონ ბეინერის განცხადებით, კონგრესმა გრძელი საბიუჯეტო ბრძოლა გამოიარა, მაგრამ ეს შეკვეცა აუცილებელი იყო ამერიკაში სამუშაო ადგილების შესაქმნელად და ეკონომიკის გასაუმჯობესებლად ახალი გზების დასასახად:

„მე მოხარული ვარ, რომ სენატორმა რიდმა და თეთრმა სახლმა კომპრომისზე წასვლა გადაწყვიტეს. ამ გადაწყვეტილების წყალობით, ამერიკის მთავობა მუშაობას არ შეწყვეტს.“

წარმომადგენელთა პალატამ ამერიკის დროებითი ბიუჯეტი ერთი კვირით გააგრძელა, რაც კანონმდებლებს ბიუჯეტის შეკვეცის დეტალების შესათანხმებლად და კანონპროექტის ტექსტის შესადგენად საკმარის დროს მისცემს. სპიკერი ბეინერის თქმით, ბიუჯეტის შეკვეცა აუცილებელი იყო ქვეყანაში ახალი სამუშაო ადგილების შესაქმნელად.

მოლაპარაკებების დასრულების შემდეგ კომენტარი სენატის უმრავლესბობის ლიდერმა ჰარი რიდმაც გააკეტა. მისი თქმით დათმობებზე წასვლა საკმად მტკივნეული, მაგრამ ქვეყნის კეთილდღეობისთვის აუცილებელი იყო:

„ჩვენ ვთანხმდებით, რომ ბევრი პროგრამაა ისეთი, რომელიც მომავალში უნდა შეიკვეცოს. ჩვენ ეს კარგად გვესმის. ჩვენ ამერიკის ფინანსური საქმეების მოწესრიგება გვევალება. თუ ამერიკელები ყოველდღიურად აწყდებიან სირთულეებს მძიმე ეკონომიკური მდგომარეობის გამო, მათი განსაცდელი ჩვენ, მათმა ლიდერებმაც უნდა გავიზიაროთ. ეს 100-ვე სენატორისა და წარმომადგენელთა პალატის 435-ვე კონგრესმენს ეხება.“

პრეზიდენტმა ობამამ დროებითი ბიუჯეტის გაგრძელების კანონს ხელი უკვე მოაწერა. საბოლოო ბიუჯეტის კანონპროექტზე კენჭისყრა შუა კვირისთვისაა დაგეგმილი.

მიუხედავად იმისა, რომ ერთი საბიუჯეტო დავა თითქმის დასრულდა, ექსპერტები მორიგი საკანონმდებლო კრიზისისთვის ემზადებიან. ცოტა ხანში კონგრესი ამერიკის ვალის მაქსიმალურ ზღვარს დაადგენს. მიმდინარე კანონის თანამხად, ქვეყნის მთავრობას 14.3 ტრილიონ დოლარზე მეტი ვალის აღების უფლება არ აქვს. ამერიკის მთავრობის ვალი დადგენილ მაქსიმალურ ზღვარს 16 მაისს მიაღწევს.

ექსპერტები ვარაუდობენ, რომ 2012 წლის ბიუჯეტი და ვალის მაქსიმალური ზღვრის დადგენა გაცილებით მწვავე და გრძელი პროცესი იქნება, ვიდრე 2011 წლის ბიუჯეტის შეკვცა იყო.

XS
SM
MD
LG