ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

აშშ-ში ბიუჯეტის შესახებ დებატები გრძელდება


აშშ-ში ბიუჯეტის შესახებ დებატები გრძელდება

პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ ამერიკელ ხალხს სამოქმედო გეგმა წარუდგინა

მზარდ ეროვნულ დავალიანებასთან და ფედერალური ბიუჯეტის დეფიციტთან დაკავშირებული პოლიტიკური დებატები ოთხშაბათს ახალი მიმართულებით განვითარდა, როცა შეერთებული შტატების პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ ამერიკელ ხალხს სამოქმედო გეგმა წარუდგინა, რომელიც მომდევნო რამდენიმე წლის მანძილზე სახელმწიფო დანახარჯების ტრილიონობით დოლარით შემცირებას ითვალისწინებს. კონგრესის რესპუბლიკელი წევრები პრეზიდენტის გეგმის საპირისპიროდ ალტერნატიული ზომების პაკეტს სთავაზობენ, რომელიც აგრეთვე საბიუჯეტო დანახარჯების შემცირებას ისახავს მიზნად. როგორც მოსალოდნელია, მომავალი წლის საპრეზიდენტო არჩევნების კამპანიის დაწყებამდე მთავრობის შემცირებასთან დაკავშირებული დებატები ამერიკაში შიდა პოლიტიკური დისკუსიების მთავარი საგანი დარჩება, იუწყება ვაშინგტონიდან ამერიკის ხმის კორესპონდენტი ჯიმ მალონი.

პრეზიდენტ ობამას მიდგომა ეროვნული დავალიანების შემცირებას დანახარჯების შეკვეცით, მდიდარი ამერიკელების გადასახადების გაზრდითა და ხანდაზმული ამერიკელებისთვის განკუთვნილი სახელმწიფო ჯანდაცვის პროგრამის „მედიქეირით“ განსაზღვრული ხარჯების შემცირებით ისახავს მიზნად.

„ჩვენი ფისკალური გამოწვევის დასაძლევად რეფორმების გატარება მოგვიხდება. თითოეული ჩვენთაგანისგან გაკრვეული თავგანწირვა იქნება საჭირო. მაგრამ ის ამერიკა, რომლისაც ჩვენ გვჯერა, არ უნდა გავწიროთ. ვიდრე მე ქვეყნის პრეზიდენტი ვარ, ეს არ მოხდება,“ განაცხადა პრეზიდენტმა ობამამ ოთხშაბათს გამოსვლისას.

ობამას გეგმა შემდეგი 12 წლის მანძილზე პროგნოზირებული საბიუჯეტო დეფიციტის 4 ტრილიონი დოლარით შემცირებას ითვალისწინებს.

შეერთებული შტატების კონგრესში რესპუბლიკელებმა დეფიციტის შემცირების საკუთარი სამოქმედო გეგმა შეიმუშავეს, რომელიც შემდეგი 10 წლის მანძილზე ეროვნული დავალიანების 5 ტრილიონი დოლარით შემცირებას ითვალისწინებს. თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ ორი სამოქმედო გეგმა ერთმანეთისგან მნიშვნელოვნად განსხვავდება.

რესპუბლიკელების მიერ შემოთავაზებული გეგმა უფრო სახელმწიფო დანახარჯების შემცირებაზეა ფოკუსირებული და „მედიქეირის“ ხანდაზმულთა ჯანდაცვის პროგრამაში მნიშვნელოვანი ცვლილებების შეტანას ითვალისწინებს. კერძოდ, რესპუბლიკელებს სურთ, რომ „მედიქეირის“ პროგრამით დაზღვეულმა პირებმა საკუთარი ჯანდაცვის უზრუნველსაყოფად უფრო მეტი ფინანსური ხარჯები გაიღონ.

კიდევ ერთი მნიშვნელოვანი სხვაობა გადასახადების საკითხს ეხება. პრეზიდენტ ობამას სურს, რომ ბუშის ადმინისტრაციის დროინდელი მდიდარი ამერიკელებისთვის დაწესებული საგადასახადო შეღავათების მოქმედების ვადა ამოიწუროს, მაშინ როცა რესპუბლიკელები გადასახადების გაზრდის წინააღმდეგ გამოდიან.

ამასთან დაკავშირებით წარმომადგენელთა პალატის რესპუბლიკელმა სპიკერმა კონგრესმენმა ოჰაიოს შტატიდან ჯონ ბეინერმა აღნიშნა:

„ჩვენ არ უნდა დავაწესოთ გადასახადები იმ პირებზე, რომლებისგანაც ეკონომიკაში ინვესტიციების დაბანდებასა და ახალი სამუშაო ადგილების შექმნას ველით. ვაშინგტონში დანახარჯების პრობლემა შეინიშნება და არა შემოსავლების.“

აღსანიშნავია, რომ გასულ კვირას რესპუბლიკელებმა, დემოკრატებმა და პრეზიდენტმა ობამამ ფედერალური მთავრობის დახურვა თავიდან აიცილეს და მიაღწიეს შეთანხმებას, რომელიც 2011 წლის ფედერალურ ბიუჯეტში დანახარჯებს 38.5 მილიარდი დოლარით შეამცირებს.

მაგრამ 2012 წლის ბიუჯეტის შედგენასთან დაკავშირებული დებატები ჯერ კიდევ წინ არის. ამერიკელმა კანონმდებლებმა და აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლებმა უნდა მიაღწიონ შეთანხმებას, რომელიც ეროვნულ დავალიანებას ტრილიონობით დოლარით შეამცირებს. აღსანიშნავია, რომ ამჟამად შეერთებული შტატების ეროვნული დავალიანება 14 ტრილიონზე მეტ დოლარს აღწევს.

პოლიტიკური მიმომხილველები აღნიშნავენ, რომ მომდევნო რამდენიმე თვის მანძილზე ბიუჯეტის დეფიციტის შემცირების მიმართ ორი პოლიტიკური პარტიის ერთმანეთისგან რადიკალურად განსხვავებული მიდგომა უფრო გამოაშკარავდება. დემოკრატებსა და რესპუბლიკელებს შორის გაჩაღებულ პოლიტიკურ დებატებში ცენტრალური მთავრობის როლთან დაკავშირებული მსოფლმხედველებობების დაპირისპირება აისახება.

XS
SM
MD
LG