ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

დაეხმარება თუ არა აშშ ლიბიას?


Libyan President Mohammed el-Megarif

საგარეო დახმარებაზე დებატები 6 ნოემბრის საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ განახლდება

რამდენად კანონზომიერია, ამერიკამ დახმარების აღმოჩენა გააგრძელოს ლიბიის, ეგვიპტის, პაკისტანის მიმართ მაშინ, როცა ამ ქვეყნებში ანტი-ამერიკული განწყობები იზრდება. კაპიტოლიუმიდან „ამერიკის ხმის" კორესპონდენტი, სინდი სეინი მოგვითხრობს.

ამ დღეებში, კონგრესში გამართული ბრიფინგების დროს, ამერიკის სახელმწიფო მდივანსა და ეროვნული უშიშროების მეთაურს სწორედ ამ საკითხების განხილვა მოუხდათ.

ამერიკის წარმომადგენელთა პალატისა და სენატის წევრებმა მუსლიმურ ქვეყნებში განვითარებული ბოლოდოინდელი მოვლენები შეაფასეს და ადმინისტრაციას დახმარების პოლიტიკის გადახედვა თხოვეს. კონგრესში გამართულ შეხვედრებს დაემთხვა თეთრი სახლის განცხადების გახმოვანებაც, სადაც პრეს-სპიკერმა, ჯეი კარნიმ ლიბიაში მომხდარ თავდასხმას ამერიკის საკონსულოზე ტერორისტული აქტი უწოდა.

რესპუბლიკელი კონგრესმენი, ჰოვარდ მაკეონი, რომელიც პალატის შეიარაღებული ძალების კომიტეტს ხელმძღვანელობს, ეთანხმება ამ განცხადებას და დარწმუნებულია, რომ ლიბიაში მომხდარი ინციდენტი წინასწარ დაგეგმილი ტერორისტული თავდასხმა იყო.

„ალ-ყაიდას სახელი გაისმა და ვფიქრობ, რომ სწორედ ამ ტერორისტული დაჯგუფების კვალს მივაგნებთ ამ ინციდენტის გამოძიების დასასრულს,“ - განაცხადა მან.

ბენღაზიში მომხდარი მოვლენების არაერთგვაროვანი დახასიათების გამო, რესპუბლიკელი კანონმდებლების ერთმა ნაწილმა ობამას ადმინისტრაცია გააკრიტიკა.

დემოკრატიული პარტიის წევრებმა ამ დროს ახალი გარემოებების შესახებ მოპოვებული ფაქტები დაიმოწმეს და დაადასტურეს, რომ თავდასხმის გამოძიებას გამოძიების ფედერალური ბიურო აგრძელებდა.

დემოკრატი კონგრესმენი, ადამ სმითი, „ამერიკის ხმის" კორესპონდენტს უცხადებს, რომ გამოძიება ჯერ კიდევ ბევრ დეტალს სწავლობს. ამ დეტალებში ყველაზე მთავარი კი ინციდენტის ორგანიზატორების მიკვლევაა. თუმცა, არანაკლებ მნიშვნელოვანია მსგავსი თავდასხმების თავიდან აცილება.

ბრიფინგამდე ადრე, სახელმწიფო მდივანი კლინტონი ამბობდა, რომ ამერიკა ახალი გამოწვევების წინაშე იდგა ახლო აღმოსავლეთის ქვეყნებში. თუმცა, მან კანონმდებლებს მკაფიო არგუმენტი წარუდგინა რეგიონში ამერიკის ჩართულობის გაგრძელების მხარდასაჭერად.

სახელმწფო მდივანმა აღნიშნა, რომ ახლო აღმოსავლეთის მოსახლეობას ტირანია იმიტომ არ დაუმხია, რომ ძალაუფლება ბრბოს გადააბაროს. შესაბამისად, ამერიკის შეშფოთების საგანი, ამ ქვეყნებში დიპლომატიური წარმომადგენლობის თანამშრომლების უსაფრთხოებასთან ერთად, შიდა პოლიტიკური სიტუაციაა.

კონგრესმენების ნაწილი ფიქრობს, რომ ეგვიპტისა და სხვა ქვეყნების ლიდერებმა კარგად უნდა გააცნობიერონ, რომ სანამ ამერიკის დახმარების გაგრძელება გადაწყდება, ამ ქვეყნებში მყოფი ამერიკის მოქალაქეებისა და კერძო საკუთრების დაცვა უზრუნველყოფილ უნდა იქნას.

ამასთან, ამერიკელი კონგრესმენების აღშფოთება ორივე პარტიიდან გამოიწვია იმ ფაქტმა, რომ ეგვიპტის პრეზიდენტს 24 საათი დასჭირდა ეგვიპტეში ამერიკის საელჩოსთან მომხდარი საპროტესტო აქციის დასაგმობად. მიუხედავად ამ იმედგაცრუებისა ეგვიპტის ახალი ლიდერით, კონგერსმენებმა ეგვიპტისადმი საგარეო დახმარების გაგრძელების პირობა დადეს.

წარმომადგენელთა პალატის წევრთა უმრავლესობა და სენატორების დიდი ნაწილი, საარჩევნო კამპანიის მიზნით, მიმდინარე კვირის ბოლოს საკუთარ შტატებში ბრუნდება, ამიტომაც საგარეო დახმარებაზე დებატები 6 ნოემბრის საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ განახლდება.
XS
SM
MD
LG