ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

გაეროს ახალი ანგარიში უკრაინაში მიმდინარე დარღვევებზე საუბრობს


გაეროს მოხსენებაში, უკრაინის წინაშე მდგარი კრიზისის გამომწვევ მთავარ მიზეზებზეა ყურადღება მიპყრობილი. ქვეყანაში ამჟამად მიმდინარე მშფოთვარე მოვლენები, ფართოდ მოდებულ კორუფციას და ეკონომიკურ უთანასწორობას, უშიშროების ძალების მიერ ადამიანის უფლებების დარღვევებზე პასუხისმგებლობის არქონას და კანონის უზენაესობის სისუსტეს ბრალდება.
გაეროს ადამიანის უფლებათა ოფისი ამბობს, რომ უკრაინის დედაქალაქ კიევში, ნოემბერში გამართული უმეტესწილად მშვიდობიანი საპროტესტო დემონსტრაციები, „ბერკუტის" და უშიშროების სხვა დანაყოფების მიერ გადამეტებული ძალის გამოყენების გამო, ძალადობრივ ფორმაში გადავიდა და რადიკალიზაცია განიცადა.
მოხსენებაში ნათქვამია, რომ გამოსვლების დროს 121 ადამიანი, ძირითადად დემონსტრანტი, დაიღუპა. აქ ასევე წამების და ცუდი მოპყრობის უამრავი შემთხვევაა მოყვანილი. გაეროს გამომძიებლები ამბობენ, რომ მაიდანის პროტესტთან დაკავშირებული დარღვევები უნდა გამოიძიონ და დამნაშავენი დასაჯონ.
ჯიანი მაგაზენი გაეროს ადამიანის უფლებათა ოფისის ამერიკის, ევროპის და ცენტრალური აზიის განყოფილებას ხელმძღვანელობს. ის ამბობს, რომ უკრაინაში ვითარების ამჟამინდელი რღვევა, საერთაშორისო ნორმების და კანონის უზენაესობის უპატივცემულობის გამო ხდება. ის ამბობს, რომ მთავრობამ კარგი მმართველობა და უმცირესობათა უფლებების დაცვა უნდა უზრუნველყოს.
„ერთი საკითხი, რაზეც უმაღლესი კომისრის პრეს-რელიზშია საუბარი, არის არასწორი ინფორმაციის, პროპაგანდის და სიძულვილისაკენ მოწოდების არდაშვება. რა თქმა უნდა, თუ არსებობს განსხვავებული თვალსაზრისები და ინტერპრეტაციები იმის შესახებ, თუ რა ხდება ადგილზე, არსებობს იმის შესაძლებლობა, რომ ამან საფრთხის დონე და ძალადობის პოტენციალი, ასევე ადამიანის უფლებების საერთაშორისო ნორმებისადმი უპატივცემულობა გაზარდოს."
სამშაბათს გამოქვეყნებული მოხსენება იმ ინფორმაციას ეფუძნება, რომელიც გაეროს გენერალური მდივნის თანაშემწემ ადამიანის უფლებათა დარგში, ივან სიმონოვიჩმა და გაეროს ადამიანის უფლებათა დამკვირვებელთა ჯგუფმა მარტის თვეში, უკრაინაში ორი მისიის დროს მოიპოვა.
დამკვირვებლებმა იმ აქტივისტების და ჟურნალისტების წინააღმდეგ მიმართული დაშინების, უმიზეზო დაპატიმრების და წამების დამაჯერებელი ბრალდებები აღმოაჩინეს, რომლებიც რუსეთის მიერ ყირიმის ანექსიისთვის, 16 მარტს ჩატარებულ რეფერენდუმს ეწინააღმდეგებდა.
მოხსენებაში ასევე გაკრიტიკებულია სადავო რეგიონში გამოხატვის თავისუფლების, შეკრების თავისუფლების და სხვა საკვანძო უფლებების არარსებობა.
გამომძიებლებმა აღნიშნეს, რომ აღმოსავლეთ უკრაინაში, სადაც დიდი რაოდენობის რუსული უმცირესობა ცხოვრობს, ვითარება განსაკუთრებულად დაძაბულია. მაგეზანიმ ამერიკის ხმას უთხრა, რომ მთავრობის გადაწყვეტილება, აღმოსავლეთ და სამხრეთ უკრაინაში რუსული ენის რეგიონალური სტატუსი გაეუქმებინა, შეცდომა იყო. მან თქვა, რომ პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა, ეს პრობლემა კანონპროექტზე ვეტოს დადებით გადაწყვიტა.
„უკრაინის მთავრობა ყველაფერს აკეთებს, რაც ადამიანის უფლებების საკითხების მოსაგვარებლადაა საჭირო და ცდილობს ქვეყანა 25 მაისის არჩევნებისთვის მოამზადოს. ვიმედოვნებთ, რომ ეს არჩევნები თავისუფალი და სამართლიანი იქნება და კიდევ უფრო განამტკიცებს მათ შესაძლებლობებს იმისთვის, რომ 2004 წლის კონსტიტუციის თანახმად და ადამიანის უფლებათა საერთაშორისო მოთხოვნების შესაბამისად იმუშაონ."
სხვა რეკომენდაციებთან ერთად, გაეროს მოხსენება ყველა იმ პირის პასუხისმგებლობის საკითხის დაყენებისკენ მოუწოდებს, რომლებმაც არეულობის დროს, ადამიანის უფლებები დაარღვიეს. მოხსენებაში ნათქვამია,რომ ყველა მოქალაქეს უნდა ჰქონდეს საზოგადოებრივ საქმეებში და პოლიტიკურ ცხოვრებაში თანასწორი მონაწილეობის უფლება.
XS
SM
MD
LG